ვიტალი კლიჩკომ ასთმიან ამერიკელს ქულებით მოუგო

AutoSharing Option
უკრაინელმა ვიტალი კლიჩკომ სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაიცვა. მან ჰამბურგში ქულებით დაამარცხა ამერიკელი შენონ ბრიგსი.

ვიტალიმ ვერ შეძლო მეტოქის ნოკაუტში გაგზავნა, თუმცა მის უპირატესობაში ეჭვი არავის შეპარვია. სამივე მსაჯმა გამარჯვება უკრაინელს მიანიჭა - 120:107, 120:105, 120:107. ახლა უფროსი კლიჩკოს ანგარიშზე 41 გამარჯვება და ორი მარცხი მოდის. შთამბეჭდავი სტატისტიკაა, თუმცა ჩემპიონის მომავალი კარიერა მაინც ბუნდოვანი ჩანს - სულ უფრო მცირდება ძმებ კლიჩკოებთან შეხვედრის მსურველთა რიცხვი.

39 წლის ვიტალისა და 38 წლის შენონის ბრძოლის შესახებ აგვისტოს შუაში გახდა ცნობილი. ამერიკელის
მენეჯერმა ივაილო გოტცევმა ძალიან სწრაფად მიაღწია შეთანხმებას უკრაინელების პრომოუტერულ კომპანიასთან. საერთოდ, ბულგარელს კარგად გამოსდის თავისი მოკრივეებისთვის კლიჩკოებთან ჩხუბის "ჩაწყობა". სექტემბერში გოტცევის მეორე კლიენტი, ნიგერიელი სამუელ პიტერი ვლადიმერ კლიჩკოს შეხვდა და ფრანქფურტის რინგი საკაცით დატოვა.

ბულგარელი პრომოუტერის განმარტებით, რომ მის მოკრივეებს არ აინტერესებთ კაბალური კონტრაქტები, რომელსაც K2 Promotions სთავაზობს. მათ, პირველ რიგში, საჩემპიონო ბრძოლაში მონაწილეობის პერსპექტივა ხიბლავთ. ამიტომაც იოლდება კლიჩკოებთან მოლაპარაკება. იგივე ბრიგსი - საკმაოდ ცნობილი მძიმეწონოსანია, რომელიც აქამდე არც ერთ კლიჩკოს არ შეხვედრია. შენონი დათანხმდა მოკრძალებულ ჰონორარს - 800 ათას ევროს, არადა ის ყოფილი ჩემპიონია და ისეთ მოკრივეებთან უჩხუბია, როგორებიც არიან ჯორჯ ფორმენი, ლენოქს ლუისი და სხვები.

"ძალიან ძლიერი პრეტენდენტის წინააღმდეგ მომიწევს რინგზე გასვლა, რომელიც უკვე იყო მსოფლიოს ჩემპიონი. ბრიგსი ამ მომენტისთვის ყველაზე ძლიერი მეტოქეა მსოფლიოში. ბევრ მოკრივეს არ სურს ჩემთან და ჩემს ძმასთან ჩხუბი. ამიტომაც მადლობელი ვარ შენონის, რომელმაც მიიღო ჩვენი წინადადება. ეს ნამდვილი ბრძოლა იქნება. რამდენიმე კვირა დავხარჯე მოსამზადებლად და ვფიქრობ, რინგს გამარჯვებული დავტოვებ", - განაცხადა ბრძოლის წინ ჩემპიონმა.

ბევრმა არ მოუწონა ბრიგს არჩევანი. მაგალითად, WBA-ის ჩემპიონმა, ბრიტანელმა დევიდ ჰეიმ მომავალ ბრძოლას "არაფრისმომცემი" უწოდა.

"კლიჩკო დაამარცხებს ასთმით დაავადებულ შენონს, რომელსაც ბრძოლის წინ უბრალოდ ძალა აღარ ექნება. არ ღირს ამ ბრძოლისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება", - განაცხადა სკანდალური გამონათქვამებით ცნობილმა ჰეიმ. ამასთან, ვიტალის მორიგ შეთავაზებაზე ბრიტანელმა ისევ უარი განაცხადა.

თავად უფროსმა კლიჩკომ აღნიშნა, რომ ასთმა - კარგი საბაბი იქნება მისი მეტოქისთვის მოსალოდნელი დამარცხების გასამართლებლად.

"ბევრი მოკრივე ვიცი, ვისაც ასთმა აწუხებდა, მაგრამ მაინც გახდა ჩემპიონი. ეს არ არის საშიში დაავადება და არ ღირს შენონისგან ინვალიდის შექმნა. გადახედეთ ბრიგსის კარიერასა და მის ნოკაუტებს და მიხვდებით, რამდენად სერიოზული მეტოქეა ამერიკელი. მას დღემდე ერთ-ერთი უძლიერესი დარტყმა აქვს სუპერმძიმე კატეგორიაში. ყველაფერს გავაკეთებ ბრძოლის ვადაზე ადრე მოსაგებად, თუმცა მთელი დისტანციის გასასვლელადაც მზად ვარ", - განაცხადა ვიტალიმ.

ბრიგსმა მეტოქეს ერთობლივ პრესკონფერენციაზე უპასუხა: "ვიტალიმ თავი შეირცხვინა, როცა ასთმას მარტივი დაავადება უწოდა. ამერიკაში ასთმისგან ყოველდღიურად 13 ადამიანი იღუპება. არ მინახავს ამ ავადმყოფობით დაავადებული არც ერთი მძიმეწონოსანი, რომელიც ჩემპიონი გამხდარიყოს. ის ექიმია? ის, უბრალოდ, მასხარაა. კლიჩკო აქამდე "ტომრებს" ამარცხებდა. ნამდვილ მოკრივესთან საქმე არ ჰქონია, ამიტომაც ჯერ ვიტალის დავამარცხებ, შემდეგ კი მის ძმას მივხედავ".

სიტყვიერი ომი აწონვის ტრადიციული ცერემონიის დროს გაგრძელდა. ბრიგსმა ყველაფერი გააკეთა უკრაინელის მწყორიდან გამოსაყვანად, მაგრამ ვიტალის ერთი ზედმეტი მოძრაობა არ გაუკეთებია და ირონიულად იღიმოდა.

ბრძოლის დაწყების წინ, როცა მაიკლ ბაფერმა 14 500 მაყურებლის წინაშე წარადგინა მოკრივეები, შენონმა კლიჩკოს წინ ხტუნვა დაიწყო და მეტად სასაცილოდ გამოიყურებოდა. თუმცა ისიც აშკარად ჩანდა, რომ ამერიკელი ფორმაში იყო - მას არანაირი ზედმეტი წონა არ ჰქონდა.

თავად ბრძოლა იმ სცენარით წარიმართა, რომელიც ვიტალი კლიჩკომ თავის მწვრთნელ ფრიც ზდუნეკთან ერთად შეიმუშავა. პირველი რაუნდი ჩემპიონს საჭირო დისტანციის შესარჩევად დასჭირდა, თუმცა ერთხელ მაინც მოახერხა ორმაგი დარტყმის განხორციელება. მეორე რაუნდში უკრაინელი კიდევ უფრო გაიხსნა და ისე მოქმედებდა, როგორც საჭიროდ მიიჩნევდა. ბრიგსმა საკმარისად ბევრი დარტყმა გაატარა, მაგრამ უძლებდა და უკრაინელს ნოკდაუნის შანსი არ ჰქონია. მესამე რაუნდში ამერიკელი გააქტიურდა და რამდენჯერმე თავადაც მოარტყა ვიტალის. რაუნდი თითქოს ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ბოლოს კლიჩკოს შესანიშნავი მარჯვენა დარტყმა გამოუვიდა და ბრიგსი შეტორტმანდა. ამერიკელს გონგმა უშველა.

მეოთხე რაუნდის სტარტზე ვიტალის კინაღამ ძვირად დაუჯდა მოდუნება - მას დაავიწყდა, რომ წინ ედგა მოკრივე, რომელსაც თავისი ბრძოლების დიდი ნაწილი პირველ რაუნდში ნოკაუტით აქვს მოგებული. ამერიკელს მარჯვენა პირდაპირი დარტყმა გამოუვიდა და უკრაინელს უკან დახევა მოუწია. ამ დარტყმამ ჩემპიონი გამოაცოცხლა - უფრო მობილიზებული და აგრესიული გახდა.
მეხუთე რაუნდიდან მოყოლებული კლიჩკომ ამერიკელის დამუშავება დაიწყო. უკრაინელი ბევრად აღემატებოდა მეტოქეს სისწრაფეში, დარტყმის სიზუსტის მხრივაც ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. მართალია, ზოგ ეპიზოდში ვიტალი სწორხაზოვნად მოქმედებდა და მისი კომბინაციები იოლად იკითხებოდა, მაგრამ ბრიგსი უკვე განწირული ჩანდა. მეშვიდე რაუნდში ჩემპიონმა ტემპი გაზარდა და შენონი რამდენჯერმე სასწაულებრივ გადაურჩა წაქცევას.

ამერიკელის სეკუნდანტებს არ უცდიათ ბრძოლის ნაადრევად დასრულება. შენონიც რინგზე ბრუნდებოდა გადიოდა დარტყმების ახალი პორციის მისაღებად. ბრიგსი იდგა, კლიჩკო ურტყამდა... საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პრეტენდენტი რაუნდებს შორის შესვენებისას უკანალს ვერ უმიზნებდა სკამს.

მე-11 რაუნდში შენონმა ხელები ჩამოუშვა და უკრაინელი ყოვლად დაუცველ მეტოქეს ურტყამდა და ამ სიტუაციაში, ამერიკელმა სასწაულებრივ უპასუხა მეტოქეს მოკლე მარჯვენა დარტყმით. ამის შემდეგ ჩემპიონი ფრთხილ ტაქტიკაზე გადავიდა. ბოლო რაუნდში ვიტალის ძალიან უნდოდა ნოკაუტით გამარჯვება, მაგრამ ძალა არ ეყო, თუმცა მისი გამარჯვება ეჭვს არ იწვევდა.

ბრძოლის დასრულების შემდეგ შენონ ბრიგსი აღფრთოვანებას ვერ მალავდა იმის გამო, თუ რა ბრწყინვალე მებრძოლთან მოუწია ჩხუბი. "ბევრი დიადი მოკრივის წინააღმდეგ მომიწია გამოსვლა, მაგრამ ვიტალი საუკეთესოა. მისი დარტყმები უფრო მძიმეა, ვიდრე ფორმენის ან ლენოქს ლუისის. შემიძლია ვთქვა, რომ კარიერაში საუკეთესო ბრძოლა ჩავატარე. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეტოქეს და მის გუნდს იმ დახვედრისთვის, რომელიც გერმანიაში მოგვიწყვეს", - განაცხადა ამერიკელმა.

"დაჯერება მიჭირს, რომ ამდენი დარტყმის შემდეგაც მან წონასწორობა შეინარჩუნა და ბრძოლა ბოლომდე მიიყვანა. იყო მომენტები, როცა დარწმუნებული ვიყავი, რომ შენონის სეკუნდანტები რინგზე თეთრ პირსახოცს ისროდნენ. მაგრამ ის რინგზე ბრუნდებოდა და იბრძოდა. მეც ისღა დამრჩენოდა, მისი ცემა გამეგრძელებინა. ჩემი დღევანდელი მეტოქე დიდ პატივისცემას იმსახურებს", - განაცხადა კლიჩკომ.

თუმცა ბოლო რაუნდის დასრულებისთანავე უკრაინელს მოწინააღმდეგის მიმართ დიდი პატივისცემა არ გამოუხატავს. "აბა, მიიღე თუ არა?" - დაუყვირა ჩემპიონმა, შემდეგ რამდენიმე წრე დაარტყა რინგს და აშკარად უკმაყოფილო იყო იმით, რომ ამერიკელი წაქცევა ვერ მოახერხა.

ბრძოლის შემდეგ შენონი საავადმყოფოში წაიყვანეს. "ბრიგსს აუცილებელი გამოკვლევა სჭირდებოდა - მან რამდენიმე მძიმე დარტყმა მიიღო, - განაცხადა ექიმმა სტეფან ბოკმა. - ბრძოლის დროს ცუდად იყო, ფეხზე ძლივს იდგა, ამიტომაც გადავწყვიტეთ კლინიკაში გადაყვანა, რათა გამოგვერიცხა ტვინში სისხლის ჩაქცევა".

ბოკის თქმით, მან უკვე მეათე რაუნდში შეატყო, რომ ბრიგსის მდგომარეობა კრიტიკულთან ახლოს იყო, მაგრამ ფედერაციის წესების თანახმად, არ შეეძლო ბრძოლაში ჩარევა იქამდე, სანამ რეფერი არ მოითხოვდა რინგზე ექიმის გამოძახებას.

Klichko Management Group-ის წარმომადგენელმა ტომ ლეფლერმა განაცხადა, რომ ბრიგსის მენეჯერმა და პრომოუტერმა ბრძოლის წინ სთხოვეს WBC-ის წარმომადგენელს, არ შეეწყვიტათ ბრძოლა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამერიკელი მძიმე დარტყმებს მიიღებდა.

 


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული