დევიდ ჰეი: ვიტალი კლიჩკოსთან კონტრაქტი შეთანხმებულია

AutoSharing Option
ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, 32 წლის ბრიტანელმა დევიდ ჰეიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკვე შეთანხმებულია WBC-ის ჩემპიონთან, 41 წლის ვიტალი კლიჩკოსთან ბრძოლის კონტრაქტის დეტალები და მას მხოლოდ ხელმოწერა სჭირდება.

"არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ 2013 წელს ვიტალი კლიჩკოს ნოკაუტირებას ვაპირებ, - ამბობს ჰეი. - კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია და მხოლოდ ჩვენი ხელმოწერა აკლია.

ყველაფერი ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, უკვე ბრძოლისთვის მზადების პროცესში ვიქნებოდი. მე მგონი, არავინ იცის - აპირებს თუ არა ვიტალი კვლავ რინგზე გასვლას".

* * *

ფილიპინელი მენი
პაკიაოს მწვრთნელმა ფრედი როუჩმა თავის შეგირდს ურჩია, რინგზე დაბრუნება 2013 წლის სექტემბრამდე გადადოს. ორი კვირის წინ პაკიაომ მძიმე მარცხი იწვნია მექსიკელ ხუან მანუელ მარკესთან ბრძოლაში.

თავად პაკიაომ განაცხადა, რომ უნდა, აპრილში ან მაისში დაბრუნდეს რინგზე. ხოლო მოკრივის პრომოუტერის, ბობ არუმის თქმით, მას სურს, ორგანიზება გაუწიოს მენისა და მარკესს შორის მეხუთე ბრძოლას.

"ასეთი ნოკაუტის შემდეგ აპრილში დაბრუნება ძალიან ნაადრევი იქნებოდა, - განაცხადა როუჩმა. - ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ მომავალ ბრძოლაზე. მე მას ვუთხარი, რომ სექტემბერში დაბრუნება ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა და ის დამთანხმდა".

* * *

ამასობაში ამერიკული პრესა წერს, რომ თითქმის შეთანხმებულია ფლოიდ მეივეზერის მორიგი ბრძოლის კონტრაქტი.

WBC-ის ვერსიით ნახევრად საშუალო წონის ჩემპიონი 2013 წლის 4 მაისს შეხვდება WBC-ის ვერსიით დროებით ჩემპიონს რობერტ გერეროს. ამ უკანასკნელს "დროებითი ჩემპიონის" სტატუსი მეივეზერთან შეხვედრის უფლებას აძლევს.

თავისი ბოლო ბრძოლა გერერომ 24 ნოემბერს ჩაატარა, როცა ნახევრად საშუალო წონაში ექსჩემპიონი ანდრე ბერტო დამაჯერებლად დაამარცხა.

მეივეზერს კი გერეროსთან ბრძოლის მომენტში თითქმის ერთწლიანი პაუზა გამოუვა - მან ბოლოს 5 მაისს იჩხუბა მიგელ კოტოსთან და მას ქულებით მოუგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული