წააგო თუ წააგებინეს?

AutoSharing Option
შაბათს, პარიზის სპორტის სასახლეში, რომელიც ვერსალში მდებარეობს, ქართველი მოკრივე პირველად იბრძოდა WBA-ს (ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის) მსოფლიოს ჩემპიონის ქამრისთვის - 31 წლის ავთანდილ ხურციძე საშუალედო მსოფლიოს ჩემპიონის სარტყლისთვის კამერუნელ ჰასან ნ'დამ ნ'ჯიკამს ხვდებოდა. მატჩის ფავორიტი აფრიკელი სპორტსმენი იყო, რომელიც საფრანგეთში ვარჯიშობს და ცხოვრობს, ის მსოფლიო რეიტინგში მე-4 ადგილზეა და აქამდე 24-ვე ორთაბრძოლა ჰქონდა მოგებული. ხურციძის ანგარიშზე კი 25-დან 22 მოგება (2 ფრე, 1 წაგება) იყო. შეხვედრას 4,5 ათასი გულშემატკივარი დაესწრო.

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჰასან ნ'დამი ქართველს ურჩევდა, რომ ბრძოლის წინ სარკეში
საკუთარ სახეს გამომშვიდობებოდა. პირიქით კი მოხდა, ქართველმა ორჯერ გაუხეთქა წარბი მეტოქეს, რომელსაც 12 რაუნდის განმავლობაში ვერ უჩერებდნენ სისხლდენას. "ცემით" კი სცემა ხურციძემ მეტოქეს, მაგრამ ქულები მხოლოდ "სუფთა" დარტყმებისთვის იწერება, ამ მხრივ კი, თითქოს, ძალთა თანაფარდობა იყო - "ჩაქუჩა" მუდამ ჯიქურ მიდიოდა წინ, მეტოქე კი შორი დისტანციიდან ცდილობდა მორტყმას. აფრიკელი უფრო უკეთ გადაადგილდებოდა რინგზე, მის არსენალში მეტი ტექნიკური ელემენტი იყო, თუმცა ინიციატივას მუდამ ქართველი ფლობდა.

მორჩა 12 რაუნდი და სამმა რეფერიმ მაყურებელი გააოცა - სამივემ ქულებით გამარჯვება ხურციძის მოწინააღმდეგეს მიანიჭა: 111:117 (მსაჯი მიკაელ ჰუკი), 114:115 (პიერლუიჯი პოპი), 114:115 (ერკი მერონენი).

"ბრძოლა ავთანდილის აგრესიული კრივის გამო ფანებისთვის კარგი საყურებელი გამოდგა. ის უტევდა, ურტყამდა და სჯობდა ნ'დამს, მაგრამ ნოკაუტამდე საქმე ვერ მიიყვანა. ჰასანის საუკეთესო რაუნდები ბოლოსკენ იყო, თუმცა მისთვის შინაურ ქალაქშიც კი უსტვინეს, როცა გადაწყვეტილება გამოცხადდა", - წერს "ფაითნიუსი", რომელთაც დამოუკიდებლად დაითვალეს ქულები და, აღმოჩნდა, ხურციძეს 116-112 მოუგია.

"ის ძალიან კარგი ოპონენტია, აქ მოსაგებად ჩამოვიდა. ხურციძე ტანით პატარაა, ამიტომ თავით რამდენიმე დარტყმა მომაყენა, მაგრამ მე ჩემი საქმე შევასრულე, ეს იყო ბრძოლა ხარსა და მატადორს შორის", - განაცხადა "გამარჯვებულმა". 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 4 /
წააგებინეს აბა რა ქნეს,შეგეხედათ ბრძოლის მერე ვინ გავდა ნაცემს,ვის სდიოდა სისხლი,ორივე თვალიდან.
tbiliseli
10:25 02-11-2010
0
ავთო კაცურად იბრძოდა და ჩვენთვის მაინც ავთოა გამარჯვებულია. ყველამ ნახა რაც უქნა იმ მაიმუნს, მაგრად დაჩაგრეს მსაჯებმა.
Paata
16:31 01-11-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული