რამაზ ფალიანი: სამი ლიცენზია კარგი შედეგი იქნება

AutoSharing Option
ქართული კრივის სეზონი ფაქტობრივად დასრულდა და წელიწადის შეჯამების დროც დადგა. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენმა მოკრივეებმა ბევრი პირველხარისხოვანი ტურნირი მოიარეს (უპირველეს ყოვლისა, ამას ევროპის ჩემპიონატის გამოტოვების გამო ვამბობთ), მაგრამ საინტერესო მოვლენები მაინც იყო. ბუნებრივია, განვლილი სეზონის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ რამაზ ფალიანზე უკეთ ვერავინ გვესაუბრებოდა.

- რუსეთში გამართულ ევროპის ჩემიონატზე, როგორც იცით, მიზეზთა გამო ვერ გავემგზავრეთ, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი მოკრივეებისთვის ძალიან ცუდი იყო. წლეულს მსოფლიოს ჩემპიონატი არ გამართულა და დავრჩით საერთაშორისო ტურნირების ამარა. წლის პირველი ნახევარი საკმაოდ
ნაყოფიერი გამოგვივიდა, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კი ღირებული უცხოური შეჯიბრება თითქმის არ გამართულა და ბიჭებს პრაქტიკა მოაკლდათ. თუმცა, ჩვენი საერთო შრომით საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ. თურქეთისა და სომხეთის ნაკრებებთან გავიარეთ ერთობლივი შეკრებები, ვიასპარეზეთ ჩეხეთის, თურქეთის, ყაზახეთისა და სომხეთის საერთაშორისო ტურნირებში. ჩეხეთში ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო მოვიპოვეთ, სომხეთში ერთი ოქრო და ოთხი ბრინჯაო, ხოლო თურქეთში ჩატარებულ პრესტიჟულ ტურნირზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრის თასი ერქვა, ბრინჯაოს მედალს გვხვდა წილად, ასევე ერთი ბრინჯაო წამოვიღეთ ყაზახეთიდან. ის ოქრო, რომელიც ახლა ვახსენე, მძიმეწონოსანმა ბექა ლობჟანიძემ მოიპოვა და მედალთან ერთად, ტურნირის ორგანიზატორებისგან სერიოზული პრემია, 5 ათასი აშშ დოლარი მიიღო.

- წლეულს კადეტებში ევროპის ჩემპიონიც გვყავს.
- დიახ, მძიმე წონაში ჩემპიონი რუსთაველი დოკვაძე გახდა და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ძლიერი მოკრივე გვეზრდება.

- როგორ აფასებთ ქუთაისში რამდენიმე დღის წინ დასრულებულ საქართველოს ჩემპიონატს?
- მოხარული ვარ, რომ ამ ჩემპიონატმა რამდენიმე ახალი სახე წარმოაჩინა, ხოლო იმ მოკრივეების უმრავლესობამ, რომელთა იმედიც მაქვს, ჩემი მოლოდინი გაამართლა. ახალგაზრდებიდან გამოვარჩევდი გოგატიშვილს (48 კგ), მელიქიშვილს (60), გოგოჭურს (64), კვაჭატაძეს (69), გულედანს (91) და მძიმეწონოსან ბახტიძეს. ზაალ კვაჭატაძემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ თავის წონაში გამოცდილი კახა ჟვანიას რეალური კონკურენტია და წონის ლიდერი სპარინგებში გამოჩნდება. ჟვანიამ საქართველოს ჩემპიონატი ხელის ტრავმის გამო გამოტოვა, მაგრამ მალე დაგვიბრუნდება.

- სხვებსაც ხომ არ აწუხებთ ჯანმრთელობის პრობლემები?
- საბედნიეროდ, ნაკრების ყველა კანდიდატი თავს კარგად გრძნობს. მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა, მყარად დადგა ფეხზე ნიკა იზორია. როგორც გახსოვთ, იგი პეკინის ოლიმპიადიდან მცირე ხნის შემდეგ ავტოავარიაში მოყვა და თითქმის ორი წელიწადი გაუცდა. მტკიცე ხასიათის წყალობით იგი ნელ-ნელა უბრუნდება ძველ ფორმას და ქვეყნის ჩემპიონიც დამაჯერებლად გახდა.

- როგორია მომავალი წლის სამუშაო გეგმა?
- გეგმა საქართველოს კრივის ფედერაციის გენერალურ მდივან ვლადიმერ ახალკაცთან ერთად შევადგინე და ძალიან შინაარსიანი და ნაყოფიერია. იანვარში პირველ მოსამზადებელ ეტაპს ბაკურიანში გავივლით, სადაც აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე გაკეთდება. ბაკურიანში თითოეულ წონაში რამდენიმე მოკრივით, ანუ გაფართოებული შემადგენლობით გავემგზავრებით. თებერვალში კი ათივე წონის თითო საუკეთესო სპორტსმენს ბულგარეთში წავიყვანთ და იქაურ ნაკრებთან ერთად გავივლით ერთობლივ შეკრებას. ამის შემდეგ იქვე, საერთაშორისო ტურნირში მოვსინჯავთ ძალებს. ბულგარეთის შემდეგ შეკრება აზერბაიჯანში გვაქვს დაგეგმილი, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან ერთად ვივარჯიშებთ. მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატი სექტემბერში ბაქოში იმართება და ეს შეკრება იქაურ გარემოსთან ადაპტაციაში დაგვეხმარება. გეგმაში გვაქვს თურქეთისა და უკრაინის ნაკრებთან ერთად ვარჯიშიც.

- ევროპის ჩემპიონატი სად და როდისაა დაგეგმილი?
- მასპინძლის ვინაობა დღე-დღეზე გაირკვევა და ეს სავარაოდოდ ბულგარეთი იქნება. ევროპის ჩემპიონატი მაისში გაიმართება.

- ოლიმპიურ ლიცენზიებზე საუბარი ნაადრევი აღარ უნდა იყოს. როდის იწყება მათი გათამაშება და რა ვიცით შერჩევის სისტემაზე?
- მსოფლიოს ჩემპიონატი ალბათ პირველი ტურნირი იქნება, სადაც ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების გაცემა დაიწყება. როგორც ვიცი, ბაქოში თითოეულ წონაში საუკეთესო ათეულში შესული მოკრივეები ავტომატურად მიიღებენ ლიცენზიებს. გამონაკლისია მხოლოდ მძიმე წონა, სადაც ლიცენზია ექვს საუკეთესო მოკრივეს გადაეცემა. ბუნებრივია, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ძალიან გახშირდება ისეთი ტურნირები, სადაც ლიცენზიებისთვის ბრძოლა იქნება შესაძლებელი.

- რამდენი ლიცენზიის მოპოვებას გეგმავთ ან ვარაუდობთ?
- საკუთარ თავს არარეალური რიცხვის დასახელების უფლებას ვერ მივცემ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ქართული კრივის დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამი ლიცენზია კარგი შედეგი იქნება. კანდიდატების გვარების დასახელება კი ახლა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რადგანაც ამის შანსი არაერთ ქართველ მოკრივეს აქვს.

- საქართველოს ნაკრების რამდენიმე წევრმა ძალები პროფესიულ კრივში მოსინჯა. ხომ არ უნდა ამოვშალოთ ისინი ნაკრებისა და შესაბამისად, ოლიმპიადაზე პოტენციურ წამსვლელთა სიიდან?
- პროფესიულ კრივში სადებიუტო ბრძოლები ჩაატარეს ბექა ლობჟანიძემ და კობა ფხაკაძემ. პირველმა მოიგო, მეორე კი დამარცხდა. რამდენიმე დღეში მათ მორიგი ბრძოლები ელით. ჯერჯერობით სამოყვარულო კრივიდან მათ წასვლაზე ლაპარაკი ნაადრევად მეჩვენება. პირიქით, ოლიმპიადაზე მათი გამგზავრების შანსებს სწორედ პროფესიული კრივი ზრდის. თუ ლობჟანიძემ გამარჯვებათა სერია გააგრძელა და ფხაკაძემაც რამდენიმე ბრძოლა მოიგო, ისინი ახალი კანონების თანახმად ოლიმპიურ ლიცენციებს სწორედ პროფესიულ რინგზე გამარჯვებებით მოიპოვებენ.

- ახლა სეზონის ბოლოა, საწვრთნელი პროცესი გრძელდება თუ შესვენება გაქვთ გამოცხადებული?
- თბილისელებს თითქმის ყოველდღიურად ვავარჯიშებ სოფელ დიღმის საწვრთნელ ცენტრში, უქმად არც რეგიონებში მცხოვრები მოკრივეები არიან და ჩემს მიერ შედგენილი პროგრამით ინტენსიურად ვარჯიშობენ. შემთხვევით ვისარგებლებ და აღვნიშნავ ჩემი ასისტენტების ლევან გაგნიძისა და არტურ ბურდიანცის თავდადებულ შრომას. არტური წლებია თბილისში მუშაობს, ლევანი კი ორი წლის წინ დაბრუნდა რუსეთიდან, სადაც სერიოზული გამოცდილება დააგროვა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული