დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
ტომასთან ბრძოლის შემდეგ ბევრი თავისუფალი დრო გამომიჩნდა იმისთვის, რომ რობინთან ვყოფილიყავი.

სექსი გვქონდა, მაგრამ ურთიერთობა არ იყო ვნებიანი. ის არ განეკუთვნებოდა იმ ტიპის გოგონებს, რომლებსაც სექსში ექსპერიმენტების არ ეშინიათ და ამ სისაძაგლით არიან დაკავებულნი. ის უფრო პრაგმატული იყო.

მაგრამ მაინც, კვლავინდებურად აღმაფრთოვანებდა - იქამდე, სანამ ღალატში არ გამომიჭირა. მუდმივად ვღალატობდი და დამალვა არ მეხერხებოდა. სიფრთხილე მაკლდა და ერთხელ შეამჩნია პომადის კვალი ჩემს სავარჯიშო შარვალზე.

გაგრძელება შემდეგნაირი იყო:
- ცხოველო, შენი დე
დაც! როგორ შეგეძლო ასე მოქცეულიყავი? ა-ა-ა! - ყვიროდა ის, მირტყამდა და ცდილობდა, ფეხებშუა მოეხვედრებინა. შეუვალი იყო. გავბრაზდი და სახეში გავარტყი. მეგონა, რომ ამით ყველაფერი დასრულდებოდა.

მაგრამ არა. კიდევ უფრო გააფთრებით დაიწყო ბრძოლა. ის არ იყო გოგონა ბრაუნსვილიდან, ის მეშჩანების ჯგუფს განეკუთვნებოდა, მაგრამ არ შეიძლებოდა მისი დაუფასებლობა. მას ჰქონდა ჩხუბის გამოცდილება. ეს სცენები მახსენებდა დედაჩემის არანორმალურ ურთიერთობას მამაკაცებთან.

სიმართლე გითხრათ, უკვე დავიღალე ჩხუბით - რობინთან, რინგზე... მხოლოდ ახლა გავაცნობიერე, როგორი სტრესია - იყო მსოფლიოს ჩემპიონი და ამტკიცო ეს კიდევ და კიდევ. ამ საზიზღრობით 13 წელი ვიყავი დაკავებული და არა მხოლოდ რინგზე. მიწევდა ამის დამტკიცება ბრძოლების დროს, შეკრებებზე.

ყოველთვის ვჩხუბობდი ბიჭებთან, რომლებიც ჩემზე გამოცდილები იყვნენ. როგორ წესი, სპარინგზე ან ჩვეულებრივ ბრძოლაში ჩემპიონის წინააღმდეგ აყენებენ იმას, ვინც მას კლასში ჩამორჩება, ვისაც იოლად გაუმკლავდება, მაგრამ ჩემი სპარინგ-პარტნიორები ცდილობდნენ მტკივნეულად მოერტყათ ჩემთვის. მათ ამასთან დაკავშირებით სპეციალური ინსტრუქცია ჰქონდათ. და თუ ამას არ აკეთებდნენ, შინ ამგზავრებდნენ.

როცა ვარჯიში ახალი დაწყებული გაქვს, ყოველთვის გრძნობ შიშს. გადიხარ რინგზე არა იმისთვის, რომ უბრალოდ გახვიდე და გაერთო - გადიხარ იმის წინააღმდეგ, ვინც წინა ჯერზე სერიოზულად დაგამუშავა.

მე არ შემეძლო საკუთარი თავისთვის უფლება მიმეცა - ქუჩის ბოლოში ბარში შევსულიყავი ან გოგონას შევხვედროდი. შინ მივდიოდი, აბაზანაში ვწვებოდი და კონცენტრირებული ვიყავი იმაზე, როგორ ჩამეტარებინა ბრძოლა ამ ბიჭთან მომდევნო დღეს. ასეთი იყო ჩემი ცხოვრება. და მე ამისგან დავიღალე.

ყოველთვის პესიმისტთა რიცხვს მივეკუთვნებოდი, დათრგუნული ვიყავი, მაგრამ ამჟამინდელი სტრესი მხოლოდ ართულებდა მდგომარეობას. მუდმივად მოღუშული დავდიოდი. პირველ ოქტომბერს ისევ უნდა გავსულიყავი რინგზე, ამიტომაც მომიწია ინტენსიური ვარჯიშები, თან პრაქტიკულად, შეუსვენებლად.

შეკრებაზე ლას ვეგასში ჩავედი და სახლი მალე მომენატრა. მენატრებოდა ურთიერთობა და საღამოები ოლბანიში რორისთან და სხვა მეგობრებთან. წინ იყო ტონი ტაკერთან ბრძოლა (ამ ბრძოლამ მიიღო სახელწოდება - "დიადი"), ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს კარიერაში, რადგან სასწორზე იდო მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული მძიმე წონაში. ამ ბრძოლას უნდა გაეერთიანებინა სამი ვერსიით საჩემპიონო ტიტულები. ჩხუბამდე ერთი კვირით ადრე, თავში ერთი აზრი მომივიდა.

ერთხელ სპორტდარბაზში სტივ ლოტი გვერდზე გავიყვანე და გამოვუცხადე:
- კარიერის დასრულებას და წასვლას ვაპირებ.

დაძაბულობა აშკარად გავლენას ახდენდა ჩემზე. ნერვულ ნიადაგზე თმის ცვენა დამეწყო. არც კი მაღელვებდა, მოვიპოვებდი თუ არა მესამე საჩემპიონო ქამარს. რობინი ნამდვილად არ იყო ჩემთვის სტაბილურობის გარანტი: მუდმივად ვჩხუბობდით და დროებით დავშორდით კიდეც ერთმანეთს.

სტრესს ვიღებდი მაშინაც კი, როცა, უბრალოდ, ქუჩაში ვსეირნობდი. ჩემთან მოდიოდნენ უცნობები და მეუბნებოდნენ, რომ სანაძლეო დადეს, ჩემზე ფსონად მთელ სიცოცხლეს ჩავიდნენ და მე უნდა მოვიგო, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკარგავენ სახლებს და ცოლები მიატოვებენ. სულაც არ მინდოდა, ამ ადამიანებს ასეთი უბედურება შემთხვეოდათ.

ვეჭვობ, უბრალოდ, არასოდეს მიმაჩნდა საკუთარი თავი ასეთი სამუშაოსთვის შესაფერისად. დიდად დარწმუნებული არ ვიყავი იმაში, რომ გამომივიდოდა დომინანტი პიროვნების როლი. ბრძოლებს შორის პაუზებისას, ხშირად ვიყავი ფლორიდის შტატის შავბნელ ადგილებში, რომელიც განთქმული იყო რეგულარული ჩხუბებით.

იქ ქედმაღალი გამომეტყველებით მივდიოდი და ეს მახინჯები თავიანთ იარაღებს მოიმარჯვებდნენ ხოლმე. რაღაც სისულელეს ვლაპარაკობდი და ჩხუბს ვიწყებდი. ბრილიანტის სამკაულები მეკეთა და მათ მარტივად შეეძლოთ ჩემი ცემა და გაქურდვა. ამ დამპალ ძაღლებს, უბრალოდ, შეეძლოთ ჩემი მოკვლა. მადლობა ალაჰს, რომ ამ ადამიანებმა არ გამომასალმეს სიცოცხლეს.

შეგიძლიათ დამტოვოთ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ ქალაქში და იქ ყოველთვის ვიპოვი ყველაზე ბინძურ ადგილს. ხანდახან სულ მარტო დავდიოდი, ყოველგვარი დაცვის გარეშე. მიუხედავად ამისა, არ ჩამცხრილეს და არ გამქურდეს.

გეტოში ყოველთვის უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს. მეკითხებოდნენ: "მაიკ, არ გეშინია?" და მე ვპასუხობდი: "ჯანდაბა, მეშინია ლას-ვეგას-სტრიპზე" სეირნობა (ლას-ვეგას-სტრიპი - ლას ვეგასის ცენტრალური და ყველაზე ფეშენებელური ნაწილი, სადაც თავმოყრილია კაზინოების, სასტუმროებისა და მაღაზიების უმეტესობა). გეტოში თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. ვხედავდი, ცივ საღამოს ქალი ბავშვებთან ერთად როგორ ბრუნდებოდა შინ და ის დედას და ჩემს თავს მახსენებდა.

ტაკერთან ბრძოლამდე ერთი თვით ადრე შეკრებიდან გავიქეცი, ოლბანიში გავემგზავრე და იქ გართობა დავიწყე. ეს ორი კვირა გაგრძელდა. ღამის კლუბში ჩემს მეგობრებს გამოვუცხადე, რომ კარიერა დავასრულე.

მაგრამ ჯიმიმ მოახერხა ჩემთან ტელეფონით დაკავშირება და დამემუქრა - თუ უარს ვიტყოდი ბრძოლაზე, ნებისმიერს შეეძლო ჩემთვის სასამართლოში ეჩივლა. შემეძლო კარიერა დამესრულებინა, მაგრამ არ შემეძლო საკუთარი ცხოვრების თავად განკარგვა. რა იცოდნენ ამ ბიჭებმა ჩემი ცხოვრების შესახებ? ჯიმის ეგონა, რომ რობინს შეეძლო მოსულიყო ჩემთან და დამხმარებოდა დამშვიდებაში. ვეჭვობ, რობინი უფრო დიდი მატყუარა იყო, ვიდრე ჯიმი.

ბრძოლამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე ვარჯიშები განვაახლე. ოლბანიში კარგად გავერთე და ამიტომაც ვერ შევძელი კარგი ფორმის აკრეფა. პირველ რაუნდში ტაკერმა აპერკოტი შეასრულა, რამაც უკან გადამაგდო.

ამის გამო დიდი ხმაური ატყდა, მაგრამ თავად მე ეს საერთოდ ვერ ვიგრძენი. ეს ნიშნავდა მხოლოდ იმას, რომ ოდნავ შევცდი. მეოთხე რაუნდიდან ბრძოლას სრულად ვაკონტროლებდი და იქიდან მოყოლებული, პრაქტიკულად, ყველა რაუნდი მოვიგე. ბრძოლა დასრულდა და სანამ მსაჯების გადაწყვეტილებას ველოდით, ჩემთან და რუნისთან ტაკერი მოვიდა.

- ძალიან კარგი მოკრივე ხარ. არ ინერვიულო, კიდევ მოგცემ ჩემთან შეხვედრის შანსს, - თქვა მან.
- ფიქრობ, რომ მოიგე? - უპასუხა რუნიმ. - დაიკარგე აქედან.

შემდეგ ტონიმ ლოცვა დაიწყო, მაგრამ ამის აუცილებლობა არ ყოფილა: მე ისედაც მოვიგე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. მაგრამ უკმაყოფილო დავრჩი. იმ პერიოდში, ჩემს ცხოვრებაში არაფრით არ ვიყავი კმაყოფილი. ლარი მარჩანტმა, რომელიც ბრძოლის შემდეგ ტელეარხ HBO-სთვის ჩემგან ინტერვიუს იღებდა, ყურადღება გაამახვილა ჩემს განწყობაზე:

- ბიჭი, რომელმაც ამ წუთას მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, უფრო ბედნიერი უნდა ჩანდეს.
- სანამ შეცდომებს ვუშვებ, ბედნიერების საბაბი არ მექნება, - ვუპასუხე მე. - ვისწრაფვი სრულყოფილებისკენ და მინდა სწორედ იქამდე მივიდე.

ბრძოლის შემდეგ დონ კინგი ჩემი მეფედ კურთხევის წინადადებით გამოვიდა. ასე უნდა აღენიშნათ აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. არსად წასვლა არ მინდოდა, მაგრამ ჯიმიმ თქვა, რომ ეს ბიზნესის ნაწილია, ამიტომაც მომიწია ამაში მონაწილეობა. მახინჯების შოუს მონაწილე მეგონა თავი.

რინგზე გამომცხადებელი ჩაკ ჰალი შუა საუკუნეების ინგლისურ კოსტიუმში გამოეწყო. მის გარშემო იდგა ექვსი მესაყვირე გვარდიელი, რომლებსაც ცისფერი ხავერდის კოსტიუმები ეცვათ და ბუმბულებით დამშვენებული შლაპები ეხურათ. ისინი წითელ ხალიჩაზე მწყობრად მიაცილებდნენ ჩემს ორ მსხვერპლს - სმიტსა და ტაკერს. შემდეგ ჰალმა გამოაცხადა:

- მოისმინეთ ყველამ! კრივის სამყაროს მოსახლეობის ბრძანებით, ამ დიად 1987 წელს ცხადდება, რომ მთელი დედამიწის მასშტაბით კვადრატულ ოთხკუთხა ბრძოლის ველზე გამოჩნდა ადამიანი, რომელიც საუკეთესოა მსოფლიოში. მას დღეს ვაკურთხებთ მძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტურ ჩემპიონად.

შემდეგ დონ კინგმა წარმოთქვა თავისი ერთ-ერთი ტიპური ამაზრზენი სიტყვა. მას ყოველთვის უნდოდა მოკრივეებზე უფრო ცნობილი ყოფილიყო. ამის შემდეგ ტელეკომპანია HBO-ს ხელმძღვანელებსა და საკრივო პრომოუტერებს აიძულეს წითელ ხალიჩაზე მწყობრად გავლა. ბავშვების გუნდი მღეროდა.

ცერემონიაში ჩართულნი იყვნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან დენის ჰოპერი (ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, მხატვარი და ფოტოგრაფი) და ფილიპ მაიკლ ტომასი (ცნობილი ამერიკელი კინომსახიობი), რომლებიც სამახსოვრო საჩუქრებსა და პრიზებს არიგებდნენ. ჩემი მეგობრის, ედი მერფის ჯერი მოვიდა, საჩუქრები დაერიგებინა და მან ექსპრომტი შემოგვთავაზა:

"ადამიანმა ერთმანეთის მიყოლებით ყველა სცემა და პრიზი არ მისცეს. მხოლოდ თეთრებმა მიიღეს თავიანთი პრიზები. ეს არ მესმის".

ყველაზე საინტერესო ბოლოსთვის შემოინახეს. მხრებზე ბეწვიანი მანტია მომასხეს, მუჰამედ ალიმ კი თავზე ძვირფასი თვლებით მორთული გვირგვინი დამადგა. შემდეგ ასევე ძვირფასთვლებიანი სამკაული და სკიპტრა მაჩუქეს.

- გაუმარჯოს მძიმე წონის მეფეს! - დაიყვირა დონ კინგმა.

ცირკის ჯამბაზი მეგონა საკუთარი თავი. ყველაფერთან ერთად, სიტყვით გამოსვლაც მთხოვეს. ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველას, რა უნდა ვთქვა?

- ნიშნავს თუ არა ეს ყოველივე იმას, რომ ჩემი საფულე კიდევ უფრო გასქელდება? - ვიხუმრე მე. - სასიამოვნოა ჩემთვის აქ ყოფნა. გრძელი გზა გავიარე და ვაპირებ კიდევ დიდხანს შევინარჩუნო ტიტული.
სრულ იდიოტად მიმაჩნდა თავი.

შემდეგი ბრძოლისთვის დამატებითი მოტივაცია მქონდა. 16 ოქტომბერს უნდა მეჩხუბა ტაილერ ბიგსთან. მე მშურდა მისი. მას ჰქონდა ოქროს მედალი ოლიმპიური თამაშებიდან, რომელზეც მე არ გამიშვეს. კრივზე მომუშავე სპორტულმა ჟურნალისტებმა ამ თემაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს.

ისინი ამტკიცებდნენ, რომ ბიგსს შეეძლო ჩემი დამარცხება. მაგალითად, უოლი მატიუსი "ნიუსდეიდან" წერდა: "არსებობს დიდი ეჭვი იმისა, რომ მაიკ ტაისონი მართლაც ძლიერია". მათ მიაჩნდათ, რომ ჩემი რინგსმიღმა ამბები ხელს უშლიდა ჩემს პროფესიულ ზრდას.

ბრძოლამდე ერთი კვირით ადრე ამ თემაზე არაერთი ინტერვიუ ჩამომართვეს.

- რეალურად, არავინ არასდროს მთელი არსებით არ მძულდა, მაგრამ ვფიქრობ, ტაირელ ბიგსი მართლა მეზიზღება, - ვთქვი მე. - მინდა მას კარგი გაკვეთილი ჩავუტარო. ვაპირებ, სერიოზულად გავუსწორდე რინგზე, ძალიან სერიოზულად.

ამით მინდოდა მეთქვა, რომ ვაპირებდი, ჭკუა მესწავლებინა ამერიკის საყვარელი მოკრივისთვის. მინდოდა ვყოფილიყავი ბოროტი. გარდა ამისა, ერთხელ ბიგსი აეროპორტში მეუხეშა. ერთად მივფრინავდით ლოს ანჯელესის ოლიმპიადაზე.

ის ტურნირზე უნდა გამოსულიყო, მე კი უბრალო მაყურებელი უნდა ვყოფილიყავი. ჩვენთან ერთი ფანი მოვიდა და ორივეს გვითხრა: "ოლიმპიადაზე წარმატებას გისურვებთ".

- რა? როგორც ჩანს, ამ რეისს გულისხმობთ და არა მის ბრძოლას. ის არ აპირებს ოლიმპიადაზე გამოსვლას, - უპასუხა ბიგსმა.

იმ სცენისგან საშინელი შთაბეჭდილება დამრჩა. ამიტომაც მონდომებით ვვარჯიშობდი, რომ ის სასტიკად გამენადგურებინა - მოტივირებული ვიყავი. არც კი მინდა ბევრის მოყოლა ამ ბრძოლაზე. ეს იყო შვიდი რაუნდი სასტიკი დასჯა.

ვიყენებდი იდაყვებს, ვურტყამდი წელს ქვემოთ, დარტყმებს ვისროდი რაუნდის დასრულების შემდეგ. გამოჩნდა ჩემი ხასიათის შავი, სულელური და უხეში მხარე, რის გამოც ახლა მრცხვენია. შვიდი რაუნდი გავწელე დასჯა.

- შემეძლო უკვე მესამე რაუნდში მისი ნოკაუტში გაშვება, მაგრამ გავიხანგრძლივე ეს სიამოვნება. მინდოდა, მას ეს დიდი ხნით დაემახსოვრებინა, - ვუთხარი ჟურნალისტებს ბრძოლის შემდეგ.

შემდეგ ბრძოლაშიც მქონდა პირადი ინტერესი. მხოლოდ 14 წლის ვიყავი, როცა კასთან ერთად ვმსჯელობდით იმაზე - როგორ დამემარცხებინა ლარი ჰოლმსი. კასმა გეგმა შემომთავაზა: მარჯვნიდან დარტყმა ჯების შემდეგ.

მიმაჩნდა, რომ კრივის ისტორიაში უნდა შევსულიყავი ჰოლმსის ძლევითა და ჩემი გმირის - მოჰამედ ალის დამარცხებისთვის შურისძიებით. თავის დროზე, ასე იძია შური შუგარ რეი ლეონარდმა ჰენრი არმსტრონგისთვის, როცა ფრიტცი ჟივიჩი დაამარცხა.

ბრძოლამდე სამი კვირით ადრე კევინმა გამაფრთხილა:
- ჰოლმსი ბიგსზე გაცილებით ძლიერია, შენ კი ბიგსთან ბრძოლისთვის უკეთ ემზადებოდი, ვიდრე ახლა ვარჯიშობ. უნდა გააძლიერო მზადება.
ასეც მოვიქეცი.

ბრძოლისწინა პრესკონფერენციაზე მოვიწყინე. ვერასდროს ვერ ვიტანდი ასეთ ღონისძიებებს. ხანდახან მეძინა ხოლმე. იქ არ იყო არაფერი, რის მოსმენასაც ვისურვებდი. უბრალოდ, ჩხუბი მინდოდა და არ მქონდა არანაირი სურვილი - მონაწილეობა მიმეღო ამ სისულელეში. დონ კინგი მთელი პრესკონფერენციის განმავლობაში ბოდავდა და რაღაც იდიოტურ სიტყვებს იგონებდა:

"მუშტებით ჩხუბისა და ორთაბრძოლების საქორწინო კავშირი - არის აღმაფრენა..." ვის სჭირდება ეს ნეხვი?

მაგრამ ამ პრესკონფერენციისგან სარგებელი ის იყო, რომ შემეძლო ჰოლმსისთვის შემეტია. გამიმძაფრდა აგრესიული განწყობა, როცა ჰოლმსმა ქედმაღლურად განაცხადა:

- ვაპირებ შევიდე კრივის ისტორიაში, როგორც გამარჯვებული. რაც შეეხება მაიკ ტაისონს, ის ისტორიაში შევა, როგორც უკანასკნელი ნაძირალა. მან რომც მოახერხოს ამ ბრძოლის მოგება, მომავალში ის თავად გაანადგურებს საკუთარ თავს.

ეჭვი მაქვს, იმ დღეს ის ნოსტრადამუსის როლში მოგვევლინა.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
Don King...რამხელა ტექსტების!? 2 გვერდის თარგმნა 24 საათში)))???
0
ასეთი მოლოდინი როგორიც ტაისონის ბიოგრაფიის შემდეგი ნაწილისადმი მაქვს კაი ხანია არაფრის მიმართ არ მქონია) მადლობა sportall.ge-ს
ალექსანდრე
13:15 21-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული