კამერუნელს კიდევ ერთი უპირატესობა ექნება - ის, ფაქტობრივად, შინაურ კედლებში ასპარეზობს. უკვე დიდი ხანია, ნ'დამ ნ'ჯიკამი სენ-დენიში ვარჯიშობს და ცხოვრობს. ხურციძე (იგივე "ჩაქუჩა", "ტორნადო") კი უკრაინის დედაქალაქში ვარჯიშობს. "ბოქსრეკის" ერთიანი რეიტინგის მიხედვით, საშუალო წონაში კამერუნელი მეოთხეა, ქართველი კი - მე-17.
ავთანდილ ხურციძემ წლეულს ორი ორთაბრძოლა გამართა. 21 მაისს კიევში მე-8 რაუნდში ნოკაუტში გაგზავნა მიჰალი კოტაი და WBA-ს ინტერნკონტინენტური და ევროპული ქამრები შეინარჩუნა. 31 ივლისს კი "ჩაქუჩამ" მე-6 რაუნდში დააგდო სარეიტინგო ორთაბრძოლაში სიარჰეი ხომიცკი. ეს შეხვედრა მინსკში გაიმართა.
წესით, ეს ორთაბრძოლა მსოფლიოს ჩემპიონის ჩვეულებრივი ტიტულისთვის უნდა ყოფილიყო, მაგრამ ოქტომბერში მსოფლიოს კრივის ასოციაციის (WBA) ბორდმა მიიღო გადაწყვეტილება, რუს გენადი გოლოვკინისთვის მიენიჭებინათ ტიტული, შესაბამისად, ამ წონის ჩემპიონი, გერმანელი ფელიქს შტურმი "სუპერჩემპიონის" სტატუსით იკრივებს.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მოკრივეებმა შემდეგი თქვეს:
ჰასან ნ'დამი: "ხურციძის 4 ორთაბრძოლა ვნახე და შემიძლია ვთქვა, რომ ის მუდმივად უტევს, მან იცის, ეს როგორ გააკეთოს, მაგრამ, სხვა მხრივ, ტენიკურად ძალიან შეზღუდული მოკრივეა. მისთვის საუბედუროდ, 30-ში მას უკან დახევა მოუწევს. ძალიან კარგად ვარ მომზადებული. რაიმე გეგმა არ მაქვს, ვიმოქმედებ სიტუაციისა და მეტოქის მიხედვით. ნებისმიერი სიტუაციისთვის მზად ვიქნები. რა თქმა უნდა, 12 რაუნდისთვის ვემზადები, მაგრამ არც ბრძოლის ნაადრევად დასრულებაზე ვიტყვი უარს. ხურციძეს კი ვურჩევ, ბრძოლის წინ კარგად ჩაიხედოს სარკეში, რადგან ბრძოლის შემდეგ სულ სხვანაირი სახე ექნება. მადლობას ვუხდი ბრძოლის პრომოუთერებს, რომ ჩემს სამშობლოში ამ ბრძოლას პირდაპირ ეთერში ნახავენ".
ავთანდილ ხურციძე: "მე ნ'დამის რამდენიმე შეხვედრა ვნახე. ის ძალიან ნიჭიერია, მისი სტილი ჩემთვის მისაღებია. საფრანგეთში წასაგებად კი არა, ქამრის მოსაპოვებლად ჩამოვედი. ჰასანს კარგი შედეგები აქვს, მაგრამ ის არასოდეს შეხვედრია ჩემი დონის მოკრივეს. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, როგორ უნდა გაუძლოს მან ჩემს შეტევებს 12 რაუნდის განმავლობაში. ის ყოველთვის ამბობს, რომ ბრძოლისას უკან არ ვიხევ, მაგრამ, თუ საჭირო იქნა, ამასაც გავაკეთებ. ახლა რაც შეეხება სარკეს - ჩახედვა არ მინდა, ისედაც ვიცი, რომ არც ისე სიმპათიური ვარ, მაგრამ ისიც კარგად ვიცი, რომ ნ'დამზე უკეთ ნამდვილად გამოვიყურები".
იხილეთ ავთანდილ ხურციძის რჩეული ბრძოლა [VIDEO]
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"