მარკო ჰუკმა კარიერაში მეცხრედ დაიცვა ტიტული

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე გერმანიაში გაიმართა პირველ მძიმე წონაში WBO-ს ვერსიით საჩემპიონო ბრძოლა.

ბოსნიური წარმოშობის გერმანელი, 27 წლის მარკო ჰუკი ტიტულს იცავდა ამავე წონაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონთან, 42 წლის ფირატ არსლანის წინააღმდეგ.

ბრძოლის შემდეგ მსაჯებმა მეტად საეჭვო გადაწყვეტილება მიიღეს. შეხვედრა მაღალ ტემპში მიმდინარეობდა.

არსლანი მთელი ბრძოლის განმავლობაში პრესინგს ახორციელებდა, მეტოქეზე უფრო აქტიური იყო და ხშირად იმწყვდევდა ჰუკს ბაგირებთან, რითაც ფავორიტს თავისუფალი მოქმედების საშუალებას უსპობდა.

მიუხედავად ამისა, სამივე მსაჯმა უპირატესობა გერმანელს მიანიჭა - 117:111, 115:113, 115:113.

მარკო ჰუკმა კარიერაში მეცხრედ დაიცვა ეს ტიტული.

* * *
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე, 35 წლის ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი თავის უახლოეს მეგობარსა და ბიზნეს-პარტნიორს, ცნობილ რეპერს 50 Cent-ს წაეჩხუბა.

შეგახსენებთ, რომ მუსიკოსმა დააარსა პრომოუტერული კომპანია TMT და ვარაუდობდნენ, რომ მეივეზერის კარიერას სწორედ კომპანია მიხედავდა, მაგრამ ძალიან მალე მოკრივესა და რეპერს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

ამიტომაც მეივეზერი დაბრუნდა თავის მრავალწლიან პარტნიორთან - პრომოუტერულ კომპანია Golden Boy-სთან. ამის შემდეგ 50 Cent-მა გამოწვევა ესროლა ამერიკელ მოკრივეს და მას კუბელ იურიორკის გამბოასთან ჩხუბი შესთავაზა; აგრეთვე, დაადანაშაულა ფლოიდი იმაში, რომ ის გაურბის მენი პაკიაოსთან შეხვედრას.

"გამბოას უნდა ფლოიდთან ჩხუბი. გამარჯვებულს დამატებით 20 მილიონს გადავუხდი. გამბოა - ხუმრობა საქმე არ არის და ფლოიდმა იცის ეს. მან ისიც იცის, რომ არ ღირს ჩემს წინააღმდეგ წასვლა. არ შემიძლია ვიმყოფებოდე ფლოიდის გვერდით, რადგან დავიღალე იმის ყურებით, როგორ გაურბის ის მენი პაკიაოს", - დაწერა 50 Cent-მა.

მეივეზერმა "ტვიტერით" უპასუხა რეპერს. ცნობილია, რომ 2000 წელს 50 Cent-ს თავს დაესხნენ და მას ცხრა ტყვია მოხვდა. იმ ეპიზოდის გახსენებისას ფლოიდმა შემდეგი დაწერა: "პატივს ვცემ მსროლელს და არა იმას, ვისაც ტყვიები მოხვდა".

50 Cent-ის პასუხმაც არ დააგვიანა: "შეიძლება პატივი სცე მსროლელს. ის უკვე მკვდარია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული