ოფიციალურად: მეივეზერს გერერო შეხვდება

AutoSharing Option
ოფიციალურად დადასტურდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე, ნახევრადსაშუალო წონაში WBC-ის ჩემპიონი, 35 წლის ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი 4 მაისს 29 წლის თანამემამულე რობერტ გერეროს შეხვდება, რომელიც ამავე წონით კატეგორიაში WBC-ის დროებითი ჩემპიონია.

ბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება და ეს იქნება იმ საღამოს მთავარი შეხვედრა. ამ ბრძოლის ანდერკარდზე კი შედგება WBA-ის ვერსიით გამაერთიანებელი ორთაბრძოლა პირველ საშუალო წონაში WBC-ის ჩემპიონს, 22 წლის მექსიკელ საულ ალვარესსა და WBA-ის ჩემპიონს, 27 წლის ამერიკელ ოსტინ ტრაუტს შორის.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, მეივეზერმა მაისის ბრძოლისთვის მეტოქედ აირჩია დევონ ალექსანდერი,
მაგრამ, ამ უკანასკნელმა ტრავმა მიიღო და ფლოიდს ახალ მეტოქის ძებნა მოუწია. და ეს აღმოჩნდა რობერტ გერერო.

აღსანიშნავია, რომ 4 მაისის ბრძოლის ტრანსლიაცია შედგება არა HBO-ზე, რომელთანაც ფლოიდ მეივეზერს კონტრაქტი ჰქონდა, არამედ Showtime-ზე. იტყობინებიან, რომ ამერიკელმა კონტრაქტი გააფორმა კომპანია CBS-თან, რომელიც ტელეარხ Showtime-ის მფლობელია. ვარაუდობენ, რომ 30 თვის განმავლობაში, მეივეზერმა შეიძლება ჩაატაროს ექვსი ბრძოლა. თუ ფლოიდი ექვსივე შეხვედრას გამართავს, მაშინ მოკრივის საერთო შემოსავალი 250 მილიონ დოლარს მიაღწევს.

ისევ ერთად არიან
როგორც ჩანს, ყოფილი შეყვარებულები - ჰოლივუდის მსახიობი ჰაიდენ პენეტიერი და სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ კლიჩკო ისევ ერთად არიან. მსახიობი და მოკრივე ერთად შენიშნეს ფლორიდაში, როცა სახალხოდ ეხვეოდნენ ერთმანეთს Taco Shack-ის პლაჟზე.

წყაროს ცნობით, ვლადიმერი დაპირდა შეყვარებულს, რომ უფრო ხშირად ეწვევა მას გადაღებების დროს. "ჰაიდენი ძალიან ბედნიერია, - ამბობს პენეტიერისთან დაახლოებული წყარო. – მათ ისევ უყვართ ერთმანეთი, თან უფრო ძლიერად, ვიდრე მანამდე. ისინი ერთად მოგზაურობდნენ. და ვლადიმერი ხშირად მოინახულებს მას, სანამ ჰაიდენი სატელევიზიო შოუში იქნება დაკავებული".

შეგახსენებთ, რომ ამასწინ, პენეტიერიმ გაწყვიტა ურთიერთობა ამერიკული ფეხბურთის ლიგის ყოფილ მოთამაშესთან სკოტი მაკნაიტთან. ეს რომანი მას შემდეგ დაიწყო, რაც მსახიობმა და უმცროსმა კლიჩკომ დაშორება გადაწყვიტეს.

13 აპრილს, ნიუ იორკში
ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც ოფიციალურად გამოცხადდება იმ ბრძოლის შესახებ, რომელშიც პირველ ნახევრადსაშუალო წონაში WBO-ის ჩემპიონი, 30 წლის ფილიპინელი ნონიტო დონერი რინგზე გავა იმავე წონაში WBA-ის ვერსიით ჩემპიონის, 32 წლის კუბელი გილერმო რიგონდოს წინააღმდეგ. ბრძოლა 13 აპრილს ნიუ იორკში გაიმართება და მას HBO-ს პირდაპირ ეთერში გადასცემენ.

საინტერესოა, რომ კრივის საღამო გაიმართება Radio City Music Hall-ში, სადაც ბევრი თეატრალური წარმოდგენა იდგმება: მიუზიკლები, ბალეტი, ოპერები და ა. შ. აქამდე, ამ არენამ მხოლოდ ერთხელ უმასპინძლა საკრივო ორთაბრძოლას – როი ჯონსი-უმცროსი დევიდ ტელესკოს წინააღმდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვლადიმერ კლიჩკო ხუთ მეტოქეს შორის ირჩევს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული