კლიჩკოები საახალწლოდ გასუქდნენ

AutoSharing Option

უკრაინელი მძიმეწონოსნები - ვიტალი და ვლადიმერ კლიჩკოები გერმანული ფიტნეს-კლუბების ქსელის რეკლამაში მონაწილეობისთვის რამდენიმე ათეული კილოგრამით "გასუქდნენ".

კლიპის რეჟისორთა ჩანაფიქრით, ჩემპიონი ძმები მაღალკალორიულ კერძებს მიეძალნენ და ზედმეტი წონა აკრიფეს. რეკლამაში მოკრივეები ამ პრობლემის მოგვარებისა და ფიზიკური ფორმის აღდგენის სხვადასხვა გზას ეძებენ და ბოლოს ფიტნეს-ცენტრს მიმართავენ...


* * *
ვლადიმერ კლიჩკოსთან დაკავშირებით გაცილებით უფრო საინტერესო ინფორმაციას "ლოს ანჯელეს თაიმსი" აქვეყნებს. გაზეთი წერს, რომ სუპერმძიმე წონაში WBO-სა და IBF-ის ჩემპიონის მენეჯერთა მოლაპარაკებები WBA-ის ჩემპიონ დევიდ ჰეის გუნდთან პროდუქტიულად მიმდინარეობს. თუ ამერიკელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ,

გასარკვევი დარჩა მხოლოდ შეხვედრის ადგილი და თარიღი.

"ჰეის ძალიან უნდა ამ ბრძოლის ორგანიზება", - ამბობს ბრიტანელი მოკრივის ერთ-ერთი პრომოუტერი რიჩარდ შეფერი. ამ უკანასკნელის სიტყვებს ადასტურებს კლიჩკოების წარმამადგენელი ტომ ლევლერი: "ეჭვგარეშეა, რომ ბრიტანელის გუნდის მხრიდან დღეს უფრო მეტ სურვილს ვხედავთ, ვიდრე ეს წინა მოლაპარაკებებისას იყო. ვლადიმერსა და ვიტალის ყოველთვის უნდოდათ ჰეისთან შეხვედრა და ახლა, როგორც ჩანს, დევიდი მზად არის გამოწვევის მისაღებად".

პრომოუტერების თქმით, ევროპის რამდენიმე სტადიონი (მაგალითად, დიუსელფორდში ან ფრანქფურტში) მზად არის მოკრივეების მისაღებად. ახლა აუცილებელია თარიღისა და ადგილის ისე შერჩევა, რომ მან ხელი არ შეუშალოს დაძაბულ საფეხბურთო კალენდარს.

 

თანაც, ამ არჩევანმა უნდა დააკმაყოფილოს ბრიტანული ტელეარხის Sky Sports-ისა და გერმანული RTL-ის მოთხოვნები. შეფერმა აღნიშნა, რომ ბრძოლა გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში გაიმართება.


* * *
რაც შეეხება ვიტალი კლიჩკოს, ის მსოფლიოს საკრივო საბჭოს (WBC) ვერსიით 2010 წლის ერთ-ერთი ლაურეატი გახდა. კერძოდ, უკრაინელმა მოკრივემ "ყველაზე სამაგალითო ჩემპიონის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

WBC-მა პრიზები გუშინ დაარიგა. წლის მოკრივედ აღიარეს ამ ვერსიით საშუალო წონაში ჩემპიონი, არგენტინელი სერხიო მარტინესი. წლის ბრძოლად გამოცხადდა ნახევრადმძიმე წონაში WBC-ის საჩემპიონო დაპირისპირება ჟან პასკალსა და ბერნარდ ჰოპკინსს შორის.

ნომინაცია - "წლის ნოკაუტი" მოიგო სერხიო მარტინესმა. არგენტინელმა ეს პრიზი პოლ უილიამსთან ბრძოლის მეორე რაუნდში განხორციელებული ნოკაუტისთვის მიიღო.

 

ყველაზე დრამატულ ბრძოლად აღიარეს უმჩატეს წონაში WBC-ის ტიტულისთვის შეხვედრა ფერნანდო მონტიელსა და ჰოზუმი ჰასეგავას შორის.

ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ნომინაციაში - "გასული ათწლეულის მოკრივე" - ფილიპინელმა მენი პაკიაომ გაიმარჯვა. დაბოლოს, ორი მექსიკელი - საულ ალვარესი და ხულიო სეზარ ჩავესი წლის აღმოჩენად და წლის იმედად მონათლეს.

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული