სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონმა ვლადიმერ კლიჩკომ 2011 წლისთვის ორი ბრძოლის ჩატარებაზე მიაღწია შეთანხმებას. WBO-სა და IBF-ის ვერსიით საუკეთესო მოკრივე 30 აპრილს ბრიტანელ დერეკ ჩისორას შეხვდება, სექტემბერში კი პოლონელ ტომაშ ადამეკთან იჩხუბებს. ჩისორასთან ბრძოლა გერმანიის ქალაქ მანჰაიმში გაიმართება, ადამეკს კი უკრაინელი პოლონეთის ქალაქ ვროცლავში შეხვდება.
ძმები კლიჩკოების ოფიციალურ ვებგვერდზე ოფიციალურად არის დადასტურებული ჩისორასთან ბრძოლაზე კონტრაქტი, რაც შეეხება ადამეკს, პოლონელი მოკრივის წარმომადგენელმა fightnews.com-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინულ მხარესთან პრინციპული შეთანხმება მიღწეულია და მოკრივეებს მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერა სჭირდებათ.
შეგახსენებთ, რომ უმცროსი
ნაწილობრივ ცნობილია ვლადიმერის ძმის, ვიტალი კლიჩკოს გეგმები. WBC-ის ჩემპიონს მარტში ტიტულის აუცილებელი დაცვა უწევს კუბელ ოდლანიერ სოლისთან. გარდა ამისა, კლიჩკოების მენეჯერმა ბერნდ ბენტემ განაცხადა, რომ გარკვეული გარემოებების შემთხვევაში, სექტემბერში ადამეკის მეტოქე, შესაძლოა, ვიტალი კლიჩკო გახდეს.
როგორც ხედავთ, ძმების გეგმებში არ ფიგურირებს WBA-ის ჩემპიონი, ბრიტანელი დევიდ ჰეი. არადა, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს უკრაინულ და ბრიტანულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობდა, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. ვლადიმერ კლიჩკომ ჩისორასთან ხელმეორე ბრძოლის დანიშვნის შემდეგ გამოაცხადა, რომ ჰეის 2 ივლისს შეხვდებოდა, მაგრამ დევიდმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ვლადიმერი ასეთ მოკლე დროში ორი ბრძოლის ჩატარებას ვერ მოასწრებდა. ჰეიმ უკრაინელს ტრადიციულად "მხდალი" უწოდა და მოლაპარაკებები შეწყვიტა.
ახლა ჰეი რუსლან ჩაგაევთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. უზბეკი მოკრივე WBA-ის ტიტულის ოფიციალური პრეტენდენტია. ბრიტანელი ამ ბრძოლის გამართვას აპრილში გეგმავს. როგორც იცით, ჰეიმ შარშან განაცხადა, რომ 2011 წლის ოქტომბერში დაასრულებს კარიერას. მან ეს სიტყვები ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში დაადასტურა.
.