ფლოიდ მეივეზერი დაპატიმრებულია

AutoSharing Option

ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ფლოიდ მეივეზერი ამერიკის პოლიციამ დააპატიმრა. როგორც უკვე ვწერდით, დაუმარცხებელი ამერიკელი კაზინოს მცველზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი. ინციდენტი ამა წლის ნოემბერში მოხდა.

როგორც დაზარალებული ამტკიცებს, მეივეზერმა სახეში მას შემდეგ გაარტყა, რაც მცველმა მოკრივეს ლას ვეგასის ერთ-ერთი კაზინოს წინ სწორი პარკირებისკენ მიუთითა. ამ საქმესთან დაკავშირებით პირველი სასამართლო მოსმენა 8 დეკემბერს იყო დანიშნული, თუმცა ფლოიდი სხდომაზე არ გამოცხადდა და მოსამართლემ მისი დაპატიმრების ორდერი გასცა.

თუ მეივეზერის ბრალი დამტკიცდა, მას ციხეში 6 თვის გატარება მოუწევს. ასე რომ, კიდევ ერთხელ ჩაიშლება

ფლოიდის შეხვედრა ფილიპინელ მენი პაკიაოსთან.

 


პაკიაო იუბილეზეც ჩხუბზე ფიქრობს
ამასობაში, პაკიაომ სამშობლოში დაბადების დღე აღნიშნა. სტუმრებს შორის მისი პრომოუტერი ბობ არუმიც იყო. შესაბამისად, ზეიმის პარალელურად მოკრივე და მისი მენეჯერი მენისი მომავალი ბრძოლის თარიღსა და მეტოქეზე ბჭობდნენ. როგორც ამბობენ, პაკიაო ლას ვეგასის რინგზე 7 მაისს გავა. არსებობს სამი სავარაუდო მეტოქე: ხუან მანუელ მარკესი, შეინ მოზლი და ანდრე ბერტო. ძირითადი კანდიდატი მოზლი გახლავთ. საბოლოოდ ყველაფერი ორ კვირაში გაირკვევა.



კლიჩკოს კუბელი ერგო
სუპერმძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონ ვიტალი კლიჩკოს ახალი მეტოქე ჰყავს. მაიამიში გაიმართა WBC-ის ტიტულის პრეტენდენტთა ბრძოლა პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელ კუბელ ოდლანიერ სოლისსა (17-0, 12 KO) და ამერიკელ რეი ოსტინს (28-5-4, 18 KO) შორის. ამ ბრძოლაში გამარჯვებულს ოფიციალური პრეტენდენტის სტატუსი და 2011 წლის გაზაფხულზე ვიტალისთან შეხვედრის უფლება ენიჭებოდა.

ბრძოლა სოლისის აშკარა უპირატესობით დაიწყო, რომელიც, მართალია გაბარიტებით აგებდა ოსტინთან, მაგრამ სწრაფ ტემპში მოქმედებდა და უფრო მახვილგონივრულ შეტევებს ატარებდა, ამიტომაც ოსტინს უჭირდა მეტოქის დარტყმების აცილება. 

რაც უფრო ახლოვდებოდა შეხვედრის დასასრული, ამერიკელს მით უფრო ეტყობოდა დაღლა. თავის მხრივ, სოლისმა ზეწოლა გააძლიერა, რის გამოც მეათე რაუნდისთვის რეი ძლივს დალასლასებდა რინგზე.


სწორედ ამ სამწუთეულის დასრულების შემდეგ გადაწყდა ბრძოლის ბედი. კუბელმა რამდენიმე შესანიშნავი კომბინაცია განავითარა, რის შემდეგაც ოსტინი კლინჩში შევიდა და ასე გაატარა დარჩენილი დრო. თანაც ისე შეიჭრა როლში, რომ მეტოქეს ორივე ხელი წელზე შემოხვია და კინაღამ რინგიდან მაყურებლებში გადააგდო. ამასობაში გონგის ხმა გაისმა, მაგრამ ოსტინმა თავის კუთხეში წასვლა არ მოისურვა და ყბაში მაგრად მოარტყა კუბელს. მსაჯმა მაშინვე შეწყვიტა ბრძოლა და რეის დისკვალიფიკაცია მისცა.


"მინდოდა მაქსიმალურად დამესაჯა ოსტინი იმ სიტყვების გამო, რომელიც მან ბრძოლის წინ წარმოთქვა. რეის თქმით უკან კუბაში გამიშვებდა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ის გავამგზავრე კლივლენდში ძროხებთან. მე არ დავღლილვარ. სწორედ ეს იყო ამ ბრძოლაში ჩემი სტრატეგია და ამან მეტოქის მასხრად აგდების საშუალება მომცა. მსუქანი არ ვარ, როგორც ამას გაზეთებში წერენ. თავად ნახეთ, რომ სისწრაფე არ მაკლია", - განაცხადა სოლისმა, რომელსაც კარიერაში პირველად მიეცა სატიტულო ბრძოლის შანსი.


ჰეი მაინც მიდის
სუპერმძიმე წონაში WBA-ის ჩემპიონმა დევიდ ჰეიმ გამოაცხადა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დაასრულებს აქტიურ კარიერას 2011 წლის ოქტომბერში. ეს იმ შემთხვევაშიც მოხდება, თუ ბრიტანელმა ჩემპიონმა მანამდე ვერ შეძლო ძმები კლიჩკოებიდან რომელიმესთან შეხვედრა.


"კრივიდან მომავალი წლის ოქტომბერში წავალ. თუ კლიჩკოსთან ბრძოლა 2011 წელს არ გაიმართება, მაშინ ვაღიარებ, რომ WBA-ის საჩემპიონო ქამარიც სავსებით დამაკმაყოფილებელი ყოფილა და სხვა ტიტულების გარეშეც შესაძლებელია ცხოვრება. რინგზე 20 წელი გავატარე - საკმარისზე დიდი დროა. საკუთარ თავს მიზნებს ვუსახავდი და ვაღწევდი მათ. ტიტულების გაერთიანება კარიერის მწვერვალი იქნებოდა, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, უპრობლემოდ გავაგრძელებ არსებობას", - ამბობს ჰეი.


"კლიჩკოების გარდაც არსებობენ საინტერესო მოკრივეები. ჩემს საჩემპიონო ქამარზე აუცილებელ პრეტენდენტად რუსლან ჩაგაევია გამოცხადებული. მასთან მოლაპარაკება რთული არ იქნება და დარწმუნებული ვარ, ის ყველაფერს გააკეთებს ჩემს დასამარცხებლად, მაგრამ ზუსტად ისეთ პასუხს მიიღებს, როგორიც ჩემმა სხვა მეტოქეებმა მიიღეს".


ამასობაში, ვლადიმერ კლიჩკოს გუნდი ყველანაირად ცდილობს ჰეის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლის მოსაწყობად. უკრაინელის მენეჯერმა, ტელეფონის მეშვეობით, მორიგი შეხვედრა დაგეგმა ბრიტანელის გუნდთან.

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ მოკრივეებს შორის ბრძოლა ლას ვეგასში გაიმართებოდა, რასაც კლიჩკოს მენეჯერი ბერდ ბერტე არ დათანხმდა. მხარეები იმ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რომ მომავალი ბრძოლის დეტალების განსახილველად მოკრივეების მენეჯერები უახლოეს ხანში კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს.


"შემიძლია გითხრათ რომ, ლას ვეგასი ის ადგილი არ არის, სადაც ვლადიმერ კლიჩკო ჰეის უნდა შეხვდეს. ჩვენს გეგმებში ბრძოლის ევროპაში ჩატარება შედის. ეს შეიძლება იყოს ლონდონი, დიუსელდორფი ან "შალკეს" სტადიონი გელზენკირხენში", - ამბობს WBO-სა და IBF-ის ჩემპიონის მენეჯერი ბერდ ბენტე.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული