ჩვენთან ერთად იყვნენ უოლტერ პეიტონი, ერიკი და ჯონი. ჯაკუზიანი ლიმუზინით მივედით, თეთრი ბეწვის ქურქები გვეცვა. მე და ჯონი ტუალეტში წავედით, სადაც ერთმა პატარა ბიჭმა ჩემთვის ხელის ჩამორთმევა სცადა. ჯონმა უთხრა: "გზიდან ჩამოგვეცალე!" - და უხეშად უბიძგა ხელი. ეს მართლაც შეურაცხყოფა იყო. ბიჭი გაოგნებული იდგა.
- ახლავე მოიხადე ბოდიში და ყველაფერი დავივიწყოთ. თუ ამას არ გააკეთებთ, დიდი პრობლემები შეგექმნებათ.
მაშინვე გავიაზრე სიტუაცია. ეს დაბალი ბიჭი
როგორც იქნა, ჯონიც მიხვდა ამას, ბოდიში მოიხადა და ბიჭს ხელი გაუწოდა.
- მადლობა, სერ, - თქვა მან. შემდეგ ხელი ჩამომართვა და გადამკოცნა. როცა ტუალეტიდან გამოვედით, ამ ბიჭის გარშემო ორმოცდაათამდე მამაკაცი იდგა.
- გვიყვარხარ, ჩემპიონო! - დაიყვირეს ერთხმად.
მაშინ ვუთხარი ჰორნს, რომ უკვე დავიღალე მის საქმეებში ჩარევით და მისი დაცვით. მუდმივად მიწევდა ვიღაცეების დამშვიდება, სიტუაციის მოგვარება იმ დროს, როცა საფეთქელზე ლულაა მიბჯენილი. არადა, წესით, ეს მათ უნდა დამიცვან მე.
თავდაპირველად, თავად გამოვდიოდი საკუთარი პირადი მცველის როლში, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა კარგი იდეა. არ შეიძლებოდა ადამიანების ცემა მხოლოდ იმის გამო, რომ მათ ჩემგან ავტოგრაფის აღება სურდათ. საბოლოოდ, დამიქირავეს ნამდვილი პირადი მცველები. იმისთვის არა, რომ მე ვყოფილიყავი დაცული პუბლიკისგან, პირიქით, პუბლიკა უნდა დაეცვათ ჩემგან.
მყავდა მეგობარი, სახელად ენტონი პიტსი. ერთად ვერთობოდით ლოს ანჯელესში. ვიცოდი, რომ პოტენციურად, ენტონის შეეძლო კარგი პირადი მცველი გამხდარიყო, რადგან ერთ საღამოს ასეთი სცენის მოწმე გავხდი: საკალათბურთო გუნდის, "ლეიკერსის" თამაშზე პირველ რიგში ვისხედით.
და ერთმა უზრდელმა ფანმა, რომელმაც საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა, წონასწორობა ვერ შეიკავა, ენტონის პირდაპირ თავზე დაახტა და ბოდიშიც არ მოიხადა. ენტონი წამოდგა და ეს ნაბიჭვარი პირდაპირ მოედანზე მოისროლა. "ჯანდაბა!" - წამოვიყვირე მე. თამაში გრძელდებოდა, ეს ბიჭი კი უმოძრაოდ იწვა მოედანზე. პოლიცია მოვიდა მის წასაყვანად. მისი უმოძრაო სხეული მოედნიდან გაათრიეს ისე, რომ თამაში არ შეჩერებულა!
ერთი შემთხვევის შემდეგ, რომელსაც ლოს ანჯელესის ერთ-ერთ კლუბში ჰქონდა ადგილი, ენტონიმ გადაწყვიტა - ნამდვილი პირადი მცველი მჭირდებოდა. მასთან და ჩემს თეთრ მეგობართან, ჯონისთან ერთად კლუბის გვერდით ვიდექი და გოგონებს ველაპარაკებოდით. მოვიზიდე ლამაზი ქალების მთელი ბრბო, რომ უცებ ვიღაცის ხმა მომესმა:
"მაიკ ტაისონის დედაც...!" ამის შემდეგ მთელი კლუბი გარეთ გამოვიდა. ხელი ვტაცე გოგონას, რომელსაც იმ მომენტში ველაპარაკებოდი და ჩემი ლიმუზინისკენ გავიქეცით. და უცებ გასროლის ხმა გავიგონე. იმ ბიჭს პისტოლეტი ჰქონდა და მესროლა, მაგრამ ააცილა, თუმცა გოგონას ფეხში მოარტყა. იმდენად ეგოისტი ვიყავი, რომ ამ ყველაფრის შემდეგაც, ვცდილობდი, დაჭრილი გოგო მანქანაში შემეგდო და შინ წამეყვანა. მისმა მეგობარმა დაიყვირა:
"მას შენ გამო ესროლეს, მაიკ! შენ გიმიზნებდნენ!" სასწრაფოდ იქაურობის დატოვება მინდოდა, მაგრამ მძღოლი საჭესთან არ აღმოჩნდა. უკანა შუშაში გავიხედე და დავინახე, რომ ის ქუჩის კუთხეში იმალებოდა. აი, სწორედ მაშინ გადაწყვიტა ენტონიმ, ჩემი პირადი მცველი გამხდარიყო. გოგონა დავტოვეთ და გავიქეცით. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ მას ჩემთვის ხმა აღარ გაუცია.
გაუთავებელმა სმამ და გართობამ ის გამოიწვია, რომ დეკემბერში ჩემი წონა 255 ფუნტამდე (დაახლოებით 115 კილოგრამი) ავარდა. შემდეგი ბრძოლა ფრენკ ბრუნოსთან მქონდა, რომელიც 1989 წლის თებერვლისთვის იყო დანიშნული, მე კი მწვრთნელის გარეშე დავრჩი.
საქმე ისაა, რომ კევინი გაზეთებში ყოველთვის ათასგვარ სისაძაგლეს ლაპარაკობდა ჩემ შესახებ; ამტკიცებდა, რომ არ ვაცნობიერებ იმას, რასაც ვაკეთებ. ის დონ კინგის წინააღმდეგ იყო განწყობილი და ყოველთვის კეიტონს უჭერდა მხარს.
ვფიქრობ, დონის მიმართ ზიზღმა დააბრმავა. შეიძლება ასეც ითქვას - კევინმა თავად გადააყენა საკუთარი თავი. მას არ უნდოდა ჩვენთან ყოფნა. მისი სურვილი იყო - კეიტონის მთელი გუნდი დაბრუნებულიყო. ვაპირებდით მის დაქირავებას ძველი პირობებით, მაგრამ არ მოისურვა. შემდეგ კი სასამართლოში მიჩივლა.
ახალ მწვრთნელად დავიქირავე კატსკილში ჩემი ოთახის მეზობელი ჯეი ბრაიტი. მინდოდა ჯეის ფული ეშოვნა, რადგან ის კასის ოჯახის ნაწილი იყო. ასევე, დავიქირავეთ აარონ სნოუელი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ტიმ უიზერსპუნის მწვრთნელი იყო.
ტიმმა მოგვიანებით მითხრა, რომ სნოუელი მხოლოდ მისი მეწყვილე იყო სირბილის დროს, ასევე, მის მოვალეობებში შედიოდა რინგის კუთხეში წყლის მიტანა. მაგრამ ეს არ მაინტერესებდა. მე ხომ ისედაც ჩხუბის ღმერთი ვიყავი! ჩემი მეტოქეები უნდა მომკვდარიყვნენ მხოლოდ იმის გაფიქრებით, რომ ჩემთან უწევდათ ჩხუბი.
სანამ ვარჯიშს შევუდგებოდი, იურიდიული ხასიათის რამდენიმე საკითხი უნდა გადამეწყვიტა. იანვარში ერთმა გოგომ სასამართლოში მილიონიანი სარჩელი შეიტანა. ის იმაში მადანაშაულებდა, რომ "ბენტლის" ღამის კლუბში უკანალზე ვტაცე ხელი. ენტონიმ, რომელიც მაშინ ჩემ გვერდით იყო, მირჩია ასეთი რამ მეთქვა - მას უკანალზე არ შევხებივარ, უბრალოდ, მის უკან ვიდექი და შემთხვევით ზემოდან დავეცი. ენტონი ყოველთვის იგონებდა სიმართლესთან მიახლოებულ გამართლებას. ერთხელ "ბენტლიში" ვიღაც გოგოს ისევ უკანალზე შევავლე ხელი და ის შემობრუნდა. ენტონიმ დაიყვირა:
- არა, არა. ეს მე ვიყავი. ბოდიშს გიხდით. მომეჩვენა, ჩემი ყოფილი მეგობარი იყავით.
ამ გოგოს თავიდან მოშორება შეძლო, მაგრამ პირველი სასამართლოში მიმათრევდა. მას იმედი ჰქონდა, რომ მეგობარი გოგო, რომელიც მაშინ მის გვერდით იყო, მოწმედ გამოვიდოდა. სასამართლომდე ერთი დღით ადრე ორივეს შევხვდი და ჩემდა გასაკვირად აღმოვაჩინე, რომ მისი მეგობარი, რომელიც მოწმე უნდა ყოფილიყო, ჩემი ნაცნობი ყოფილა.
- ესეც გოგონა, რომელიც მოწმედ უნდა გამოვიდეს, - ვუთხარი მას და მივუახლოვდი.
- ნუ ეძებ უსიამოვნებებს! - გამაფრთხილა მან.
- სულაც არ ვეძებ, - ვუპასუხე მშვიდად. - შენზე არ ვბრაზობ, არამედ შენს მეგობარზე. მე ხომ ცუდი არაფერი გამიკეთებია.
გავიფიქრე - თუ ჩემს ნაცნობთან სექსი მექნებოდა, ის ვეღარ გამოვიდოდა ჩემ წინააღმდეგ მოწმედ.
- იქნებ ჩემი "როლს როისით" გავისეირნოთ?
ჩემმა სტრატეგიამ იმუშავა. მან უარი თქვა მოწმის სტატუსზე.
იანვარში ასევე მიწევდა სასამართლოში გამოცხადება ჩვენების მისაცემად. კეიტონი დონ კინგს უჩიოდა. კეიტონის ადვოკატი ცნობილი ტომას პუჩიო იყო. მან სპინქსთან ბრძოლის ჰონორარზე მკითხა და მე ვუპასუხე, რომ არ მახსოვს - გადამიხადეს თუ არა. როცა პუჩიომ დაამტკიცა, რომ სრულად ჩამირიცხეს 12 მილიონი, ვერ გავიხსენე, სად წავიღე ეს თანხა. იმ დროს საკუთარი ბუღალტერიც კი არ მყავდა და დონის ბუღალტერთან ვიჭერდი საქმეს. არ მყავდა არავინ, ვინც მეტყოდა - როგორ დამეცვა თავი. ყველა მეგობარი ჩემზე იყო დამოკიდებული. მე მყავდა ისტორიაში ყველაზე უიღბლო და უმაქნისი მეგობრები.
ჩვენების მიცემამ მეტად საინტერესო განვითარება მიიღო მაშინ, როცა პუჩიო შემეკითხა ჯიმიზე და მართვის პირობების კორექტირებულ კონტრაქტზე, რომელსაც იქამდე მოვაწერე ხელი, სანამ ჯიმი მოკვდებოდა.
- მე მთლიანად, ულაპარაკოდ, მთელი სულით ვენდობოდი ჯიმს, - ვთქვი მე. - და ამ დოკუმენტს ჯიმის თხოვნით მოვაწერე ხელი. ყოველთვის ვენდობდი მას და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ნდობა დღევანდელ სიტუაციამდე მიგვიყვანდა. არ მესმოდა და ახლაც ვერ ვიგებ - თუ კეიტონი ჩემი მენეჯერი იყო, რატომ მაიძულა ჯიმიმ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა. როგორც გითხარით, მე მას ვენდობოდი და ამიტომაც მოვაწერე ხელი. მზად ვიყავი მეჩხუბა ჯიმისთვის, მე მიყვარდა ის. მას შეეძლო საქმის კურსში ჩავეყენებინე მისტერ კეიტონთან, როგორც მენეჯერთან დაკავშირებით, მაგრამ მან ეს არ გააკეთა.
მაგრამ პუჩიო აგრძელებდა ჩემზე ზეწოლას. დაკითხვა მომიწყო კინგთან ჩემი კონტრაქტის სპეციალურ პირობებზე. წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო იმ კონტრაქტში. წაკითხული არ მქონდა ეს სისულელე.
- ძალიან მღლით, - ვუთხარი პუჩიოს.
სიმართლე გითხრათ, უფრო მეტად მაინტერესებდა - როგორ ჩამეგდო ხელში პუჩიოს ახალგაზრდა თანაშემწე გოგო, რომელსაც ჯოანა კრისპი ერქვა. მოვასწარი მისთვის მეთქვა, რომ ლამაზი უკანალი აქვს. და ვაგრძელებდი მისი ყურადღების მიპყრობას. ვწუხვარ, რომ დღეს მიწევს ამის აღიარება. რაზე ვფიქრობდი იმ დროს? არ უნდა მოვქცეულიყავი ასე საზიზღრად. მაგრამ მოვიქეცი.
რობინთან ჩემი სასამართლო პროცესი ჯერაც წარმოებაში იყო, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლიდა შეხვედრაში. ყოველ ჯერზე, როცა ლოს ანჯელესში ვიყავი, მცირე ხნით შევივლდი ხოლმე მასთან. ეს იყო შეხვედრა სექსისთვის. ერთხელ მის სახლთან საკუთარი "ლამბორგინით" მივედი. კარზე დავაკაკუნე, მაგრამ არავინ მიპასუხა. უცნაური იყო. საკუთარ მანქანასთან დავბრუნდი და უცებ რობინი შევამჩნიე, რომელმაც თავისი თეთრი კაბრიოლეტი BMW გააჩერა.
ვიცანი მანქანა - ის ხომ მე ვუყიდე. "შესანიშნავია! - გავიფიქრე მე. - მოვასწრებ მასთან სექსს". შემდეგ მგზავრის ადგილას თეთრი სილუეტი შევნიშნე, გრძელი ქერა თმებით. ალბათ, მისი ერთ-ერთი მეგობარი გოგონაა გადაცემიდან "მასტერ-კლასი". მაგრამ დავაკვირდი და მივხვდი, რომ ბიჭი იყო.
და რობინს მასთან ორალური სექსი ჰქონდა. მანქანიდან გადმოვიდნენ და დავინახე, რომ ეს ბრედ პიტი იყო. უნდა გენახათ მისი სახე, როცა შეამჩნია, რომ იქვე ვიდექი. თითქოს, უკვე მზად იყო საკუთარი თავისთვის პანაშვიდი გადაეხადა. თან ძალიან მთვრალი იყო ან ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
- არ დამარტყა! არ დამარტყა! უბრალოდ, რეპეტიციას გავდიოდით. მთელი ამ დროის განმავლობაში, ის მხოლოდ შენზე ლაპარაკობდა!
- გთხოვ, მაიკ, არაფერი გააკეთო! - ქვითინებდა რობინი. ძალიან შეშინებული იყო.
მაგრამ არავის ცემა არ მინდოდა. არ ვაპირებდი მათ გამო ციხეში წასვლას. უბრალოდ, განქორწინებამდე ცოტა სექსი მინდოდა.
- შემდეგ ჯერზე, მაიკ, - მთხოვა მან. - შინ ვიქნები და მოდი.
რაც იყო, იყო. ბრედმა იმ დღეს ზუსტი დარტყმა მაგემა, ამიტომაც მხოლოდ შემდეგ დღეს დავბრუნდი.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"