დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
აი, ასეთია კასის ისტორია, რომელიც მოატყუეს და დიდების გარეშე დატოვეს. ძალიან გვიან გავიგე, რომ კასი ჩვენს მეგობარს, გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომელს მარკს სთხოვდა - მიემართა ოლბანის საოლქო ფედერალური პროკურატურისთვის, რათა ჩატარებულიყო გამოძიება ტილმანისთვის გამარჯვების მინიჭების საქმეზე.

ტილმანისთვის ორი მოგების ჩუქების შემდეგ, წყობიდან გამოვედი. გადმომცეს მეორე ადგილისთვის განკუთვნილი თასები, მაგრამ ისინი მოვისროლე და დავამსხვრიე. ნებისმიერ შემთხვევაში, კასმა ოლიმპიადაზე გამიშვა. მე ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად უნდა ვყოფილიყავი. თამაშები იმავე წელს, ლოს ანჯელესში იმართებოდა.

კასმა მითხრა, რომ უნდა წავსულიყავი იქ და სიამოვნება მიმეღო მომხდარით.
მან ყოველ ბრძოლაზე ორი ბილეთი მიშოვნა, თუმცა ისედაც მქონდა ყველგან თავისუფალი შესვლის უფლება, ამიტომაც ბილეთები გავყიდე. ასე რომ, ოლიმპიადის გამო ბოლომდე წაგებული არ დავრჩი. გარდა ამისა, იქ ერთი სიმპატიური სტაჟიორი გოგონა იყო, რომელიც აშშ-ის ოლიმპიურ კომიტეტში მუშაობდა. ყველა მოკრივე და მწვრთნელი მის შებმას ცდილობა, მაგრამ მხოლოდ მე შევძელი მისი დაპყრობა. მომწონდა ეს გოგო. რამდენიმე წლიანი ვარჯიშისა და ჩაკეტილი ცხოვრების შემდეგ, როგორც იქნა, სექსისგან სიამოვნება მივიღე.

მაგრამ ამან ვერ გამიქარწყლა ის იმედგაცრუება და ტკივილი, რასაც ჩემთვის ოლიმპიური ოცნების მოპარვა ერქვა. როცა ოლიმპიადა დასრულდა, უკან ნიუ იორკში დავბრუნდი, მაგრამ კატსკილში მაშინვე არ წავსულვარ. ქალაქში დავხეტიალობდი და ძალიან დათრგუნვილი ვიყავი. ერთხელ, სადილის შემდეგ, 42-ე ქუჩაზე წავედი კარატეზე ფილმის სანახავად. კინოთეატრში შესვლამდე მარიხუანა მოვწიე.

კაიფი მივიღე და გამახსენდა - ერთხელ როგორ გამომიჭირა მარიხუანაზე კასმა. ეს მაშინ მოხდა, როცა მეორედ გავიმარჯვე იუნიორთა ოლიმპიურ თამაშებზე. ერთ-ერთმა მოკრივემ, რომელსაც ჩემი შურდა, კასთან ჩამიშვა. იქამდე, სანამ მამხილებელ ფაქტებს გავანადგურებდი, კასმა ჩემს ოთახში გერმანელი დამლაგებელი რუთი გაუშვა და მან იპოვნა მარიხუანა.

შინ დაბრუნებულს, კასი გაცოფებული დამხვდა.

- ეს კარგი რამე უნდა იყოს, მაიკ. რადგან შენ ამას ეწევი, დარწმუნებული ვარ, კარგი რამ არის. ბრუნდები ოთხასი წლით უკან, მონობისა და კატორღული შრომის დროში.

იმ დღეს, მან მორალურად გამანადგურა. მაიძულა ზანგ ბიძია თომად მეგრძნო თავი. ის ვერ იტანდა ასეთი ტიპის ადამიანებს. და მან იცოდა როგორ ეგრძნობინებინა ჩემთვის ჩემი მორალური დაცემის მთელი ტრაგედია.

ვიჯექი კინოთეატრში და ვიხსენებდი იმ ამბავს. და სულ უფრო და უფრო ვეფლობოდი დეპრესიაში. შემდეგ ტირილი დავიწყე. როცა ფილმი დასრულდა, პირდაპირ სადგურზე წავედი და კატსკილში დავბრუნდი. უკანა გზაზე საკუთარ თავს ვახსენებდი, რომ სასწრაფოდ უნდა დამეწყო მომზადება პროფესიული კრივისთვის. როცა პროფესიონალი გავხდები, ჩემი გამოსვლები სულის შემძვრელი უნდა იყოს. კატსკილში მგზავრობისას, საკუთარ თავთან ლაპარაკი დავიწყე:

- ტაისონის გარდა, ისინი არავის ყურებას აღარ მოინდომებენ. ის გადააბიჯებს ზღვარს. ის ისეთი დიადი მოკრივეების გვერდით დადგება, როგორებიც იყვნენ - ჯონ სალივანი, ჯო ლუისი, ბენი ლეონარდი, ჯო ჰანსი და სხვები. ტაისონი გახდება ბრწყინვალე მოკრივე.

მესამე პირში საკუთარ თავზე ვყვებოდი.

როცა მატარებლიდან ჩამოვედი და ტაქსი ავიყვანე, უკვე ზღვრამდე ვიყავი დამუხტული. სამყარო მალე გაიცნობს მოკრივეს, როგორიც აქამდე არ უნახავს. ყველანაირი საზღვრების დაპყრობა განვიზრახე. ეს ქედმაღლურად ჟღერდა, მაგრამ სავსებით საღად წარმომედგინა ჩემი პერსპექტივები მოკრივის რანგში. ვიცოდი, რომ ვერაფერი შემაჩერებდა და ჩემპიონი გავხდებოდი. ეს ისევე ცხადი იყო, როგორც ის, რომ ხუთშაბათის შემდეგ პარასკევი დადგებოდა.

მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, არც ერთი ბრძოლა არ წამიგია.

IV თავი
არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ ტილმანთან ორი წაგების შემდეგ, საკრივო სამყარო დიდად დაინტერესდა ჩემი პიროვნებით. კასი ვარაუდობდა, რომ ოლიმპიადაზე ოქროს მედალს მოვიგებდი და პროფესიულ კარიერას სარფიანი სატელევიზიო კონტრაქტით დავიწყებდი. მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. პროფესიონალი პრომოუტერები არ იყვნენ ჩემით დაინტერესებულნი. კრივის სამყაროში რეალურად არავის სჯეროდა კასის მიერ შექმნილი საკრივო სტილის, რომელსაც "პიკაბუ" ერქვა. ბევრს მიაჩნდა, რომ საკმარისად მაღალი არ ვიყავი იმისთვის, რომ მძიმე წონაში წარმატებით გამოვსულიყავი.

ვფიქრობ, ეს საუბარები კასამდეც აღწევდა. ერთ საღამოს, ნაგავი გამქონდა სახლიდან, კასი კი სამზარეულოს ალაგებდა.

- კარგი იქნებოდა ისეთი სხეული გქონოდა, როგორც მაიკ უივერს (ამერიკელი პროფესიონალი მოკრივე, WBA-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი მძიმე წონაში) ან კენ ნორტონს (ამერიკელი პროფესიონალი მოკრივე, მსოფლიოს ჩემპიონი მძიმე წონაში), - თქვა მან მოულოდნელად. - ამ შემთხვევაში, ძალიან საშიში სანახავი იქნებოდი. შიშის ზარს დასცემდი ყველას. მათ არ აქვთ ტემპერამენტი, სამაგიეროდ, აქვთ სხეულის აგებულება, რომელიც გაშინებს. მარტო გარეგნობით შეძლებდი სხვა მოკრივეების პარალიზებას.

ყელში თითქოს რაღაც გამეჩხირა. დღემდე, როცა ამ ისტორიას ვწერ, სუნთქვა მეკვრება. მეწყინა, მაგრამ კასისთვის არაფერი მითქვამს, რადგან ვიცოდი რასაც მიპასუხებდა: "ო-ო, ტირი? შენ რა, პატარა ბავშვი ხარ? როგორ აპირებს მნიშვნელოვანი ბრძოლების ჩატარებას, თუ ემოციური გამძლეობა არ გაგაჩნია?"

ყოველ ჯერზე, როცა საკუთარ ემოციებს გამოვხატავდი, ის ვერ იტანდა ამას, ამიტომაც, ცრემლების შეკავება მიხდებოდა.

- ნუ ნერვიულობ, კას, - საკუთარ ხმას ქედმაღლური ტონი მივეცი. - ნახავ: მოვა დღე და მთელს სამყაროს შეეშინდება ჩემი. მარტო ჩემი სახელის ხსენებით სხეულში სისხლი გაეყინებათ.

იმ დღეს მე გავხდი "რკინის მაიკი". ასი პროცენტით. მართალია, მანამდეც ყველა ბრძოლას ეფექტურად ვიგებდი, მაგრამ ემოციურად ჯერ არ ვიყავი მხეცად ჩამოყალიბებული, რასაც კასი ჩემგან ითხოვდა. ჩემს სიდაბლეზე ლაპარაკის შემდეგ, სწორედ ასეთი მხეცი გავხდი.

ფანტაზიებშიც კი გადავეშვი იმ თემაზე, რომ თუ რინგზე ვინმეს მოვკლავდი, ეჭვგარეშეა, ეს ყველას შეაშინებდა. რადგან კასს სურდა საზოგადოებისთვის საშიში ჩემპიონის შექმნა, გადავწყვიტე გადმომეღო ფილმებიდან ცუდი ბიჭების მანერები, მაგალითად, ჯეკ პელანსისგან (ამერიკელი მსახიობი; აღიარება მოიპოვა ვესტერნის ჟანრის ფილმებში თამაშით; ძირითადად, ასახიერებდა უარყოფით პერსონაჟებს) და რიჩარდ უიდმარკისგან (ამერიკელი მსახიობი; ძირითადად, თამაშობდა უარყოფით პერსონაჟებს). თავით გადავეშვი ქედმაღალი სოციოპათის როლში - ადამიანი, რომელიც მიდრეკილია ანტისაზოგადოებრივი საქციელისკენ.

მაგრამ, პირველ რიგში, "კადილაკი" მივიღე. ჩემი კარიერის განვითარების პერიოდში, კასს არ შეეძლო აენაზღაურებინა ჩემი დანახარჯები. ამიტომაც მან ისე მოაწყო ყველაფერი, რომ ფულს იხდიდნენ კასის მეგობარი ჯიმი ჯეკობსი და მისი პარტნიორი ბილ კეიტონი. ჯიმი საოცარი ბიჭი იყო. ის გახლდათ ხელბურთის ბეიბ რუთი (პროფესიონალი ბეისბოლისტი, "ასოშიეიტედ პრესმა" საუკუნის სპორტსმენად აღიარა), და სანამ მთელს მსოფლიოში მოგზაურობდა და ტურნირებზე გამოდიოდა, კრივის შესახებ იშვიათი ფილმების შეგროვება დაიწყო. ბოლოს და ბოლოს, ის ბილ კეიტონს შეხვდა, რომელიც თავად იყო კოლექციონერი და ერთად დააარსეს კომპანია "ბიგ ფაიტსი" ("დიდი ბრძოლები"). მათ მონოპოლიზაცია გაუკეთეს საკრივო კინობაზარს და მოგვიანებით, კეიტონმა დიდი ფული იშოვნა იმით, რომ კრივის შესახებ კინომასალები ამერიკულ სპორტულ საკაბელო ტელეარხს ESPN-ს მიჰყიდა.

ნიუ იორკში მოღვაწეობისას, კასი ცხრა წელი ჯიმისთან ერთად ცხოვრობდა, ამიტომაც, ისინი ახლო მეგობრები იყვნენ. რაც ყველაზე საინტერესოა, კასმა შეიმუშავა ჯიმის, როგორც მოკრივის მომზადების საიდუმლო გეგმა, რათა მას ჩაეტარებინა თავისი პირველი ორთაბრძოლა - მოყვარულის ან პროფესიონალის რანგში. ბრძოლა უნდა ყოფილიყო არჩი მურის (ნამდვილი სახელი არჩიბალდ ლი რაიტი - ამერიკელი მოკრივე, მსოფლიოს ჩემპიონი ნახევრადმძიმე წონაში) წინააღმდეგ მჩატე წონაში ჩემპიონის ტიტულისთვის. ჯეკობსი ინტენსიურად ვარჯიშობდა კასთან ექვსი თვის განმავლობაში, მაგრამ ბრძოლა მაინც არ გაიმართა, რადგან არჩიმ უარი თქვა მონაწილეობაზე.

მაგრამ კასს არასოდეს მოსწონდა ჯიმის პარტნიორი კეიტონი. კასს მიაჩნდა, რომ ის ძალიან იყო შეყვარებული თავის ფულზე. ის მეც არ მომწონდა. თუ ჯიმი საინტერესო პიროვნება იყო, კეიტონი წარმოადგენდა გაბღენძილ და უგრძნობ არსებას. ჯიმი და კეიტონი დიდი ხანი იყვნენ დაკავებულნი საკრივო მენეჯმენტით, ისინი მუშაობდნენ უილფრედ ბენიტესთან და ედვინ როსარიოსთან (პუერტორიკოელი პროფესიონალი მოკრივე, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი მჩატე წონაში). ამიტომაც, კეიტონის მიმართ ანტიპატიის მიუხედავად, როცა პროფესიონალი გავხდი, კასი დაპირდა მათ ჩემი საქმეების ორგანიზებაში მონაწილეობას.

ვფიქრობ, კასი ჯიმისა და ბილს ინვესტორების რანგში განიხილავდა, რომლებიც არ ჩაერეოდნენ ჩემს პროფესიუო ზრდაში და საშუალებას მისცემდნენ კასს - სრულად გაეკონტროლებინა ჩემი აღზრდა. ამ მომენტისთვის, მათ ჩემში 200 ათას დოლარზე მეტი ჰქონდათ ჩადებული.

როცა ოლიმპიური თამაშებიდან დავბრუნდი, ჯიმმა კასს უთხრა, რომ ჩემთვის ახალი მანქანის შეძენა სურდა. ვეჭვობ, ისინი შიშობდნენ იმის გამო, რომ შეიძლებოდა კასი მიმეტოვებინა და ვინმე სხვასთან გადავსულიჩავი სამუშაოდ. რა თქმა უნდა, ამას არასოდეს გავაკეთებდი.

კასი გაბრაზდა, რადგან მიაჩნდა, რომ ასეთი საჩუქარი არ დამიმსახურებია. მას არ მოსწონდა, სახლში ოქროს მედლის გარეშე რომ დავბრუნდი. მიუხედავად ამისა, მაინც წამიყვანა ადგილობრივ ავტოსალონში. თავდაპირველად, სურდა "ოლდსმობილ კატლასის" სადილერო ცენტრში გავეშვი, რადგან მათი მანქანები არც ისე ძვირი ღირდა.

- არა კას, "კადილასი" მინდა, - ვთქვი მე.
- მაიკ, მე კი გეუბნები...
- თუ "კადილაკი" არა, მაშინ არც ერთი სხვა, - არ გადავთქვი ჩემი სიტყვა.

მივიღეთ მანქანა, სახლში დავბრუნდით და ავტოფარეხში დავაყენეთ. მართვის მოწმოება არ მქონდა და არც მანქანის ტარება ვიცოდი, მაგრამ როცა კასი გაბრაზდა და "აფეთქდა", გასაღებს ხელი ვტაცე, ავტოფარეხში გავიქეცი, მანქანაში ჩავჯექი და მუსიკა ჩავრთე.

1984 წლის სექტემბერში, ორი კონტრაქტი გავაფორმე: ერთი ბილ კეიტონთან და მეორე - ჯიმი ჯეკობსთან. კეიტონი სარეკლამო სააგენტოს მფლობელი იყო და მან ჩემთან პირადი კონტრაქტი გააფორმა შვიდ წელიწადზე. ის ხდებოდა ჩემი აგენტი სარეკლამო გადაღებებში. ჩვეულებრივი 10 ან 15 პროცენტის ნაცვლად, ბილი მიიღებდა 331/3 პროცენტს.

ჩემთვის უცნობი იყო ეს დეტალები, უბრალოდ, ხელი მოვაწერე. რამდენიმე კვირის შემდეგ, ჯიმისთან გავაფორმე კონტრაქტი, რითაც ის ჩემი მენეჯერი გახდა. სტანდარტული ოთხწლიანი კონტრაქტი იყო - ორი მესამედი მე, ერთი მესამედი - ჯიმის.

შემდეგ მათ მოილაპარაკეს კონტრაქტიდან შემოსავლის ერთმანეთში გაყოფაზე. კასმაც მოაწერა ხელი ჩემს კონტრაქტს. მისი ხელმოწერის ზემოთ ეწერა: "კას დ'ამატო. საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებს ყველა საკითხში, რომელიც მაიკ ტაისონს ეხება".

ახლა მე მყავდა ოფიციალური გუნდი. ვიცოდი, რომ კეიტონი და ჯიმი გამოცდილი ბიჭები იყვნენ პრესასთან ურთიერთობაში და იცოდნენ ნეხვისგან ტკბილეულის მიღება. ხოლო კასთან ერთად, რომელსაც უნდა მიეღო ყველა გადაწყვეტილება კრივის სფეროში და შეერჩია ჩემთვის მოწინააღმდეგეები, მე მით უმეტეს მზად ვიყავი პროფესიული კარიერის დასაწყებად.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული