შესანიშნავი სანახაობა იყო! ორივენი ელეგანტურად და ეფექტურად ჩხუბობდნენ, სწრაფ დარტყმების ასრულებდნენ. ეს ყველაფერი ბალეტს ჰგავდა - თითქოს სცენაზე გამოდიოდნენო. მონუსხულივით ვუყურებდი. ადრე არასოდეს მიმიღია ასეთი აღმაფრენა.
როცა კასთან ვიზიტები დავიწყე,
ვსაუბრობდით საკმაოდ აბსტრაქტულ ცნებებზე, თუმცა მას შეეძლო ამ ცნებების ჩემამდე მოტანა. კასმა იცოდა, როგორ ელაპარაკა ჩემს ენაზე. ის თავად იზრდებოდა უხეში ზნე-ჩვეულებების უბნებში და ისიც ქუჩის ბიჭი იყო.
პირველ რიგში, კასი მიყვებოდა შიშზე და მისი დაძლევის ხერხებზე.
- შიში - ეს არის ყველაზე დიდი წინაღობა სწავლისთვის, მაგრამ, ამავდროულად, შიში შენი საუკეთესო მეგობარია. ის ცეცხლივითაა. თუ ისწავლი მის კონტროლს, მაშინ აიძულებ მას, შენზე იმუშაოს. თუ ვერ შეძლებ შიშის გაკონტროლებას, ის გაგანადგურებს შენ და ყველაფერს შენ გარშემო. ეს მთის წვერზე თოვლის გუნდასავითაა: სანამ ქვემოთ არ ჩამოგორდება, შეგიძლია ერთი ადგილიდან მეორეზე გააგორო, ათამაშო. მაგრამ, როგორც კი დაგორდება, თანდათან გაიზრდება და გაგჭყლეტს. ამიტომაც არასოდეს არ უნდა მისცე შიშს საშუალება, გაიზარდოს და კონტროლიდან გამოვიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასახულ მიზანს ვერ მიაღწევ ან საკუთარ თავს ვერ გადაარჩენ.
- წარმოიდგინე ირემი, რომელიც ღია მინდორზე გარბის. ტყესთან მიახლოებულს, ინსტინქტი კარნახობს, რომ, შესაძლოა, ხიფათი ახლოსაა, მაგალითად, იაგუარი. ამ დროს ბუნება დაცვით ფუნქციებს რთავს, თირკმელზედა ჯირკვლები სისხლში ადრენალინს გამოყოფენ, ეს აიძულებს გულს უფრო სწრაფად ცემას, რაც, თავის მხრივ, საშუალებას აძლევს ორგანიზმს, გამოავლინოს ძალისა და მოხერხებულობის დაუჯერებელი სასწაულები.
თუ, ჩვეულებრივ, ირემს შეუძლია 15 ფუტის სიგრძის ნახტომი შეასრულოს, ადრენალინი საშუალებას აძლევს, 40 ან 50 ფუტზე გადახტეს, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ხიფათს თავი დააღწიოს. ადამიანის შემთხვევაშიც იგივე ხდება. თუ გემუქრებიან ან შიში გაქვს, რომ დაგასახიჩრებენ, ადრენალინი აჩქარებს გულის მუშაობას. ადრენალინის გავლენით, ადამიანებს შეუძლიათ დაუჯერებელი გმირობები ჩაიდინონ.
- იცი თუ არა განსხვავება გმირსა და ლაჩარს შორის, მაიკ? არანაირი განსხვავება არ არის მათ გრძნობებში. მათ საკუთარი საქციელი განასხვავებს. გმირიც და მშიშარაც აბსოლუტურად ერთსა და იმავეს გრძნობენ, მაგრამ შენ უნდა შეგეძლოს საკუთარი თავის გაკონტროლება, რათა მოიქცე ისე, როგორც გმირი და არა ლაჩარი.
- ნუ მიენდობი შენს ფსიქიკას, მაიკ. უნდა ებრძოლო მას, აკონტროლო და შეაკავო ის. უნდა გააკონტროლო საკუთარი ემოციები. რინგზე დაღლილობა 90 პროცენტით - ფსიქოლოგიური ფაქტორია. ეს მხოლოდ საბაბია იმისთვის, ვისაც ბრძოლის შეწყვეტა უნდა. ბრძოლის წინა ღამეს დაძინებას ვერ ახერხებ - არ ინერვიულო, შენს მოწინააღმდეგესაც იგივე სჭირს. როცა აწონვა დაიწყება, მოგეჩვენება, რომ ის შენზე გაცილებით დიდია და მშვიდი, როგორც მახრჩობელა გველი, მაგრამ დამიჯერე: შიგნიდან შიში მას მთლიანად წვავს. შენს წარმოსახვას შეუძლია ისეთი თვისებები მოგანიჭოს, რომელიც მას არ აქვს. გახსოვდეს, რომ ეს ხსნის დაძაბულობას. იმ მომენტში, როცა გონგი გაისმება და კონტაქტში შეხვალთ, უცებ აღმოჩნდება, რომ შენი მეტოქე - ისეთივეა, როგორც სხვები, რადგან ახლა შენი ფანტაზიები გაქრა. თავად ბრძოლა - ეს არის ერთადერთი რეალობა, რომელსაც მნიშვნელობა გააჩნია. შენ უნდა ისწავლო საკუთარი ნებისყოფის თავსმოხვევა და ამ რეალობაზე კონტროლის აღება.
შემეძლო საათობით მესმინა კასისთვის, რასაც ვაკეთებდი კიდეც. ის მიყვებოდა - რამდენად მნიშვნელოვანია ინტუიციით და ძალდაუტანებლად მოქმედება, რათა საშუალება არ მისცე შენს გრძნობებსა და ემოციებს, შეგბოჭონ. მან მომიყვა, რომ ერთხელ საუბარი ჰქონდა დიდ მწერალთან, ნორმან მეილერთან.
- კას, თავად ვერ აცნობიერებთ ამას, მაგრამ ძენ-ბუდიზმის (იაპონური ბუდიზმის ერთ-ერთი ნაირსახეობა, რომელიც ქადაგებს მედიტაციას, განჭვრეტასა და ინტუიციას, როგორც გარე სამყაროსთან ჰარმონიის მიღწევის გზას) მიმდევარი ხართ, - უთხრა მეილერმა კასს და აჩუქა წიგნი, რომელსაც ერქვა - "ძენი მშვილდიდან სროლის ხელოვნებაში" (ავტორი ოიგენ ჰერიგელი). კასი ხანდახან მიკითხავდა მას.
მან მომიყვა, რომ თავისი პირველი ბრძოლის დროს, პრაქტიკაში განიცადა ემოციური იზოლირების უმაღლესი დონე. კასი იმ დროს სატრენაჟორო დარბაზში დადიოდა და გადაწყვიტა, პროფესიონალი მოკრივე გამხდარიყო. ერთი თუ ორი კვირა ტექნიკაზე მუშაობდა, როცა მენეჯერი დაინტერესდა - ხომ არ სურდა ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლა. ასე აღმოჩნდა რინგზე, გული გამალებით უცემდა. გაისმა გონგი, მისი მეტოქე შეტევაში გადავიდა და დარტყმებით დაბომბა კასი. ცხვირი გაუსივდა, თვალები დაუწვრილდა, სისხლისგან იცლებოდა. ბიჭმა ჰკითხა - გაეგრძელებინათ თუ არა ბრძოლა და კასმა მიუგო, რომ კიდევ ერთხელ ცდიდა ბედს. მეორე რაუნდი დაიწყო და უცებ იგრძნო, რომ მისი გონება სხეულს დაშორდა. თითქოს საკუთარ თავს გვერდიდან უყურებდა. თითქოს შორიდან გრძნობდა დარტყმებს. აცნობიერებდა, რომ დარტყმები იყო, მაგრამ თითქმის ვერ გრძნობდა მათ.
კასი მასწავლიდა: იმისთვის, რომ კარგი მოკრივე გახდე, უნდა შეგეძლოს საკუთარი აზრებისგან გათავისუფლება. გვერდზე დამისვამდა და მელაპარაკებოდა:
- გადალახე ზღვარი. კონცენტრირება მოახდინე. ახლა მოდუნდი იქამდე, სანამ საკუთარ თავს არ დაინახავ, რომელიც შენ გიყურებს. მითხარი, როცა ეს მოხდება.
ეს მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ყველაფერს ძალიან ემოციურად აღვიქვამდი. მოგვიანებით მივხვდი, რომ თუ რინგზე საკუთარი გრძნობებისგან გათავისუფლებას ვერ ვისწავლიდი, ფსკერისკენ წავიდოდი. შეიძლებოდა მეტოქისთვის ძლიერად დამერტყა და შემდეგ მენერვიულა იმის გამო - რატომ არ წაიქცა.
კასმა განავითარა ეს სხეულსმიღმა გამოცდილება - ის ერთი დონით მაღლა აიყვანა. ის აშორებდა თავის შეგნებას სხეულს, შემდეგ აზრობრივად ხატავდა მომავალს თავის წარმოსახვაში.
- ყველაფერი ნორმალურად მიდის, საკუთარ თავს ვაკვირდები, - მეუბნებოდა ის. - ეს მე ვარ, მაგრამ, ამავდროულად, მე არ ვარ. თითქოს ჩემი წარმოსახვა და სხეული არ არიან შეერთებულნი ერთმანეთთან, მაგრამ, სინამდვილეში, ერთად არიან. ჩემს გონებაში არის სურათი - რა შეიძლება მოხდეს. შემიძლია რეალურად დავინახო ეს - როგორც ეკრანზე. ვხედავ მეტოქის მოძრაობის დასაწყისს, ვხედავ, როგორი იქნება მისი რეაგირება. როცა ეს ხდება, შემიძლია დავაკვირდე, როგორ აწარმოებს ეს მოკრივე ბრძოლას და ვიცი ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდე მასზე. მე თითქოს ვხედავ, როგორ ტრიალებს ბორბლები მის თავში. თითქოს მე ვარ ეს ბიჭი - მის სხეულში ჩაბუდებული.
კასი იმასაც ამტკიცებდა, რომ შეეძლო გაეკონტროლებინა მოვლენები თავისი წარმოსახვის გამოყენებით. კასი ავარჯიშებდა როკი გრაციანოს (ტომას როკო ბარბელა - ამერიკელი მოკრივე-პროფესიონალი XX საუკუნის შუაში, მსოფლიოს ჩემპიონი საშუალო წონაში), როცა ის ჯერ კიდევ სამოყვარულო კრივში გამოდიოდა. ერთხელ როკის მძიმე შეხვედრა ჰქონდა. ორჯერ ნოკდაუნში მოხვედრის შემდეგ თავის კუთხეში დაბრუნდა და ბრძოლის შეწყვეტა სურდა, მაგრამ კასმა ის ძალით შეაგდო რინგზე მომდევნო რაუნდში საბრძოლველად. ის იყენებდა თავის წარმოსახვას იმისთვის, რომ როკის ხელი დასარტყმელად მიემართა. ყველაფერი გამოვიდა - მეტოქე დაეცა და რეფერიმ ბრძოლა შეწყვიტა. ჩემი მწვრთნელი მაგარი ბიჭი იყო.
კასს მტკიცედ სწამდა - საკუთარ წარმოსახვაში უნდა იყო ის, ვინც გინდა, რომ მომავალში გამოხვიდე. თუ გსურს გახდე მსოფლიოს ჩემპიონი მძიმე წონაში, უნდა დაიწყო ჩემპიონივით ცხოვრება. მხოლოდ 14 წლის ვიყავი, მაგრამ უკვე მტკიცედ მივდევდი კასის ფილოსოფიას. მუდმივად ვვარჯიშობდი; ყველაფერი რომის გლადიატორივით მქონდა გათვლილი; გონებრივად მუდმივი ბრძოლის მდგომარეობაში ვიყავი, შინაგანად კი მშვიდი და მოდუნებული ვრჩებოდი. ისე, რომ ეჭვადაც არ მქონდა, ის ქადაგებდა "მიზიდულობის კანონს" (ფილოსოფიურ-ოკულტური კონცეფცია იმის შესახებ, რომ ნებისმიერი განზრახვა და შეხედულება იზიდავს იმ ადამიანებსა და საგნებს, რომლებიც შეესაბამებიან ამ განზრახვებსა და საკუთარი თავისადმი დამოკიდებულებას) და მასწავლიდა მას.
კასი, აგრეთვე, შთაგონების ოსტატი იყო. მას ჰქონდა წიგნი სახელწოდებით - "შეგნებული თვითშთაგონება, როგორც გზა საკუთარ თავზე ბატონობისკენ". მისი ავტორი იყო ფრანგი ფარმაცევტი და ფსიქოლოგი ემილ კუე. კუე რეკომენდაციას აძლევდა საკუთარ პაციენტებს - გაემეორებინათ ერთი და იგივე ფრაზა: "ყოველდღე, ყველაფერში სულ უფრო და უფრო უკეთესი ვხდები". და ეს მეორდებოდა გაუთავებლად. კასს კატარაქტა ჰქონდა ცალ თვალში და სულ ამ ფრაზას იმეორებდა, რომელიც, როგორც ამტკიცებდა, ძალიან ეხმარებოდა.
კასი გვაიძულებდა, გამოგვეყენებინა თვითშთაგონების მეთოდები. ასე მაგალითად, მე მაიძულებდა მეთქვა: "მე ვარ საუკეთესო მოკრივე მსოფლიოში. არავის შეუძლია ჩემი დამარცხება". ყოველდღე, ხშირად ვიმეორებდი ამ ფრაზას. მომწონდა ამის კეთება. მომწონდა ჩემგან საკუთარ თავზე ამის მოსმენა.
ამ მეთოდების მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ მოკრივე საკუთარ ძალებში ყოფილიყო დარწმუნებული. თავდაჯერებულობა - ეს იყო ყველაფერი, მაგრამ იმისთვის, რომ საკუთარ თავში იყო დარწმუნებული, უნდა გამოსცადო შენი თავი, გარისკო. დამაჯერებლობა თავისთავად, ჰაერიდან არ მოდის. ის მოდის შენთან მას შემდეგ, რაც ყოველ ჯერზე საკუთარ გონებაში აცნობიერებ იმას, რაც გეხმარება თავდაჯერებულობის განვითარებაში.
კასმა ეს ყველაფერი პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში გადმომილაგა. მთელი გეგმა გამაცნო. ამიხსნა ჩემი დანიშნულება. მე უნდა გავმხდარიყავი ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი მძიმე წონაში. მაშინ ეს არ ვიცოდი, მაგრამ კასთან ერთ-ერთი პირველი ხანგრძლივი საუბრის შემდეგ მან კამილასთან აღიარა:
- კამილა, ეს ის არის, რასაც მთელი ცხოვრება ველოდი.
ახლოვდებოდა დღე, როცა "ტრიონიდან" ბრუკლინში უნდა დავბრუნებულიყავი. ბობი სტიუარტი მომიახლოვდა და მითხრა:
- არ მინდა, რომ ბრუკლინში დაბრუნდე. მეშინია. რაიმე სისულელეს ჩაიდენ და მოგკლავენ ან ისევ ციხეში ჩაჯდები. გინდა კასთან მუშაობის გაგრძელება?
დაბრუნება არც მე მინდოდა. საკუთარ ცხოვრებაში ცვლილებები მსურდა. გარდა ამისა, მომწონდა ამ ადამიანების დამოკიდებულება ჩემ მიმართ. მათთან ვგრძნობდი, რომ საზოგადოების ნაწილი ვიყავი. დედაჩემს მოვუყევი კასთან ცხოვრების შესახებ.
- მინდა იქ გადავიდე სავარჯიშოდ. მინდა მოკრივე გავხდე. შემიძლია მსოფლიოს საუკეთესო მოკრივედ ვიქცე.
აი, როგორ ამირია კასმა ტვინი. მან შთამაგონა ეს ყველაფერი: დამარწმუნა, რომ დიადი გავხდებოდი, დღიდან დღემდე დავიხვეწებოდი - ყოველთვის და ყველაფერში. თავში ჩამიჭედა იდეა სრულყოფაზე.
დედაჩემს ეწყინა ჩემი წასვლა, მაგრამ ყველა საჭირო დოკუმენტს მოაწერა ხელი. როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა - დედის როლში კრახი განიცადა.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ძლიერ სასარგებლო და საინტერესოა სპორცმენისათვის !!!