ხურციძის გუნდი შედეგის გაუქმებას ითხოვს

AutoSharing Option
პროფესიული კრივის სამყაროს ახალი სკანდალი ელის, რომელიც ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის სახელს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს პარიზში ჭBA-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის საშუალედო ქამრისთვის ერთმანეთს კამერუნელი ჰასან ნ'დამ ნ'ჯიკამი და ავთანდილ ხურციძე ებრძოდნენ. სამივე მსაჯმა 12-რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ ჩემპიონად აფრიკელი საშუალოწონოსანი გამოაცხადა (117-111, 115-114, 115-114), თუმცა პუბლიკამ და მედიამ მათი გადაწყვეტილების სამართლიანობაში ეჭვი შეიტანა.

წაგებული მხარე მსაჯებს უჩივის, როგორც არასამართლიანი ქულების მინიჭებისთვის, ასევე რამდენიმე წესის უხეში დარღვევისთვის. თურმე კრივის შემდეგ, ბრძოლის მონაწილეები დოპინგზე არ შეამოწმეს! კიევის პრომოუთერულმა კომპანია "ელიტ ბოქსინგ
პრომოუშენმა", რომლის კლიენტი ხურციძეა, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მსოფლიო კრივის ასოციაციაში (WBA) საჩივარს შეიტანს ბრძოლის შედეგის გაუქმების მოთხოვნით.

"ჩაქუჩამ" ჰასანს პირველივე წუთებიდან შეუტია და ცაციათი რამდენიმე ძლიერი დარტყმა მიაყენა. უკვე მეორე რაუნში აფრიკელს მარცხენა წარბი გაუსკდა. ნ'დამს ძვლივს შეუჩერეს სისხლდენა, რომ ახლა ხურციძემ მას მარჯვენა წარბი გაუხეთქა. ჩვენებურმა სადღაც მე-8 რაუნდიდან გაუშვა ხელიდან უპირატესობა. მიუხედავად ამისა, პარიზის სპორტის სასახლეში შედეგის გამოცხადებას სტვენა და უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა, არადა გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობა დარბაზში ჰასანის მხარდასაჭერად მივიდა.

ახლა დარღვევების შესახებ, რაც მსაჯებმა დაუშვეს ამ შეხვედრაში: მეორე რაუნდში ხურციძეს კაპა გამოუვარდა და ნახევარი რაუნდი მან ამ დამცავი საშუალების გარეშე იბრძოლა, რაც კატეგორიულად აკრძალულია. პროფესიულ კრივში ყველა სატიტულო ორთაბრძოლა აუცილებლად უნდა დასრულდეს დოპინგ-ტესტით. ამ დარღვევის შესახებ ხურციძის პრომოუთერებმა პატაკის დაწერა მოითხოვეს, რაზეც ხელი მატჩის სუპერვაიზერმა მოაწერა. "რეგლამენტის უხეში დარღვევის გამო ორგანიზაცია აპირებს საჩივრის შეტანას. ჩვენ ვითხოვთ ბრძოლის შედეგის გაუქმებას და რემატჩის ჩატარებას", - ვკითხულობთ უკრაინული სააგენტოს განცხადებაში.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
 
მკითხველის კომენტარები / 1 /
ღმერთმა გამარჯვება მოგცეს ჩაქუჩა.... მადლობა ამაყი ადამიანობისთვის...
state
18:40 04-11-2010
0

სიახლეები პოპულარული