დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
სასამართლო სისტემაში მოხვედრის შემდეგ "გიჟების სპეციალიზებულ სკოლაში" გამამწესეს. სპეცსკოლა - ციხესავითაა. იქ გამოკეტილი ჰყავხართ იქამდე, სანამ შინ დაბრუნების დრო არ მოვა. სკოლამდე სპეციალური ავტობუსით მივდიოდი, რომელიც სავსე იყო დამნაშავე ბავშვებითა და ათასგვარი დარტყმულით.

უნდა გააკეთო ყველაფერი, რასაც გიბრძანებენ. მაგრამ მე მუდმივი მეამბოხე ვიყავი, პროტესტს გამოვთქვამდი, სახეში ვაფურთხებდი ყველას. გვაძლევდნენ სკოლაში მისასვლელ და უკან წამოსასვლელ ჟეტონებს, მე კი მათ სათამაშოდ ვიპარავდი. მასწავლებლებსაც კი ვქურდავდი და მეორე დღეს მათი ფულით შეძენილი ახალი ტანსაცმლით ვცხადდებოდი სკოლაში. ბევრ ცუდ რამეს ჩავდიოდი.

მომანიჭეს განსაზღვრება -
"ზეაქტიური" და ტორაზინი (პირველი სინთეზური ანტიფსიქოტიკი - ჟარგონზე "დიდი ტ") გამომიწერეს. მათ უარი თქვეს მეთილფენიდატზე (ადრე გამოიყენებოდა, როგორც ფსიქოსიმულატორი ნერვული სისტემის დაქვეითებისას) და პირდაპირ "დიდ ტ"-ზე გადავიდნენ. ეს ნაბიჭვრები 70-იან წლებში პატარა შავ აბებს მაძლევდნენ. ტორაზინი - ეს არის ექსკურსი სხვა სამყაროში. გაუნძრევლად ვიჯექი და მზერა ერთ წერტილზე მქონდა გაშტერებული.

არაფრის კეთება არ შემეძლო. ყველაფერი მესმოდა, მაგრამ სრულიად გამოთიშული ვიყავი. ზომბს ვგავდი. ჭამას არ ვითხოვდი, უბრალოდ, საკვები საჭირო დროს მოჰქონდათ. მეკითხებოდნენ: "ტუალეტში გინდა?" და მეც მახსენდებოდა: "დიახ, დიახ, მინდა". ვერც კი ვაცნობიერებდი, როდის მინდოდა ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება.

მთელი ამ სისაძაგლის შემდეგ სკოლიდან შინ მიშვებდნენ და იქ ვმშვიდდებოდი, როცა ტელევიზორში "როკისა და მის მეგობრებს" (ანიმაციური კომედიური სერიალი) ვუყურებდი. დედა ფიქრობდა, რომ რაღაც შემემთხვა, მაგრამ მე, უბრალოდ, წამლებით ვიყავი გაჭყეპილი. თუმცა, პირადად მე, არასოდეს ვყოფილვარ ნაწყენი იმის გამო, რომ არასწორი დიაგნოზი დამისვეს. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ცუდი ამბები მხოლოდ იმის გამო მემართებოდა, რომ თავად არ ვიყავი წესრიგში.

ზომბირებული და არანორმალური ბავშვების გარდა, სპეცსკოლაში დამნაშავე ელემენტებიც მოჰყავდათ და სხვადასხვა რაიონის კრიმინალებს ერთმანეთის გაცნობის საშუალება ეძლეოდათ. ჩვენ ტაიმს-სკვერზე დავდიოდით გამვლელთა ჯიბეების დასაცარიელებლად და იქ ვხვდებოდით ბიჭებს ამ სპეცსკოლიდან. მათ ფული ჰქონდათ, ძვირფას ქურქსა და მოდურ ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილნი და იმას აკეთებდნენ, რასაც ჩვენ.

ერთხელ, 1977 წელს, ტაიმს-სკვერზე ვიყავი და იქ ჩემიანებს შევხვდი ბედ-სტეის რაიონიდან. საუბარი გავაბით და უცებ ერთ-ერთმა მათგანმა ჩანთა გამოგლიჯა მეძავს. ის გაცოფდა და სახეში მესროლა ფინჯანი ცხელი ყავით. ჩვენკენ პოლიციელები წამოვიდნენ. ამიტომაც მე და ჩემი მეგობარი სასწრაფოდ გავიქეცით და XXX-კინოთეატრში (კინოთეატრი პორნოფილმებისთვის) შევცვივდით, მაგრამ მალე იქ ის მეძავი გამოგვეცხადა პოლიციელებთან ერთად.

- ესენი არიან, - მიუთითა ჩემზე და ბაბაზე.

- ჩვენ არაფერ შუაში ვართ, შენი დედაც! - პროტესტი ვცადე, მაგრამ პოლიციელებმა გარეთ გაგვიყვანეს და მანქანის უკანა სავარძელში ჩაგვსვეს. ის არანორმალური მეძავი ამით არ დაკმაყოფილდა, უკანა ფანჯარაში ხელი შემოყო და თავისი გრძელი ფრჩხილებით სახე დამიკაწრა. როცა ტაიმს-სკვერიდან გავრბოდი, დავინახე ჩემი ნაცნობები ბედ-სტეიდან. ის, ვინც ეს სისაძაგლე მოაწყო, მშვიდად აკვირდებოდა მომხდარს.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის განყოფილებაში მიგვიყვანეს. ბევრჯერ დავუპატიმრებივართ, ამიტომაც მიჩვეული ვიყავი ამ სისტემას. მაგრამ ამჯერად გაითვალისწინეს ჩემი პოლიციაში ვიზიტების სიხშირე და ამიტომაც პირდაპირ "სპოფორდში" გამიშვეს.

"სპოფორდი" არასრულწლოვანების გამოსასწორებელი ცენტრი იყო ბრონქსში, ჰანტს-პოინტის რაიონში. ბევრი საშინელი ისტორია მქონდა მოსმენილი "სპოფორდზე". ჰყვებოდნენ, რომ იქ მოდაში იყო სხვა პატიმრების მხრიდან ცემა. გასაგებია, რომ დიდად აღფრთოვანებული არ ვიყავი ამგვარი პერსპექტივით. რაღაც ტანსაცმელი მომცეს და ღამით კამერაში შემიყვანეს. დილით უსიამოვნო შეგრძნებები მაწუხებდა. წარმოდგენა არ მქონდა, რა მელოდა ახალ ადგილას, მაგრამ, როცა საუზმეზე სასადილოში მივედი, თანაკლასელების შეხვედრაზე მეგონა თავი. მაშინვე შევამჩნიე ძველი მეგობარი კერტისი, რომელთან ერთადაც სახლი გავძარცვე და რომელიც მასპინძელმა საშინლად დაამუშავა. ძველი ნაცნობებიც ვნახე.

"მოდუნდი! - ვუთხარი საკუთარ თავს. - აქ მხოლოდ შენიანები არიან".

ამის შემდეგ "სპოფორდში" ხშირად ვხვდებოდი და მალე ვტოვებდი მას - ეს ჩვეულებრივ ამბად იქცა. ერთხელ იქაურ დარბაზში შეგვიყვანეს მოჰამედ ალიზე ფილმის სანახავად - "ყველა დროის უდიადესი". ფილმის დასრულების შემდეგ ტაში დავუკარით და გაოგნებულნი დავრჩით, როცა სცენაზე თვით ალი გამოვიდა. ეს არარეალური იყო. მას ხმის ამოღებაც არ სჭირდებოდა - როგორც კი დავინახე, გადავწყვიტე, რომ მეც ასეთივე უნდა გავმხდარიყავი. საუბარი დაიწყო და ამან უდიდესი აღმაფრენა გამოიწვია ჩვენში. წარმოდგენაც არ მქონდა, რას ვაკეთებდი აქამდე ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ახლა ვიცოდი, რომ მინდოდა მას დავმგვანებოდი. საინტერესოა, მაგრამ ხალხი ასე აღარ ლაპარაკობს. თუ ისინი უყურებენ კარგ ორთაბრძოლას, შეიძლება თქვან: "მინდა მოკრივე გავხდე". მაგრამ არავინ იტყვის: "მინდა მას დავემგვანო". არ არსებობს რამდენიმე ალი, ის ერთია. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, გავმხდარიყავი დიადი. არ ვიცოდი, ამისთვის რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ გადავწყვიტე - ყველა ისე უნდა მიყურებდეს, როგორც ალის.

არასწორად არ გამიგოთ. "სპოფორდი" ისევ არსებობდა ჩემს ცხოვრებაში და არ შემოვბრუნებულვარ 360 გრადუსით. ისევ საძაგელი ბიჭი ვიყავი. სახლში სიტუაცია სულ უფრო ირეოდა. ამ დაპატიმრებების, სპეცსკოლებისა და წამლების გამო დედამ საერთოდ ჩაიქნია ჩემზე ხელი. თუ საკუთარ ადრეულ ბავშვობას დავუბრუნდები, მას არც არასოდეს ჰქონია ჩემ მიმართ განსაკუთრებული იმედები. უბრალოდ, ვიცი, რომ იმ ექიმმა, რასისტმა ნაძირალამ, რომელმაც უთხრა დედას, რომ განვითარებაში ჩამოვრჩები, ამით წაართვა ჩემ მიმართ იმედი და რწმენა. მათ ყველამ მომპარეს დედაჩემის სიყვარული და დაცვაც, რომელიც შეიძლება მისგან მიმეღო.

არასოდეს მინახავს დედა ჩემ გვერდით ბედნიერი. არ მახსოვს, რომ ჩემით და ჩემი საქმეებით ამაყი ყოფილიყო. არასოდეს მქონია მასთან დალაპარაკებისა და მისი უკეთ გაცნობის შესაძლებლობა. პროფესიული თვალსაზრისით, ამას, ალბათ, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ ემოციურად და ფსიქოლოგიურად, შეიძლებოდა უდიდესი როლი შეესრულებინა. ვუყურებდი, როგორ კოცნიდნენ და ეხვეოდნენ დედები ჩემს მეგობრებს. მე მსგავსი რამ არ მღირსებია. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ სიყვარულით მაძლევდა თავის საწოლში დაძინების უფლებას, ძალიან ცდებით: უბრალოდ, ყოველთვის მთვრალი იყო.

იმის გამო, რომ უარი ვთქვი კორექციულ სისტემაზე, მთავრობამ გადაწყვიტა ჩემი თავშესაფარში გაშვება. მათ შეკრიბეს ბავშვების ჯგუფი - მოტყუებულები, გზასაცდენილები, არანორმალურები და გააგზავნეს იქ, სადაც მთავრობა ფულს უხდის ასეთი ბავშვების ზედამხედველებს. ეს მოჩვენებითობა იყო. იქ ორი დღეც ვერ ვძლებდი და უკან გამოვრბოდი. ერთხელ, ლონგ-აილენდზე ბრენტვუდის თავშესაფარში ვიყავი. სახლში დავრეკე და ცრემლიანი ხმით შევჩივლე დედას, რომ მარიხუანა აღარ მქონდა. მან როდნის დაავალა ჩემთვის ყველა საჭირო ნივთის შეძენა. ის ყოველთვის კარგი ორგანიზატორი იყო.

საბოლოოდ, მაუნტ-ლორეტოში სტეიტენ-აილენდის თავშესაფარში გამაგზავნეს. მაგრამ ჩემი შეცვლა შეუძლებელი იყო. იქაურ ბიჭებს ბორანზე ფულს ვპარავდი. არასოდეს იცი, ვის ძარცვავ. ხანდახან მიადგები ისეთს, ვინც ფულის უკან დაბრუნებას ეცდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სწორედ ასეთი ბიჭი ყველა ჩვენგანს დაესხა თავს.

- ვინ აიღო ჩემი ფული? - ყვიროდა ის.

სათითაოდ ყველას დაგვიწყო ცემა. ის ჩემმა მეგობარმა გაქურდა და ამ მახინჯმა მასაც მოსდო, ოღონდ ეჭვად არ ჰქონდა, რომ სწორედ დამნაშავეს გადაეყარა. ბორანი დავტოვეთ და სიცილით ვიგუდებოდით იმის გახსენებაზე - როგორ მოვიპარეთ ფული. ჩემი მეგობარიც კი იცინოდა, არადა, ისევ სტკიოდა საჯდომი პანღურებისგან. ეს ბიჭი ბორნიდან წყალში გადაგვყრიდა, რომ სცოდნოდა, მძარცველები ჩვენ ვიყავით. დღეს, როცა ვიხსენებ, როგორი ცხოვრება მქონდა მაშინ, შიში მიპყრობს. ღმერთო, ხომ შეიძლებოდა, უბრალოდ, მოვეკალით მას. ძალიან გაბრაზებული იყო.

სტეიტენ-აილენდიდან 1978 წლის დასაწყისში გამათავისუფლეს და ბრაუნსვილში დავბრუნდი. იქ გავიგე, რომ ბევრი ჩემი მეგობარი სულელურად დაიღუპა: საიუველირო ნაკეთობების ან ორი ასეული დოლარის გამო. მეწყინა, მაგრამ ქურდობა და ყაჩაღობა არ მიმიტოვებია. ვაკვირდებოდი უფროს ბიჭებს, რომლებსაც პატივს ვცემდი. ვუყურებდი, როგორ იზრდებოდნენ და როგორ იხვეჭდნენ პოპულარობას, მაგრამ, ასევე, ვხედავდი მათ პრობლემებსაც. დაუნდობლად სცემდნენ ქურდობისთვის, მაგრამ გაჩერება აღარ შეეძლოთ. ეს მათ სისხლში ჰქონდათ.

რაიონი სულ უფრო ნაკლებად იყო კეთილგანწყობილი ჩემ მიმართ. უფრო მეტ ადამიანს ვეზიზღებოდი. მხოლოდ 11 წლის ვიყავი, მაგრამ ხანდახან, საკუთარ საქმეებზე მიმავალს, შეიძლებოდა რომელიმე სახლის მეპატრონეს ან მაღაზიის მფლობელს ჩემთვის ქვა ან რაიმე სხვა ნივთი ესროლა.

- ნაბიჭვარო, ქურდო, ნაძირალა! - ყვიროდნენ ისინი.

თუ ჩემზე კარგ ტანსაცმელს ხედავდნენ, იცოდნენ, რომ მე, ზანგმა, უბრალოდ, მოვპარე ეს მათ. ერთხელ რომელიღაც სახლის წინ მეგობართან სასაუბროდ გავჩერდი და ერთი ბიჭი, სახელად ნიკი, თოფით ხელში გამოვიდა იქიდან, მის მეგობარს კი პისტოლეტი ჰქონდა. ნიკიმ შარვალში ჩამიდო თოფი, პირდაპირ სასქესო ასოსთან.

- მომისმინე, პატარა ზანგო. თუ კიდევ გავიგებ, რომ სახურავზე აძვერი, აგაფეთქებ. თუ ისევ დაგინახავ ამ რაიონში, შენს შარვალში ტაფამწვარს მოვამზადებ, - მითხრა მან.

ჯანდაბა! არც კი ვიცოდი, ვინ იყო, სამაგიეროდ, ის მიცნობდა კარგად. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ვიღაც ქუჩაში მოგიახლოვდათ და ასე მოგექცათ?

მე-13 დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე ისევ დამაპატიმრეს მოპარულის შენახვისთვის. მთავრობას ჩემთვის ნიუ იორკის გარეუბნებში უკვე ყველა საპატიმრო მოსინჯული ჰქონდა. არ ვიცი, ამჯერად რა სამეცნიერო-დიაგნოსტიკური ტესტები გამოიყენეს, მაგრამ გადაწყვიტეს ჩემი გაგზავნა ბიჭების სპეცსკოლაში - "ტრიონში", რომელიც ნიუ იორკის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში იყო.

დედაჩემი გახარებული იყო იმით, რომ ჩრდილოეთით მიშვებდნენ. იმ დროს ბევრი მოზრდილი ბიჭი მოდიოდა ჩვენთან სახლში და მე მეძებდა.

- შენი ძმა ბინძური ნაბიჭვარია. მოვკლავ მას, - ემუქრებოდნენ ჩემს დას.
- ის უბრალოდ ბავშვია, - პასუხობდა ის. - მას ხომ არ წაურთმევია თქვენთვის ცოლი ან სხვა რაიმე სისაძაგლე ხომ არ ჩაუდენია.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ თქვენთან შინ მოდიან უფროსი ბიჭები, დაგეძებენ, თქვენ კი ამ დროს მხოლოდ 12 წლის ხართ! შეიძლებოდა ამის შემდეგ დედაჩემის დადანაშაულება იმაში, რომ მას ჩემთან დაკავშირებით ყველანაირი იმედი გადაეწურა?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული