კრივის საერთაშორისო ფედერაციამ (IBF) სუპერმძიმეწონოსანთა ტურნირის ორგანიზაციის შესახებ გამოაცხადა. ამ შეჯიბრმა უნდა გამოავლინოს ოფიციალური პრეტენდენტი, რომელიც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, უკრაინელ ვლადიმერ კლიჩკოს შეხვდება.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებს ოთხი მოკრივე - პირველ მძიმე წონაში სხვადასხვა ვერსიებით მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ფრანგი ჟან-მარკ მორმეკი, ამერიკელი ჯონათან ბენქსი, უკრაინელი ალექსანდრ დიმიტრენკო და რუსი დენის ბოიცოვი. უკვე ყველას გაუგზავნეს IBF-ის ოფიციალური წინადადება.
დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ამ შესარჩევი ტურნირის გამარჯვებული უარს არ იტყვის ვლადიმერთან შეხვედრაზე და არ განმეორდება 2007 წლის სიტუაცია, როცა ანალოგიურ ტურნირში
თუმცა მომავალი ტურნირის შემადგენლობა არც ისე ძლიერია. ავიღოთ მაგალითად, 28 წლის ბენქსი, რომელმაც პროფესიულ რინგზე 27 ბრძოლა ჩაატარა და 25 გამარჯვება მოიპოვა. თუმცა კარიერის დიდი ნაწილი პირველ მძიმე წონაში გამოდიოდა. ამერიკელი ნელია, მძიმე და არ გააჩნია ძლიერი დარტყმა. ბენქსი ტურნირზე მხოლოდ 38 წლის ფრანგი მორმეკის დამარცხებას თუ შეძლებს.
სხვათა შორის, მორმეკი უკვე განიხილებოდა კლიჩკოს გუნდში ერთ-ერთ სავარაუდო პრეტენდენტად, მაგრამ მხარეები ფასზე ვერ შეთანხმდნენ. მორმეკმა ბოლო სამი წლის განმავლობაში მხოლოდ სამი ბრძოლა ჩაატარა - მოუგო ფრეს ოკენდოსა და ვინი მადალონეს, მაგრამ სასტიკი მარცხი იწვნია ბრიტანელი დევიდ ჰეისგან. მორმეკის შანსები კლიჩკოს წინააღმდეგ ნულის ტოლია, რადგან რთული წარმოსადგენია რა უნდა მოიმოქმედოს 181 სანტიმეტრი სიმაღლის მძიმეწონოსანმა უკრაინელი ჩემპიონის წინააღმდეგ. ერთადერთი სპარინგ-პარტნიორად თუ გამოდგება.
28 წლის ალექსანდრ დიმიტრენკო ფიზიკური თვალსაზრისით ყველაზე ძლიერია პრეტენდენტებს შორის. ის გაბარიტებით კლიჩკოსაც კი აღემატება. უკრანელს პროფესიონალებში 31 ბრძოლიდან მხოლოდ ერთი წაგება აქვს - 2009 წლის აპრილში ჩემბერსის წინააღმდეგ საბრძოლველად გავიდა და დამარცხდა ისე, რომ წარმატების მინიმალური შანსი არ ჰქონია. ასე რომ, დიმიტრენკომ ჩააგდო ერთადერთი ბრძოლა ტოპ-მოკრივესთან. გიგანტი უკრაინელი უკვე ხუთი წელია აღარ პროგრესირებს და ბოლო დროს იმავე ძმები კლიჩკოების ბრძოლების "ანდერქარდზე" გამოდის.
24 წლის რუს დენის ბოიცოვს პროფესიულ რინგზე 27-დან 27 მოგება აქვს, აქედან 22-ჯერ ნოკაუტით გაიმარჯვა. მაგრამ მის აქტივში ჯერჯერობით არ არის არც ერთი ბრძოლა რეალურად ძლიერ მოკრივესთან. რუსს ძლიერი დარტყმა გააჩნია და ნებისმიერის წაქცევა შეუძლია. ოღონდ ის მეტად სწორხაზოვნად მოქმედებს და ასეთი რამ კლიჩკოსთან ბრძოლაში არ გაუვა. ბოიცოვი მეოთხეა IBF-ის რეიტინგში და საჩემპიონო ბრძოლამდე მიღწევის ყველა კარგი შანსი აქვს.
* * *
როგორც ვთქვით, მეტოქეთა დონე არც ისე მაღალია, მაგრამ ვლადიმერს განსაკუთრებული არჩევანი არ გააჩნია. თუ IBF-ის რეიტინგის პირველ ათეულს გადავხედავთ, ამ სიიდან მას უკვე არაერთი ჰყავს ნოკაუტით დამარცხებული. ჩემბერსი, პიტერი, ჩაგაევი... რჩებიან ბოიცოვი, დიმიტრენკო, მორმეკი, არეოლა და ადამეკი. ინდიელმა არეოლამ ერთი წლის წინ გარისკა და ვიტალი კლიჩკოს წინააღმდეგ საბრძოლველად გავიდა, 10 რაუნდი გაუძლო და ბრძოლა შეწყვიტა. სავარაუდოდ, რომ უმცროს კლიჩკოსთან მიმართებაშიც იგივეს უნდა ველოდოთ. ტომაშ ადამეკი, რომელმაც 43 ბრძოლაში მხოლოდ ერთი წააგო (2007 წელს), რეპუტაციას, რეიტინგში ადგილსა და ჯანმრთელობას ურთხილდება. მას რინგზე ვიტალიც და ვლადიმერიც იწვევდნენ, მაგრამ პოლონელმა უარი თქვა.
დიდ როლს თამაშობს ფინანსური ფაქტორი. მაგალითად, ზელანდიელმა დევიდ ტუამ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ვლადიმერ კლიჩკომ მხოლოდ 400 ათასი დოლარი შესთავაზა. მაგრამ რამდენი უნდა შეეთავაზებინა უკრაინელს მოკრივისთვის, რომელიც საღი გონებით არ გამოირჩევა, ზედმეტი წონა აწუხებს, საგადასადო პრობლემები აქვს და არ შედის წამყვანი ორგანიზაციების საუკეთესო ათეულში?!
მოკლედ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ სუპერმძიმე წონითი კატეგორია აშკარა კრიზისს განიცდის და ამაში "დამნაშავეები" ძმები კლიჩკოები არიან, რომლებიც ამ ეტაპზე ერთი თავით მაღლა დგანან თავიანთ მეტოეებზე.
P. S. გუშინ, ძმები კლიჩკოების პრომოუტერული კომპანიის წარმომადგენელმა ბერნდ ბენტემ დაადასტურა, რომ ვლადიმერის მორიგი მეტოქე 26 წლის ბრიტანელი მოკრივე დერეკ ჩისორა იქნება.
"ვიცი, რომ დერეკ ჩისორა სახიფათო მოწინააღმდეგეა, - ამბობს 34 წლის უკრაინელი ჩემპიონი. - ის ახალგაზრდაა, სწრაფი, ძლიერი დარტყმა აქვს. ჩემი მწვრთნელი ემანუელ სტიუარდი მირჩევს სერიოზულად მოვეკიდო მომავალ ბრძოლას. მან გამახსენა დიადი მუჰამედ ალის მაგალითი, რომელმაც 1978 წელს ტიტული ლეონ სპინქსს დაუთმო, არადა ეს უკანასკნელი მხოლოდ მერვე ბრძოლას ატარებდა პროფესიულ რინგზე. მწვრთნელის რჩევას გავითვალისწინებ. ჩემი მზადება ისევე ინტენსიური იქნება, როგორც ყოველთვის და ვეცდები ჩისორას მინიმალური შანსიც არ მივცე".
ბრძოლა 11 დეკემბერს გერმანიის ქალაქ მანჰაიმში SAP Arena-ზე გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"