ქუთაისელი "ჩაქუჩა", რომელსაც საზღვარგარეთ "ტორნადოს" მეტსახელით იცნობენ, უკვე ექვსი წელიწადია, პროფესიულ რინგზე ასპარეზობს, თუმცა სამშობლოში ორთაბრძოლის ჩატარების შესაძლებლობა პირველად ეძლევა და თუ მის პოპულარობას გავითვალისწინებით, წინასწარ შეიძლება თქმა - სპორტის სასახლის ტრიბუნებს მაყურებლის დატევა გაუჭირდება.
30 წლის ხურციძეს პროფესიულ რინგზე ჩატარებული 26 ორთაბრძოლიდან 22 აქვს
12 მარტს ხურციძისა და ლორენცოს ორთაბრძოლის გარდა სპორტის სასახლეში კიდევ რამდენიმე მატჩი ჩატარდება და რაც მთავარია, ამ დღეს თბილისს საპატიო სტუმრის რანგში, შესაძლოა "რკინის მაიკი" - ტაისონიც კი ეწვიოს... ავთანდილ ხურციძე საპრომოუტერო კომპანია Elite moxing promotion-ის ღირსებას იცავს, რომლის წარმომადგენლებიც საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად თბილისს ამ დღეებში სტუმრობენ. რაც შეეხება თვითონ მოკრივეს, ავთო ორკვირიან შეკრებას ყირიმში გაივლის, მანამდე კი მოკრივემ გაზეთ "ყველა სიახლის" რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.
- ავთო, თქვენმა გუნდმა ნ’ჯიკამთან მატჩის შედეგი გაასაჩივრა. სარჩელი დააკმაყოფილეს?
- დავამტკიცეთ, რომ მსაჯებმა არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღეს. ჩემპიონის ქამარი ისევ ვაკანტური დარჩა - ჰასანი იძულებულია, ხელახლა იბრძოლოს და გენადი გოლოვკინს შეხვდეს, მე კი WBA-ს ვერსიით ჩემპიონობის უმთავრეს მაძიებლად ვრჩები და მარტში ისევ ვიბრძოლებ დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის.
- ჯოვანი ლორენცოსთან შეხვედრის ადგილი თავად აირჩიეთ?
- უკვე დიდი ხანია, საქართველოში ორთაბრძოლის ჩატარება მინდა. რადგან ჰასან ნ’დამ ნ’ჯიკამთან გამართულ მატჩს ქართულ ტელეეთერში საკმაოდ მაღალი რეიტინგი (30%-ზე მეტი) ჰქონდა, ჩემი საპრომოუტერო კომპანიის ხელმძღვანელობამ მე და ქართველ ხალხს საჩუქარი მოგვიძღვნა - შეხვედრის ადგილად თბილისი აირჩია. საკუთარი მაყურებლის წინაშე ასპარეზობა უდიდესი პასუხისმგებლობაც არის და დიდი სტიმულიც!
- ალბათ, თქვენი მშობლიური ქალაქიდან უამრავი ადამიანი ჩამოვა "ჩაქუჩას" მხარდასაჭერად.
- ეჭვიც არ მეპარება, რომ სპორტის სასახლის ტრიბუნებზე ბევრ ქუთაისელს ვნახავ...
- მომავალ მეტოქეზე რისი თქმა შეგიძლიათ?
- ჯოვანი ლორენცო ერთ-ერთი ძლიერი მოკრივეა მათ შორის, ვისთანაც მიჩხუბია. ძლიერი დარტყმისა და დიდი გამძლეობის მქონეა, საკმაოდ ტექნიკურიც. პროფესიულ რინგზე ჩატარებული 32 მატჩიდან 29 აქვს მოგებული და ორჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის პრეტენდენტი.
- თქვენი მატჩის გარდა 12 მარტს სპორტის სასახლეში კიდევ რამდენიმე ორთაბრძოლა გაიმართება. სხვა მონაწილეებზე რას იტყვით?
- დღეისათვის ცნობილია, რომ ჩემ გარდა მეტოქეებთან ურთიერთობის გასარკვევად რინგზე მაქსიმ პონომარიოვი, დანიარ განიკი და რაც მთავარია - ვიქტორ პოსტოლი გავლენ... ალბათ, პროგრამაში მონაწილეობას ქართველი მოკრივეებიც მიიღებენ.
- მართალია თუ არა, რომ თბილისში ლეგენდარულ მოკრივეები - მაიკ ტაისონი და როი ჯონსი ჩამოვლენ?
- ისინი ოფიციალური სტუმრების რანგში არიან მოწვეულნი და თუ სახელგანთქმული სპორტსმენები თბილისში ჩამოსვლას შეძლებენ, ქართველი მაყურებლისთვის ეს დიდი სიურპრიზი იქნება.
- უკვე რამდენიმე წელიწადია, კიევში ცხოვრობთ და ვარჯიშობთ. კახა კალაძემ თქვა ერთხელ - კიევი ისე მიყვარს, რომ შესაძლოა, კარიერის დასრულების შემდეგ საცხოვრებლად ეს ქალაქი ავირჩიოო. ავთანდილ ხურციძე რას ფიქრობს?
- კიევი უდიდესი ენერგეტიკის მატარებელი ქალაქია. შეუძლებელია, არ შეგიყვარდეს. რაც შეეხება საცხოვრებლად დარჩენას, გამორიცხული არაფერია...
რატი შელეგია
გაზეთი "ყველა სიახლე"