მარტინესმა მოიგო და პაკიაოს უმიზნებს

AutoSharing Option

გასული უქმეების მთავარი ბრძოლა ატლანტიკ-სიტიში გაიმართა. 35 წლის არგენტინელი სერხიო მარტინესი 72-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBC-ის ტიტულს იცავდა ამერიკელი პოლ უილიამსის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის გამო მოლოდინი საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი მეორე რაუნდში დასრულდა.

პირველ რაუნდში ორივე მებრძოლმა ბევრი ზუსტი დარტყმის შესრულება მოასწრო, განსაკუთრებით აქტიური კი პრეტენდენტი იყო, მაგრამ შემდეგ უილიამსმა შეანელა ზეწოლა და ამან ცუდი სამსახური გაუწია - სერხიომ გადამწყვეტი იერიშის საშუალება მიიღო და შანსი ხელიდან არ გაუშვა. მეორე რაუნდის შუაში ჩემპიონმა მარჯვენა დარტყმით უილიამსი იატაკზე დაანარცხა და ამერიკელს

წამოდგომა არც უცდია.

ასე შეინარჩუნა მარტინესმა WBC-ის ტიტული, თანაც რევანში აუღო უილიმსს 2009 წელს ქულებით წაგებული ბრძოლისთვის. სწორედ მაშინ მონათლეს ამერიკელი ამ წონაში საუკეთესოდ, მიუხედავად იმისა, რომ მას დღემდე არანაირი ტიტული არ მოუგია. მარტინესმა კი წელს აპრილში ამერიკაში პოპულარულ კელი პავლიკს აჯობა და WBC-ის ტიტულიც სწორედ ამ ბრძოლაში მოიგო.
სხვათა შორის, უილიამსის გარდა მარტინესი მექსიკელ ანტონიო მარგარიტოსაც ჰყავს დამარცხებული - ეს ათი წლის წინ მოხდა. მარგარიტომ ცოტა ხნის წინ მენი პაკიოასთან წააგო სატიტულო ბრძოლა. გასაკვირის არ არის, რომ არგენტინელს ბრძოლაში აღარ გამოუწვევია მექსიკელი და პირდაპირ პაკიაოსთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა. თუმცა რთული სათქმელია, რამდენად მოხერხდება ამ ბრძოლის ორგანიზება. თუ მენიმ არ მოისურვა მასზე გაცილებით მძიმე მეტოქესთან შეხვედრა, მარტინესს მოუწევს დაუმარცხებელ ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლის ორგანიზებაზე ფიქრი.

* * *

კიდევ ერთ საინტერესო ბრძოლას გერმანიის ქალაქმა ჰამბურგმა უმასპინძლა. ეს იყო სუპრემძიმეწონოსნების - უზბეკი რუსლან ჩაგაევისა და ამერიკელი ტრევის უოკერის შეხვედრა, რომელშიც ჩაგაევმა შეინარჩუნა WBA-ის ვერსიით აუცილებელი პრეტენდენტის სტატუსი.

სპეციალისტები უზბეკს იოლ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ - უოკერს დიდი ხანია სერიოზული ბრძოლა არ ჩაუტარებია და მისგან ბევრს არაფერს ელოდნენ. მაგრამ ჩაგაევმა ვერ შეძლო ბრძოლის ნაადრევად დასრულება და მეტოქეებმა შეხვედრა ბოლომდე ჩაამთავრეს.

უზბეკი საწყის რაუნდებში კარგად მუშაობდა და სწრაფ კომბინაციებს ატარებდა, თუმცა შემდეგ უოკერმა გასაღები მოუნახა მის სტილს და კარგად დაამუშავა უზბეკი აპერკოტებით. ამერიკელს ცუდი სამსახური გაუწია ხანგრძლივმა პაუზამ, რის გამოც ბოლოს დაღლა დაეტყო და სულ მცირედი არ ეყო საბოლოო გამარჯვების მისაღწევად.

სამივე არბიტრმა უპირატესობა ჩაგაევს მიანიჭა: 78:75, 77:75, 77:76. ამ გამარჯვების მიუხედავად, უზბეკს საკმაოდ მოხვდა. ცოტა ხნის წინ აზიელმა WBA-ის ჩემპიონ დევიდ ჰეისთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა, მაგრამ იმ ბრძოლით, რომელიც ამერიკელი ვეტერანის წინააღმდეგ აჩვენა, ჩაგაევს სატიტულო შეხვედრაში არაფერი ესაქმება.

* * *

ანტონიო მარგარიტოს დამარცხების შემდეგ ფილიპინელმა მენი პაკიოამ პაუზის აღება გადაწყვიტა. მსოფლიოს საუკეთესო მოკრივე 2011 წელს პირველი ბრძოლის ჩატარებას მაისში აპირებს - ასეთი ინფორმაცია გაავრცელეს "პაკმენის" მენეჯერებმა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისიც არის, რომ მარგარიტოსთან ბრძოლაში ფილიპინელმა ნეკნები და ხელები დაიზიანა. ახლა მენის მეტი დასვენება სჭირდება მომავალი ბრძოლისთვის მოსამზადებლად.

"ექვსთვიან შესვენებას ავიღებთ. ყველამ ნახა, რომ მარგარიტო გაცილებით მძიმე იყო და ბევრი რთული დარტყმის მიღება მომიწია. ეს არ იყო იოლი ბრძოლა", - განაცხადა პაკიაომ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული