წლის ბრძოლა: მენი პაკიაო - ანტონიო მარგარიტო

AutoSharing Option
13 ნოემბერს ამერიკის ქალაქ არლინგტონში გაიმართება წლის ბრძოლა, რომელსაც საკრივო სამყარო დიდი ხანია ელოდება: მენი პაკიაო ანტონიო მარგარიტოს წინააღმდეგ.

მაყურებელთა მხრიდან ასეთი ინტერესი იოლად ასახსნელია. საქმე ისაა, რომ მსოფლიოს საკრივო საბჭოს (WBC) გადაწყვეტილებით ეს იქნება სატიტულო ბრძოლა პირველ საშუალო წონაში. ეს საჩემპიონო ქამარი რამდენიმე თვეა ვაკანტურია, რადგან ყოფილი ჩემპიონი სერხიო გაბრიელ მარტინესი საშუალო წონაში გადავიდა.

მეორე მიზეზია ორივე მოკრივის კარიერაში ხანგრძლივი პაუზა. მაგალითად, 13 ნოემბერი მექსიკელი მარგარიტოსთვის თითქმის ორწლიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნება იქნება. კრივის ყველა მოყვარულს ახსოვს "თაბაშირის ხელთათმანებთან" დაკავშირებული
ისტორია, რის გამოც მექსიკელს საკრივო ლიცენზია ჩამოართვეს. შეგახსენებთ, რომ 2009 წლის 24 იანვარს, შეინ მოზლისთან ბრძოლისას ანტონიო მარგარიტოს ხელთათმანში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც ძალიან ჰგავდა თაბაშირს. ის ბრძოლა მაინც გაიმართა და შეინის შესრულებით ნამდვილ მასტერკლასად გადაიქცა.

მოკლედ, ანტონიოს მიმართ მაყურებელთა ინტერესი გასაგებია. რაც შეეხება ფილიპინელ პაკიაოს, რომელიც თავის მეტოქისგან განსხვავებით რეგულარულად გადის რინგზე, მისთვისაც ეს ბრძოლა პირველი იქნება. პირველი მას შემდეგ, რაც მენიმ მოიგო თავისი ქვეყნის კონგრესის არჩევნები. ამიტომაც პაკმენის თაყვანისმცემლები შეშფოთებულები არიან: ხომ არ იმოქმედებს პოლიტიკური საქმიანობა და პასუხისმგებლობა მოკრივის საბრძოლო მახასიათებლებზე? მათ ერთგვარ პესიმიზმს საფუძველი აქვს თუნდაც იმიტომ, რომ თავად ფილიპინელის მწვრთნელი ფრედი როუჩი აცხადებს, რომ პოლიტიკურმა მოღვაწეობამ ნეგატიური კვალი დაამჩნია სპორტსმენის მზადების პროცესს, რომელიც ჩამორჩება მწვრთნელის მიერ შედგენილ გრაფიკს.

ფრედი როუჩისგან განსხვავებით, მარგარიტოს ბანაკში ოპტიმისტური განწყობაა. მექსიკელი დარწმუნებულია, რომ შესაძლებლოების ზღვარზე ვარჯიშობს და წინასამატჩო ნერვიულობისთვის ნაკლებად სცალია. მექსიკელი აქცენტს ფიზიკურ ძალაზე გააკეთებს, რადგან გაბარიტებით შესამჩნევად აღემატება მომავალ მოწინააღმდეგეს. თუ ამას დავუმატებთ დიდ კრივში ტრიუმფით დაბრუნების სურვილს, მისგან მთელი ბრძოლის განმავლობაში მკაცრი პრესინგია მოსალოდნელი.

რაც შეეხება პაკიაოს, მას საერთოდ არ აშინებს მეტოქის ფიზიკური ძალა და გაბარიტები. ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან ბოლო ათწლეულის განმავლობაში საუკეთესო მოკრივეს თითქმის მთელი კარიერა მასზე დიდ მოკრივეებთან ჩხუბი უწევდა. ასე გაიარა მან ათი წონითი კატეგორია, ეს კი 18-კილოგრამიანი განსხვავებაა. 13 ნოემბერს ფილიპინელს დებიუტი ექნება 68-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, მაგრამ მენის ეს არ აღელვებს. პირიქით, ხუმრობით აცხადებს, რომ ასეთია მისი ხვედრი - ყოველთვის მასზე დიდ და ფიზიკურად უფრო ძლიერ მოკრივეებთან უწევდა შეხვედრა.

ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ 13 ნოემბერს მაყურებელი მექსიკელი მოკრივის სრულ კრახს იხილავს და შესაბამისად, ფილიპინელი მორიგ წონით კატეგორიას დაიპყრობს. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ანტონიო მარგარიტო ყველაფერს გააკეთებს იმის დასამტკიცებლად, რომ ჯერაც არ დაუკარგავს საუკეთესო თვისებები.

* * *

პაკიაოსა და მარგარიტოს ბრძოლა აუცილებლად შევა ისტორიაში. თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ ფილიპინელი და მექსიკელი მოჰამედ ალისა და ლეონ სპინქსის რეკორდს გააუმჯობესებენ.

პრომოუტერული კომპანია Top Rank-ის პრეზიდენტი და პაკიაოს მენეჯერი ბობ არუმი აცხადებს, რომ მომავალ მატჩზე გაყიდულმა ბილეთების რაოდენობამ მის ყველა თამამ პროგნოზს გადააჭარბა. არუმი დარწმუნებულია, რომ ბილეთებზე დიდი მოთხოვნის გამო, მაყურებელთა რაოდენობა 60 ათასს გადააჭარბებს.

როგორც წესი, ფილიპინელის ბრძოლები ყოველთვის დიდ აჟიოტაჟს იწვევს. მარტში დალასის სტადიონზე ჯოშუა კლოტის წინააღმდეგ შეხვედრას დაახლოებით 51 ათასი ადამიანი დაესწრო.

დახურულ დარბაზში საკრივო ბრძოლისთვის ბილეთების რეალიზაციის რეკორდი ეკუთვნის მოჰამედ ალისა და ლეონ სპინქსის შეხვედრას, რომელიც 1978 წელს გაიმართა. მაშინ 63 315 ბილეთი გაიყიდა.

რაც შეეხება ღია არენებზე დასწრების რეკორდს, მისი მფლობელები არიან ხულიო სეზარ ჩავესი და გრეგ ჰაუგენი. ის ბრძოლა მეხიკოში სახელგანთქმულ "აცტეკაზე" გაიმართა და მას 136 ათასი მაყურებელი ჰყავდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
საინტერესოა ,მაგრამ მეივეზერის და პაკიაოს ბრძოლა მაინც ყველაზე საინტერესო იქნება,იმედია არარ ჩაიშლება მეივეზერის და პაკიაოს ბრძოლა,მეივეზერს თუ ვინმე დაამარცხებს ეს პაკიაოა.თუ არადა წავა ამერიკელი დაუმარცხებელი.
tbiliseli
17:54 13-11-2010
0

სიახლეები პოპულარული