ჰეი დიდ ბრძოლას გვპირდება

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში WBA-ის ჩემპიონმა დევიდ ჰეიმ BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ბრძოლები ძმებ კლიჩკოებთან აუცილებლად გაიმართება. ამიტომაც ურჩია გულშემატკივრებს არ მიიღონ ნაჩქარევი დასკვნები მოკრივეთა განცხადებების მიხედვით.

"ბევრი ისეთი დეტალი არსებობს, რაზეც კრივის მოყვარულებს წარმოდგენა არ აქვთ, - განაცხადა ბრიტანელმა. - მოკრივეები ერთმანეთს ბრძოლაში იწვევენ, მაგრამ, როცა საქმე მიდის კონტრაქტის გაფორმებაზე, ფულის გაყოფაზე, ტელეტრანსლიაციების უფლებებსა და ბრძოლის ჩატარების ადგილზე - ფანებს ამის ამის შესახებ წარმოდგენა არ აქვთ. მათ მხოლოდ ის ესმით,
რომ ერთმა მოკრივემ მეორე გამოიწვია და მიაჩნიათ, რომ შეხვედრა
აუცილებლად გაიმართება".

"არადა, ბრძოლის ორგანიზებას ბევრი რამ სჭირდება. არსებობს უამრავი ნიუანსი, რაზეც გულშემატკივარს წარმოდგენაც არ აქვთ, - აგრძელებს ჰეი. - ამის გასააზრებლად წლებია საჭირო. ამ ყველაფერში უამრავი იურისტია ჩართული. მოკლედ, ყველაფერი რთულადაა. მაგრამ დიდი ბრძოლები ყოველთვის იმართება და ძმები კლიჩკოების წინააღმდეგ აუცილებლად გავალ რინგზე. ამ ყველაფერს უამრავი განცხადება უძღვის წინ - მათ ჩემი ეშინიათ, მე მათი მეშინია... მაგრამ ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს და მათ ნოკაუტი არ ასცდებათ".

დევიდ ჰეისთვის გასული კვირა არც ისე იღბლიანი იყო. ბრიტანელი მოკრივე ავტოავარიაში მოხვდა. დევიდი თავისი "მერსედესით" ჯერ სხვა ავტომობილს, შემდეგ კი განათების ბოძს შეეჯახა.
ჰეის ძალიან დაწყდა გული თავისი მანქანის გამო, რომელიც 80 ათასი ევრო ღირს: "ძალიან მომწონდა ეს მანქანა. ახლა ის მკვდარია!"

საბედნიეროდ, ბრიტანელს ტრავმა არ მოუღია, ასე რომ 13 ნოემბერს ის შეძლებს ტიტულის დაცვას თანამემამულე ოდლი ჰარისონის წინააღმდეგ.

პაკმენი ნოკაუტს გეგმავს
ჰეისა და ჰარისონის ბრძოლის პარალელურად გაიმართება სუპერბრძოლა მსოფლიოს საუკეთესო მოკრივის - მენი პაკიაოს მონაწილეობით. ფილიპინელის მორიგი მეტოქეა მექსიკელი ანტონიო მარგარიტო. შეხვედრას 13 ნოემბერს დალასი უმასპინძლებს.

ბრძოლის წლის პაკიაო აცხადებს, რომ მხოლოდ ნოკაუტით გამარჯვება დააკმაყოფილებს: "პირველ ორ რაუნდში შევეცდები მეტოქის ნოკაუტში გაგზავნას. მაგრამ ყველაფერი ჩემზე არ იქნება დამოკიდებული - ბევრს რამეს რინგზე შექმნილი სიტუაცია გვიჩვენებს. ფიზიკური მდგომარეობისა და სისწრაფის მხრივ ყველაფერი წესრიგში მაქვს, თუმცა ვგრძნობ, რომ კიდევ უნდა ვიმუშაო მოძრაობებზე".

გაირკვა, რომ მომავალი ბრძოლისთვის პაკიაო დაახლოებით 25 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ამის შესახებ ინტერვიუში ფილიპინელის პრომოუტერმა ბობ არუმმა განაცხადა.
"მენის გარანტირებული აქვს 15 მილიონი დოლარი - ეს ბრძოლიდან შემოსავალია. გარდა ამისა, არ უნდა დავივიწყოთ სატელევიზიო სისტემა pay-per-view-დან შემოსული თანხა. ასე რომ, პაკიაოს სავარაუდო ჰონორარი ჯამში 22-25 მილიონი იქნება", - ამბობს არუმი.

პრომოუტერის ვარაუდით, ამ ბრძოლის სანახავად დაახლოებით 1.2 მილიონი ადამიანი გადაიხდის თანხას, ეს კი პაკიაოსა და ჯოშუა კლოტის შარშანდელ ბრძოლაიში დაფიქსირებულ სატელევიზიო შემოსავალზე მეტია.

რაც შეეხება მარგარიტოს ჰონორარს, ის აუცილებლად მიიღებს 3 მილიონ დოლარს და კიდევ 4-5 მილიონის იმედი ექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთ დღეს რატომ დაამთხვიეს ეს ბრძოლები?მე პაკიაოს ყურება მირჩევნია,მსუბუქ წონაში როგორც ადრე ეხლაც მრავალი სუპერ მოკრივეა,აი მძიმე წონაში კი ნამდვილად კრიზისია,ძმები კლიჩკოების გარდა არც ერთი ღირეული სპორცმენი არ არის მძიმე წონაში.
tbiliseli
10:26 25-10-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული