პაკიაო-მოზლის ბრძოლა დაინიშნა

AutoSharing Option

გაირკვა ფილიპინელი მენი პაკიაოს მორიგი მეტოქე. ფილიპინელმა ამერიკელ შეინ მოზლისთან გააფორმა კონტრაქტი. ბრძოლა 2011 წლის 7 მაისს ლას ვეგასში, 66.7 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გაიმართება და პაკიაო WBO-ის ჩემპიონის ტიტულს დაიცავს.

პაკიაო WBO-ის ჩემპიონი 2009 წლის ნოემბერში გახდა, როცა ქულებით დაამარცხა პუერტო რიკოს წარმომადგენელი მიგელ ანხელ კოტო, 2010 წლის მარტში კი ეს ტიტული განელ ჯოშუა კლოტისთან შეხვედრაში დაიცვა. 2010 წლის 13 ნოემბერს პაკმენმა 69.9-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გადაინაცვლა, მექსიკელი ანტონიო მარგარიტო დაამარცხა და WBC-ის ჩემპიონი გახდა.

მოლაპარაკებების დროს განიხილებოდა 69 კილოგრამში საჩემპიონო

ბრძოლის ჩატარება, მაგრამ საბოლოოდ, მოკრივეებმა 66.7 კილოგრამი აირჩიეს. WBC-ის ტიტული, რომელიც ფილიპინელმა 13 ნოემბერს მოიპოვა, სავარაუდოდ ვაკანტურად გამოცხადდება.

39 წლის მოზლი წინა წლებში მსოფლიოს ჩემპიონი იყო 61.2, 66.7 და 69.9-კილოგრამამდე წონით კატეგორიებში. სულ მას პროფესიულ რინგზე 54 ბრძოლა აქვს გამართული, რომელთაგანაც 46 მოიგო (39 - ნოკაუტით), ექვსჯერ დამარცხდა, ერთი ბრძოლა ფრედ დაასრულა და ერთი ჩხუბის შედეგი გაუქმდა.

32 წლის პაკიაოს ხშირად უწოდებენ, წონითი კატეგორიის გაუთვალისწინებლად, პლანეტის საუკეთესო მოკრივეს. მის ანგარიშზე 57 ბრძოლაა - 52 მოგება (37 - ნოკაუტით), სამი მარცხი და ორი ფრე. ფილიპინელი საერთო ჯამში რვა წონით კატეგორიაში იყო მსოფლიოს ჩემპიონი.


კლიჩკო-ჰეი ახლოსაა
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო კრივის სამყაროში გუშინ გავრცელებული მეორე ინფორმაციაც. სუპერმძიმე წონაში WBA-ის ჩემპიონმა, ბრიტანელმა დევიდ ჰეიმ WBO-სა და IBF-ის ჩემპიონის, უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკოს პირობები მიიღო და მზად არის კონტრაქტის გასაფორმებლად. ჰეი დაეთანხმა ტელეტრანსლიაციებიდან მიღებული შემოსავლის თანაბრად გაყოფას. ადრე ბრიტანელი დაჟინებით მოითხოვდა, რომ მას მიეღო ბრიტანეთში ტრანსლიაციისგან შემოსული ფული, კლიჩკოს - გერმანული რეპორტაჟების შემოსავალი. 

ჰეიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ ახლა არაფერი უდგას წინ ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლის გამართვას. ბრიტანელი მოკრივის თქმით, ის დათმობაზე წავიდა, რადგან ბრიტანეთში ბრძოლის ჩვენება უფრო მეტ შემოსავალს მოიტანდა, ვიდრე გერმანიაში. მაგრამ როგორც სააგენტო AP იუწყება, მოლაპარაკებების დროს ახალი წინაღობა გაჩნდა. გერმანიაში ძმები კლიჩოების ბრძოლებს ტელეარხი RTL გადასცემს, ხოლო პრომოუტერულ კომპანია Sauerland Event-ს, რომელსაც ჰეის ბრძოლაზე აქვს უფლებები, ტელეკომპანია ARD-სთან აკავშირებს კონტრაქტი. 

როგორც უკრაინელი ძმების მენეჯერმა ბერნდ ბენტემ განაცხადა, ჰეის გუნდს მიაჩნია, რომ ARD მზად არის კლიჩკო-ჰეის ჩვენებისთვის უფრო მეტი გადაიხადოს, ვიდრე RTL-მა. ამასთან დაკავშირებით ჰეის გუნდს სურს, კლიჩკომ დაფაროს სხვაობა ტელეარხების შემოთავაზებებს შორის. 

ბენტეს თქმით, მას არ სჯერა, რომ ARD მართლაც მზად არის უფრო სარფიანი წინადადების შესათავაზებლად. გარდა ამისა, ძმები კლიჩკოები ნებისმიერ შემთხვევაში აპირებენ RTL-ის კონტრაქტის პირობების შესრულებას, რადგან ეს ხელშეკრულება კიდევ ორ ბრძოლაში თანამშრომლობას ითვალისწინებს. 

სავარაუდოდ, ეს ორი ბრძოლა იქნება ვიტალი კლიჩკოსა და კუბელი ოდლანიერ სოლისის ჩხუბი, რომელიც სავარაუდოდ მარტში გაიმართება და ვლადიმერ კლიჩკოს შემდეგი შეხვედრა. 

11 დეკემბერს ვლადიმერი ბრიტანელ დერეკ ჩისორას უნდა შეხვედროდა, მაგრამ ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე ზურგის ტრავმა მიიღო. კონტრაქტის თანახმად, უმცროს კლიჩკოს ერთი თვე აქვს ახალი მეტოქის მოსაძებნად. თუ ის 11 იანვრამდე ვერ შეძლებს ამის გაკეთებას, ჩოსორასთან შეხვედრა მოუწევს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული