პაკიაოს ომი და ჰეის გასეირნება

AutoSharing Option
მანჩესტერში ბრიტანელმა დევიდ ჰეიმ სუპერმძიმე წონაში WBA-ის ტიტული დაიცვა, მენი პაკიაო კი მერვე წონით კატეგორიაში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი - ასეთი დიდი საკრივო უიქ ენდის მთავარი შედეგები.

M.E.N.-Arena პირთამდე იყო სავსე და პუბლიკას იმედი ჰქონდა, რომ ყოფილ მეგობრებს - დევიდ ჰეისა და ოდლი ჰარისონს შორის დაძაბულ ბრძოლას იხილავდა. 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ჰარისონი ამის გარანტიას იძლეოდა, მაგრამ დანაპირები ვერ აასრულა. არანაირი ბრძოლა არ ყოფილა - ჰეის უპირატესობა გრანდიოზული იყო და ჩემპიონმა პრაქტიკულად არაფრის გამო მიიღო 5 მილიონი ფუნტი.

პირველმა რაუნდმა დაზვერვაში ჩაიარა.
ჰეი ასე თუ ისე ცდილობდა შეტევების ორგანიზებას, ჰარისონს კი პირველი ორი წუთის განმავლობაში ერთი დარტყმის მცდელობაც არ ჰქონია.

მეორე სამწუთეულიც ასეთივე სცენარით დაიწყო. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პუერტორიკოელი რეფერი იძულებული გახდა შეეჩერებინა ბრძოლა და მოწინააღმდეგეებისთვის აქტიური მოქმედებისკენ მოეწოდებინა. სწორედ ამის შემდეგ შეასრულა ჰარისონმა ამ შეხვედრაში ერთადერთი ზუსტი დარყმა, თუმცა მისი ჯები მეტისმეტად სუსტი იყო. ჰეის დარტყმები კი სულ უფრო ხშირად აღწევდა მიზანს. თავიდან დევიდმა ზუსტი ჯები შეასრულა და იქვე მარჯვენა პირდაპირი დარტყმაც დაუმატა. სწორედ ამ ილეთზე აკეთებდა ის განსაკუთრებულ აქცენტს.

რაუნდის ბოლოს ჰეი შეეცადა უფრო მეტად არ აენერვიულეინა ისედაც უკმაყოფილო პუბლიკა, ამიტომაც აქტიურად დასდევდა მთელს რინგზე პრეტენდენტს. თითქმის ორმეტრიან ჰარისონს სახეზე ჰქონდა ხელები აფარებული და შეშინებული უკან იხევდა.

მესამე რაუნდში ყველაფერი დასრულდა. თავიდან იყო ერთწუთიანი პოზიციური ბრძოლა დარტყმების გარეშე, რის შემდეგაც ჰეიმ სიფრთხილე დაივიწყა და ხანგრძლივ შეტევაზე გადავიდა. ჰარისონმა ერთ-ორჯერ უაზროდ მოიქნია ხელები და კლინჩში შევიდა. ამან ოდლის ვერ უშველა. დევიდის მორიგი ზუსტი დარტყმის შემდეგ, ჰარისონი რინგზე დაეცა - ნოკდაუნი [ვიდეო]. პრეტენდენტი წამოდგა და ბრძოლა გააგრძელა, თუმცა ჯობდა ეს არ გაეკეთებინა. ჰეი მაშინვე დააცხრა თავს დემორალიზებულ მოწინააღდმეგეს და რამდენიმე ძლიერი დარტყმის შემდეგ რეფერი მოკრივეებს შორის ჩადგა. ბრძოლა შეწყდა.

ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში ჰეიმ განაცხადა, რომ არ აპირებდა მოვლენათა ფორსირებას და მეტოქისგან მარცხენა დარტყმებს ელოდა, მაგრამ, როცა ჰარისონმა ამის გაკეთებაზეც უარი განაცხადა, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა საბოლოო იერიშზე წასვლა.

ამ ბრძოლამ კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, რომ სუპერმძიმე კატეგორიას მხოლოდ ჰეისა და რომელიმე კლიჩკოს შეხვედრა თუ გამოაცოცხლებს. ეს თავად ბრიტანელმაც აღიარა. მან გუშინ განაცხადა, რომ მთავარი მიზანი უკრაინელ ძმებთან დაპირისპირებაა და დაიქადნა - კლიჩკოებს იგივე ბედი ელით, რაც ჰარისონსო.


* * *
არლინგტონში დღის მთავარ ბრძოლაშიც მოსალოდნელი შედეგი დაფიქსირდა. ფილიპინელმა მენი პაკიაომ მექსიკელ ანტონიო მარგარიტოს ქულებით მოუგო. ბრძოლა სწრაფ ტემპში დაიწყო და ეტყობოდა, რომ მაყურებელს კარგი სანახაობა ელოდა. მოკრივეებმა გადაწყვიტეს უარი ეთქვათ ტრადიციულ დაზვერვაზე და მაშინვე აქტიურ მოქმედებაზე გადავიდნენ. ამ მხრივ უფრო წარმატებული ფილიპინელი ჩემპიონი იყო, რომელმაც თავიდანვე მიანიშნა ყველას, ვინ იქნებოდა ამ ბრძოლის წარმმართველი. მუშტებს მარგარიტოც იქნევდა, მაგრამ მეტოქე ყოველთვის ერთი წამით ასწრებდა და ამიტომაც მექსიკელი სტაბილურად უშვებდა დარტყმებს. გავუსწრებთ მოვლენებს წინ და ვიტყვით, რომ გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ სისწრაფეში განსხვავება გახდა. შემდეგი ორი რაუნდიც იგივე სცენარით წარიმართა. ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ უკვე პაკიაოს აპერკოტებიც აღწევდა მიზანს.

ბევრი მიღებული დარტყმის მიუხედავად, მარგარიტო მაინც კარგად მოძრაობდა და არც დაღლილობა ეტყობოდა. მაგრამ ასე იყო მეოთხე რაუნდამდე. ამ სამწუთეულმა ნათლად აჩვენა რინგზე ძალთა რეალური განლაგება. პაკიაო აგრძელებდა თავში ზუსტ დარტყმებს და პერიოდულად მექსიკელის კორპუსსაც ამუშავებდა. ეს ყველაფერი მარგარიტოს მარჯვენა თვალთან ღრმა ჭრილობად დაუჯდა. მაყურებელს ისეთი წინათგრძნობა გაუჩნდა, რომ ეს რაუნდი ბოლო იქნებოდა ბრძოლაში. მაგრამ ანტონიომ ამასაც გაუძლო. როგორც ჩანს, პაკიაო არ გეგმავდა ნოკაუტით სწრაფ გამარჯვებას და მომენტი გამოეპარა. შემდეგ რაუნდში ციკლი გაგრძელდა: სხვდასხვა სტილის სწრაფი კომბინაციები მენის შესრულებით და უზუსტესი დარტყმები.

ბრძოლის შემდეგ პაკიაომ აღიარა, რომ ყველაზე მეტად მეექვსე რაუნდში გაუჭირდა და შეაქო საკუთარი თავი იმის გამო, რომ ამ სამწუთეულს გაუძლო. სწორედ დროის ეს მონაკვეთი გახდა საუკეთესო მექსიკელისთვის. ანტონიომ რამდენიმე წარმატებული შეტევა განახორციელა, ბაგირებზე მიიმწყვდია მოწინააღმდეგე და რამდენჯერმე შეამოწმა მისი თირკმლის გამძლეობა. აქ აღსანიშნავია პაკიაოს ერთი საკრივო ფანდი: მან მეორედაც დაიხია უკან, ბაგირებს მიეკრო და როცა მარგარიტო მარცხენა ჰუკის შესასრულებლად მოემზადა, ორჯერ დაზიანებულ თვალში უთავაზა მექსიკელს.

მერვე რაუნდში პაკიაომ მეტოქის ზეწოლით ან წამიერი მოდუნების გამო, კვლავ უკან დაიხია და ბაგირებთან შემხვედრი დარტყმების კასკადი ვიხილეთ. სწორედ აქ გაუშვა მთელი ბრძოლის განმავლობაში ერთადერთი მძიმე აპერკოტი ფილიპინელმა. ეს რომ პირველ რაუნდებში მომხდარიყო, როცა მარგარიტოს მეტი ძალა ჰქონდა, იქნებ ბრძოლა სხვაგვარად წარმართულიყო. აქ კი მექსიკელის ლოკალურ წარმატებას მაშინვე მენის გააქტიურება მოჰყვა. არ გამართლდა ფილიპინელის მწვრთნელის - ფრედი როუჩის პესიმიზმი თავისი შეგირდის ცუდი ფიზიკური ფორმის გამო. მენი ბოლო რაუნდებშიც აქტიური და სწრაფი იყო, თითქოს ახლახან გავიდაო რინგზე.

ბოლო რაუნდებში, ყოველი ზუსტი კომბინაციის შემდეგ პაკიაო რეფერისკენ იცქირებოდა და თითქოს თვალებით ეკითხებოდა - "იქნებ საკმარისია?", მაგრამ მსაჯმა ბრძოლის შეწყვეტა ვერ გარისკა. თავის გამარჯვებაში დარწმუნებულმა პაკიოამ ბოლო რაუნდში უბრალოდ რინგზე ირბინა და განსაკუთრებით ძლიერი დარტყმები აღარ განუხორციელებია.

პაკიაო ამჯერად პირველ საშუალო წონაში გახდა WBC-ის ჩემპიონი და ახლა ამ ფენომენალურ მოკრივეს რვა წონაში აქვს მოპოვებული საუკეთესო მოკრივის სახელი.

ბობ არუმი (პაკიაოს პრომოუტერი): "მენი პაკიაო უდიდესი მოკრივეა მათგან, ვისაც ოდესვე შევხვედრივარ".

ფრედი როუჩი (პაკიაოს მწვრთნელი): "მენის დღეს ურთულეს ბრძოლაში მოუწია გამოსვლა. მარგარიტომ დაამტკიცა, რომ მამაცი გულის პატრონია. მაგრამ მენიმ მას აშკარად აჯობა".
მენი პაკიაო: "ეს იყო ჩემს კარიერაში ყველაზე რთული ბრძოლა, თუმცა არ დავმალავ, რომ ბოლოს მარგარიტო ძალიან შემეცოდა და ამიტომაც უკანასკნელ რაუნდებში თავი არ მომიკლავს".
არუმმა ისიც განაცხადა, რომ ახლა პაკიაოს გუნდისთვის პრიორიტეტულია ფლოიდ მეივეზერთან შეხვედრა და ისევ განახლდება მოლაპარაკებები დაუმარცხებელ ამერიკელთან. მართლაც, მენისა და ფლოიდის შეხვედრა ისევე აქტუალური და სასურველია, როგორც სუპერმძიმე წონაში რომელიმე კლიჩკოსა და დევიდ ჰეის სავარაუდოდ დაპირისპირება.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული