5.3 მილიონი ევრო ვლადიმერ კლიჩკოს

AutoSharing Option
სუპერმძიმე კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონმა, უკრაინელმა ვლადიმერ კლიჩკომ 5.3 მილიონი ევრო გამოიმუშავა პოლონელ მარიუშ ვახთან ბრძოლაში. ამის შესახებ გერმანული პრესა წერს.

კერძოდ, კლიჩკომ გერმანული ტელეარხისგან - RTL-ისგან მიიღო 3 მილიონი ევრო, ბილეთების რეალიზაციიდან წილმა 800 ათასი ევრო შეადგინა, ერთი მილიონი მიიღო სპონსორებისგან და კიდევ 500 ათასი ევრო - რინგზე რეკლამის განთავსებისგან.

ამასობაში ვახის ჰონორარმა დაახლოებით 800 ათასი ევრო შეადგინა. აქედან 650 ათასი - ეს არის ფული გერმანული ტელევიზიისგან, დანარჩენი - სპონსორული ბონუსები და შემოსავალი პოლონეთში ბრძოლის ტრანსლირების უფლების რეალიზაციიდან.

შეგახსენებთ, რომ
10 ნოემბერს კლიჩკომ გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მსაჯების ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა მარიუშ ვახი.

* * *
იმავე სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ტიტულის ყოფილი პრეტენდენტი - 28 წლის ბრიტანელი დერეკ ჩისორა აქტიურ სპორტულ კარიერას ასრულებს.

ამის შესახებ მან ერთ-ერთი სოციალური ქსელის მეშვეობით გამოაცხადა. ჩისორას მრჩეველი, ცნობილი პოლონელი საფეხბურთო მენეჯერი ეჟი კოპეცი კი მიიიჩნევს, რომ ეს არ არის სპორტსმენის საბოლოო გადაწყვეტილება.

"გასულ კვირას, ჩვენ ჰამბურგში უნდა ჩავსულიყავით კლიჩკოსა და ვახის ბრძოლაზე დასასწრებად, მაგრამ დერეკმა თქვა, რომ კრივს შეეშვა. ის ამ გადაწყვეტილებაზე ორი თვის განმავლობაში ფიქრობდა. მე ამას ვერ დავარქმევდი კარიერის დასრულებას - ეს უფრო არის გარკვეული დროით პაუზის აღება", - ამბობს მენეჯერი.

ამასთან, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩისორას ბოლომდე კრივისადმი ინტერესი არ დაუკარგავს: დერეკი თავის პროფაილში კომენტარს უკეთებს კრივის სამყაროს სიახლეებს; ასევე, მან ვერ მოითმინა და კომენტარი გაუკეთა თავისი ყოფილი მეტოქის - დევიდ ჰეის გადაწყვეტილებას, რომ ჯუნგლებში მონაწილეობა მიეღო რეალითი-შოუში.

"მისთვის გაცილებით საინტერესო უნდა იყოს ჯუნგლებში ცხოველებთან დროის გატარება", - დაწერა ჩისორამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული