- რამდენი ხანია, რაც სპორტული კომპლექსი მუშაობს ახალაქალაქში?
- ჩვენი კომპლექსი საქართველოს პრეზიდენტის საჩუქარია. 2006 წელს გაიხსნა, მაგრამ ეს მხოლოდ გახსნა იყო. შემდეგ კარი გამოკეტეს და ორი წელიწადი არ ფუნქციონირებდა. 2008 წლიდან მე შემომთავაზეს მისი ხელმძღვანელობა და გადაუჭარებლად ვიტყვი, ბოლო ხანს აშკარად ნაყოფიერად ვმუშაობთ.
- სპორტის რამდენ სახეობაში ამზდებთ სპორტსმენებს, პრიორიტეტულად თუ მიიჩნევთ
- ტრადიციის გათვალისწინებით პრიორიტეტული კრივია - ხუთი ჯგუფი და ამდენივე მწვრთნელი მუშაობს. თავად კრივის მთავარი მწვრთნელიც ვარ. რინგზე 300-მდე ბავშვი ვარჯიშობს. თითო ჯგუფია კარატეში - 50 ბავშვი - და კალათბურთში - 30. ვგეგმავთ ჭიდაობის და ძიუდოს ჯგუფების ამოქმედებას. პრობლემა მწვრთნელთა კადრების ნაკლებობაა. ახალქალაქში სპორტული სკოლაც ფუნქციონირებს ფეხბურთისა და ფრენბურთის ჯგუფებით.
- მიღწევებზე რას გვეტყვით?
- შედეგები კრივში გაცილებით უკეთესია. ორწლიანი მუშაობის შემდეგ საქართველოს უმცროსი ასაკის მოსწავლეთა ნაკრებს მოვუმზადეთ გაგიკ პოზოიანი და პეტროს სტეფანიანი. მათ წლეულს მონაწილეობა მიიღეს ევროპის იუნიორთა ჩემპიონატში, სადაც სტეფანიანმა ინგლისელი მოკრივე დაამარცხა, მაგრამ მერე ბულგარელთან დათმო შეხვედრა. ბენედიქტ იარონოსიანი შარშან ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გაგვიხდა და, ცხადია, ქვეყნის ნაკრებშიც მიიწვიეს. ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა კი ალექსანდრ ჩეჩელიანია, რომელიც უკვე სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და ჩვენი უმცროსი ასაკის ნაკრების რიგებში იტალიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატშიც იასპარეზა.
-ტურნირებს თუ მასპინძლობთ?
- გამოცდილების მისაღებად და ოსტატობის ასამაღლებლად ვიწვევთ სხვადასხვა გუნდებს ჩვენი ქვეყნის რეგიონებიდან და ჩვენც ვსტუმრობთ მათ. ვატარებთ რაიონის, რეგიონის პირველობებს, ყველაზე მასშტაბური კი სამცხე-ჯავახეთის თასის ღია გათამაშებაა საქართველოს მრავალი საკრივო სკოლის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
- ალბათ, მეზობელ სომხეთთან ურთიერთობთ, იქაც ხომ ძლიერი საკრივო ტრადიციებია...
- ხანდახან მივდივართ შეჯიბრებებზე, თუმცა იშვიათად.
-საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციიდან თუ გიწევენ დახმარებას?
- ფედერაციის პრეზიდენტმა, ბატონმა პეტრე ცისკარიშვილმა შარშან გადმოგვცა ოლიმპიური რინგი, რისთვისაც კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მას. ფინანსურად ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გვეხმარება და წლიდან წლამდე იზარდება დაფინანსება, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ესეც არაა საკმარისი. მეტ შეჯიბრებაში მონაწილეობაა აუცილებელი. შეგვპირდნენ, რომ საგაისოდ თანხა მოიმატებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"