მოკრივე 27-ე წამზე ნოკაუტისთვის დასაჯეს

AutoSharing Option
ავსტრალიელი მოკრივე პოლ ბრიგსი, რომელიც თავის თანამემამულე დენი გრინთან ბრძოლის 27-ე წამზე ნოკაუტით დამარცხდა [იხილეთ ვიდეო], 75 ათასი დოლარით დააჯარიმეს. როგორც მატჩის გარემოებების განხილვის შემდეგ კომისიამ დაასკვნა, ბრიგი რინგზე მოუმზადებელი გავიდა და მეტოქისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო.

გრინისა და ბრიგსის ორთაბრძოლა 2010 წლის 21 ივლისს გაიმართა ავსტრალიურ პერტში. გრინმა მეტოქეს ბრძოლის დასაწყისში მარცხენა ხელი მოუქნია, დარტყმა აშკარად არ გამოუვიდა და მხოლოდ შუბლზე ოდნავ გაჰკრა. ბრიგი კი რინგზე მოცელილივით დაეცა და ათამდე დათვლის შემდეგაც არ წამოდგა. ამის შემდეგ რეფერიმ გრინის ნოკაუტით გამარჯვება
გამოაცხადა.

ორთაბრძოლის დასრულებისთანავე ეჭვები გაჩნდა, რომ ბრიგსმა ბრძოლა შეგნებულად დათმო. გამოირკვა, რომ ბრიგსის მოგებაზე რამდენიმე ასეული ათასი დოლარის ოდენობის ფსონები იყო გაკეთებული. ბრიგსის ჰონორარი 200 ათას დოლარს შეადგენდა.

სპეციალურმა კომისიამ ბრძოლის გარიგებითი ხასიათის მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინა, მაგრამ მივიდა დასკვნამდე, რომ ბრიგსი რინგზე არ უნდა გამოსულიყო, რადგან ნერვული სისტემის პრობლემები ჰქონდა. ამას გარდა, მოკრივე ფიზიკურად ცუდად მომზადებულად ცნეს.

თვითონ ბრიგსმა განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. მან უკვე მიმართა თავის ადვოკატს და შესაძლოა კომისიის გადაწყვეტილებაზე აპელაცია შეიტანოს.

ავსტრალილელი მოკრივე 35 წლისაა, თავისი კარიერის უმეტეს დროს იგი 79,4 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა. პროფესიონალურ რინგზე ბრიგსმა 30 ბრძოლა გამართა, რომელთაგან 26 მოიგო (18 ნოკაუტით) და 4-ჯერ კი დამარცხდა. გრინთან ბრძოლამდე ის რინგზე სამნახევარი წლის განმავლობაში არ იყო გასული.


მომზადებულია  Associated Press-ის მიხედვით

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული