ვიტალი კლიჩკო: სოლისს მარტში შევხვდები

AutoSharing Option

სუპერმძიმე წონაში, WBC-ის ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონმა ვიტალი კლიჩკომ უკრაინული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში კუბელ ოდლანიერ სოლისთან მომავალ შეხვედრას კომენტარი გაუკეთა.

"მე ვნახე სოლისისა და ოსტინის ბრძოლა და უნდა ვაღიარო, რომ სერიოზულ მეტოქესთან მომიწევს ჩხუბი, - ამბობს უკრაინელი ჩემპიონი. - ის 2004 წლის ოლიმპიადისა და მსოფლიოს სამი ჩემპიონატის გამარჯვებულია სამოყვარულო კრივში. მომავალ ბრძოლაში მომიწევს იმის დამტკიცება, რომ სამოყვარულო და პროფესიული კრივი სპორტის ორი განსხვავებული სახეობაა. რა თქმა უნდა, პარალელებიც არის - ტრუსები და ხელთათამანები, მაგრამ განსხვავება უფრო დიდია. რინგზე დავამტკიცებ, რომ პროფესიონალებს

შორის მსოფლიოს ჩემპიონობა უფრო წონადია, ვიდრე მოყვარულებში".

ვიტალი მნიშვნელობას არ ანიჭებს იმ ფაქტს, რომ სოლისმა ოსტინის წინააღმდეგ მეტოქის დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა: "ის ქულებით მაინც წინ იყო. ოსტინისთვის დისკვალიფიკაცია რომც არ მიეცათ, შედეგი იგივე იქნებოდა - სოლისი მოიგებდა. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არა მხოლოდ კუბელთან, არამედ მის პრომოუტერთან, ცნობილ "მოძალადე" დონ კინგთანაც მოგვიწევს ბრძოლა. მას ერთი სული აქვს, ძმები კლიჩკოებიდან რომელიმე დამარცხებული იხილოს, მაგრამ ჩვენ მისთვის არაერთხელ მიგვიჩენია კუთვნილი ადგილი".

ასევე უფროსმა კლიჩკომ კომენტარი გაუკეთა სოლისის მოთხოვნას - კუბელს საჩემპიონო ჩხუბში მონაწილეობისთვის 1.5 მილიონი დოლარი უნდა: "ეს მოლაპარაკების საკითხია. სოლისი - ჩემპიონობის ოფიციალური პრეტენდენტია. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გახლავთ. მოლაპრაკების პროცესში გამოვნახავთ საშუალედო თანხას, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს. შეგახსენებთ, რომ რუს მძიმეწონოსან ნიკოლაი ვალუევს ჩემთან ბრძოლისთვის 2.5 მილიონს სთავაზობდნენ, მაგრამ მან ამ თანხას სასაცილო უწოდა და ჩხუბზე უარი განაცხადა".

"ვფიქრობ, სოლისთან ბრძოლა მარტში გაიმართება, - ვარაუდობს ვიტალი კლიჩკო. - ჩატარების ადგილს კი ახალი წლის შემდეგ შევარჩევთ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული