VIII თავი
ტოკიოდან უკან ფრენა დიდხანს გაგრძელდა. თვალი ისევ საშინლად მქონდა, ამიტომაც მზისგან დამცავი დიდი სათვალე მეკეთა, რომელიც ენტონი პიტსმა დამითმო. ფრენის დროს ბევრი ვილაპარაკეთ.- ვფიქრობ, ჩემთან აღარ გაჩერდები, - ვუთხარი მე. ჩემს გონებაში პატარა ნაწილი მიმტკიცებდა: "განწირული ვარ. ჩემი საქმე დამთავრებულია".
- მაიკ, არასოდეს მიგატოვებ, - მიპასუხა მან. - შენ არ შეგიძლია ჩემი გათავისუფლება, მე კი არ მიგაგდებ. ასე რომ, ერთმანეთზე ვართ გადაბმულები. თვალი ჩაგიცხრება და ყველაფერი წესრიგში იქნება.
დაბრუნებისთანავე, პირდაპირ კასის სახლში, კამილასთან წავედი. უცნაური ბიჭი ვიყავი. ყოველთვის
მეორე დღეს ენტონიმ დილის შვიდ საათზე გაიღვიძა და იმ დროს დამადგა თავზე, როცა აზიდვებს ვაკეთებდი.
- ვარჯიშების დაწყება გინდა? ამ ბრძოლის შემდეგ? - გაუკვირდა მას.
- მეგობარო, უბრალოდ, კონცენტრირებას ვცდილობ, - ვუპასუხე მე.
კამილას მოგვიანებით დაველაპარაკე. ის პირველი რიგიდან ადევნებდა თვალს ბრძოლას და ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს ხელფეხშეკრული ვიყავი.
- არც ერთი ძლიერი დარტყმა არ გქონია, - თქვა მან. - ისე გამოიყურებოდი, თითქოს წაგება გინდოდა. შესაძლოა, დაიღალე ამ ყველაფრისგან.
ალბათ, მართალი იყო. ვამბობდი, რომ ერთადერთი ცუდი, რაც ამ დამარცხებაში შეიძლებოდა ყოფილიყო - მისგან დადებითი დასკვნა არ გამომეტანა. და მე მჯეროდა ამის. კასი ყოველთვის მიმტკიცებდა, რომ ბრძოლა - ცხოვრების ანალოგია.
მნიშვნელობა არ აქვს, წააგებ თუ მოიგებ. მნიშვნელოვანია ის, რას გააკეთებ წაგების შემდეგ. გააგრძელებ წოლას თუ ადგები და ახალი მცდელობა გექნება? მოგვიანებით შემეძლო მეთქვა, რომ საუკეთესო ბრძოლა სწორედ დაგლასთან მქონდა, რადგან მან დაამტკიცა - როგორც მამაკაცმა, აღვიქვი ჩემი ცემა და შემდეგ გონს მოვედი.
ასე რომ, კატსკილში დავბანაკდი, მტრედებს ვუვლიდი, საკუთარ გმირებზე ისტორიებს ვკითხულობდი. მაგალითად, როგორ აიღო რევანში ტონი ზეილმა როკი გრაციანოსთან ბრძოლებში; როგორ დაბრუნდა ჯო ლუისი იმისთვის, რომ მაქს შმელინგი დაემარცხებინა; როგორ დაუბრუნდა კრივს მუჰამედ ალი; როგორ გამოხატავდა აღშფოთებას შუგარ ლეი რობინსონი, როცა თავისი სახელის გასწვრივ დაინახა სიტყვა "ყოფილი". ისევ დამეწყო ნარცისიზმის შეტევა. და დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ ჩემი ფესვები ამ ბიჭებიდან იღებდა სათავეს. ვიცოდი, რომ საჩემპიონო ქამრების დაბრუნება გარდაუვალი იყო.
ვაპირებდი სადმე მიყრუებულ და მიგდებულ ადგილას წასვლას, რათა სრულყოფილად შემესწავლა საკუთარი ხელობა, შემდეგ კი დავბრუნებულიყავი, როგორც საუკეთესო. სწორედ ასე ხდებოდა დიადი კარატისტების შესახებ ფილმებში. ხომ სრული სისულელეა? უბრალოდ, განდიდების მანიით შეპყრობილი ჩვეულებრივი ვირთხა ვიყავი.
ამასობაში, საკრივო სამყაროში სრული აურზაური სუფევდა. ბრძოლის მეორე დღეს ყველა დიდმა გაზეთმა გააკრიტიკა აზრი იმის შესახებ, რომ დაგლასს არ აღიარებდნენ ახალ ჩემპიონად. მაგრამ, როგორც კი ხოსე სულეიმანი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნდა, მაშინვე უარყო ეს აზრი და მოინანია. ასე რომ, დონ კინგს სულ უფრო ნაკლები შანსი ჰქონდა - მოეთხოვა დაუყოვნებლივ რევანში.
მას იმედი ჰქონდა, რომ ევანდერ ჰოლიფილდი, რომელიც ოფიციალური პრეტენდენტი იყო, მსხვილ თანხას აიღებდა, გვერდზე გადგებოდა და რევანშში მონაწილეობის საშუალებას მომცემდა. მაგრამ ჰოლიფილდის გუნდმა იცოდა, რომ თუ ევანდერი ბასტერს დაამარცხებდა, დონი სტატისტის როლში დარჩებოდა მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში.
გარდა ამისა, იყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც ვერ მალავდნენ საზეიმო განწყობას ჩემი წაგების გამო. ასე მაგალითად, პატარა და საზიზღარმა ლაჩარმა მაიკ ლუპიკმა ნიუ იორკის "დეილი ნიუსიდან" ჩემში რაღაც ეშმაკის მაგვარი დაინახა:
- ხანდახან გვხვდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ქალებს გარეთ ყრიან, საკუთარ მეგობრებს ზურგში ლახვარს სცემენ და ზურგს აქცევენ იმათ, ვინც ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა... ასეთ დროს გეჩვენება, რომ ძაღლები უფრო ერთგულები არიან, ვიდრე ისინი... ტაისონი იმ ველურების ჯიშიდანაა, რომლებსაც კულტურულმა სამყარომ ყველაფერი მისცა, რაც საჭიროა, მაგრამ მათ უარყვეს ეს საჩუქრები და ინსტინქტების დონეზე ცხოვრება ამჯობინეს. ასეთი ადამიანისთვის ერთადერთი საბოლოო ხვედრი - სიკვდილია.
უფ! მომეწონა ეს განავალი.
სწორედ ამ თემაზე გავამახვილე ყურადღება ინტერვიუში, რომელიც ESPN-ს მივეცი. მკითხეს - მაინც რატომ ვარ ასეთი გულგრილი საკუთარი ცხოვრების მიმართ. და მე ვუპასუხე:
- ვფიქრობ, ბევრს სურდა ჩემი კრახის ხილვა. სიამოვნებით მნახავდნენ ხელბორკილებით პოლიციის მანქანაში ან გზად საპყრობილისკენ, როგორც ეს მარლონ ბრანდოს შვილის შემთხვევაში მოხდა. ხალხს უყვარს ასე ლაპარაკი: "სწორედ ამის შესახებ გაფრთხილებდით. ხომ ვამბობდი, რომ ცუდად დაამთავრებს". მაგრამ მე ციხეში არ ვარ, აღარ ვცხოვრობ ბრაუნსვილში და უარესის მოლოდინის მიუხედავად, ჩემსას მივაღწიე.
დონ კინგმა მაიძულა, რამდენიმე პრესკონფერენცია გამემართა. ვცდილობდი, ყველაფერი ნათელ ფერებში დამეხატა, მაგრამ ჩემი პატიოსნება არ მაძლევდა ამის საშუალებას.
- დაუმარცხებლები არ არსებობენ, - ვთქვი მე. - ხანდახან მეტოქე ახერხებს თქვენი ბრძოლის ჟინის გატეხვას. დიახ, ბასტერმა დამამარცხა. მე არ ვემზადებოდი ამ ბრძოლისთვის. ამ შეხვედრას სერიოზულად არ აღვიქვამდი. სექსი მქონდა იაპონელ გოგონებთან, იაპონიაში თავი კალიგულად წარმომედგინა.
ლოს ანჯელესში ჟურნალისტებმა ბევრი იცინეს ჩემს მონაყოლზე:
- ბრძოლის ვიდეოჩანაწერს ვუყურებდი და საკუთარ თავს ვეუბნებოდი: "ეი, ბიჭო, თავი დახარე!" მაგრამ იმ სულელმა, ვინც ეკრანზე მოჩანდა, თავი არ ჩასწია.
ერთმა ჟურნალისტმა მკითხა - მიფიქრია თუ არა თვითმკვლელობაზე საჩემპიონო ქამრის დაკარგვის შემდეგ.
- ძალიან ბევრი ფული მაქვს, რომელიც უნდა დავხარჯო იქამდე, სანამ საკუთარ თავს ასეთ განაჩენს გამოვუტან. ასეთი უსიამოვნებები ყოველთვის ხდება. ვიტირე თუ არა წაგების შემდეგ? ძალიან მინდოდა ამის გაკეთება! ბოლოს ჩემი განქორწინებისას ვიტირე. აი, მაშინ ღირდა ტირილი. სინამდვილეში, აი რას გეტყვით: წაგების შემდეგ შვება ვიგრძენი. მივხვდი, რომ აღარაფერი მაწევდა ტვირთად.
ვიღაცეები ჩემ გამართლებას ცდილობდნენ, მაგრამ მე ვეთანხმებოდი ამას. ლარი მერჩანტიც კი, რომელიც ყოველთვის პატივისცემით არ იყო ჩემ მიმართ გამსჭვალული, HBO-სთვის აღებულ ინტერვიუში ცდილობდა, ჩემი დამარცხება თვალის დაზიანებასთან დაეკავშირებინა.
- კიდევ ერთი თვალი მრჩებოდა და ის უნდა გამომეყენებინა. სანამ გული გიცემს, ბოლომდე უნდა იბრძოლო, - ვთქვი საპასუხოდ.
ლოს ანჯელესიდან დაბრუნებული პირდაპირ კატსკილში წავედი, მაგრამ იქ ნახევარი მსოფლიო ირეოდა ჩემგან ინტერვიუს ჩამორთმევის იმედად. ჟურნალისტები ბრაზილიიდან, ინგლისიდან, სკანდინავიიდან, იაპონიიდან - ყველანი იქ იყვნენ. მელოდნენ იქ, სადაც ყველაზე ხშირად ვჩნდებოდი ხოლმე. მაგალითად, ბარ "სექტემბერში". მათ გადაკეტეს კასის სახლთან ყველა მისასვლელი, კამილას მათთან ომი უწევდა:
- აქ აღარ მოხვიდეთ, დაანებეთ თავი, ის ხომ უბრალოდ, ბავშვია! უნდა გრცხვენოდეთ საკუთარი საქციელის!
ბასტერ დაგლასმა მოიგო ბრძოლა, მაგრამ მას არავინ აქცევდა ყურადღებას, მხოლოდ მე მეძებდნენ. ჩემი ნოკაუტიც კი გააშარჟეს და საცეკვაო კლიპი შექმნეს. ეს სასაცილო იყო. გულის სიღრმეში, წაგება მინდოდა, რათა ყოველდღიური სტრესისგან გავთავისუფლებულიყავი, მაგრამ ამანაც არ იმუშავა.
- ახლა უკვე აღარ შემიძლია ყველაფრის მიტოვება, მე უკვე საქმეში გასული მეძავი ვარ, - ვუთხარი ერთ ჟურნალისტს. - ახლა სულ რაღაც უნდა ვამტკიცო. სიმართლე გითხრათ, დღეს საკუთარ თავს ვეკითხები - კიდევ უფრო დიადი ხომ არ გავხდი ამ ბრძოლის წაგებით.
მთელი ამ აურზაურის დროს ჩემი და გარდაიცვალა. ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც ჩემი დატუქსვის არ ეშინოდა. თან ყოველთვის მიცავდა, სიკვდილის წინაც კი. ის მართლაც ძალიან მსუქანი იყო, მისმა ქმარმა მითხრა, რომ კოკაინსაც იღებდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემზე ნერვიულობის გამო არ აკეთებდა ამას. სიკვდილამდე წინა საღამოს, დიდხანს ველაპარაკე ტელეფონით.
- დაელაპარაკე მამას, - მითხრა მან. - და ძალიან გთხოვ, თვალს მიაქციე ყურადღება.
ის ყოველთვის ახლოს იყო ჯიმისთან, ჩვენს ბიოლოგიურ მამასთან. და უნდოდა, მასთან ნორმალური ურთიერთობა გვქონოდა. ჩემი და - რაღაც განსაკუთრებული იყო. ვცდილობდი მისთვის ხელის გამართვას, მაგრამ არ მოსწონდა ფულის გამორთმევა. ძალიან კარგად გრძნობდა თავს გეტოში დ არასოდეს ეწეოდა ჩემ ექსპლუატაციას.
ძალიან შემეცოდა, მაგრამ იმ დროისთვის შევეჩვიე სიკვდილს და უხმოდ მივიღე ის. დაკრძალვის ცერემონია ბრუკლინში გაიმართა, პანაშვიდი წმინდა მამა ელ შერპტონმა გადაიხადა. ჩვენ მას დავცინოდით სიმსუქნისა და დიდი ხუჭუჭა თმის გამო, მაგრამ ჩვენს გუნდში დიდი გმირი იყო. ვამაყობდით ელით.
ვიცოდით, საიდან მოდიოდა და უნდა ვთქვა, რომ მის საქციელს ნამდვილ სასწაულად აღვიქვამდი. ერთ საღამოს, ტელეარხ PBS-ზე ვნახე დოკუმენტური ფილმი ბროდვეის ისტორიაზე. მილტონ ბერლი ჰყვებოდა ბრუკლინის ღარიბი რაიონებიდან გამოსულებზე. მან თქვა, რომ ცხოვრების კრახად მიაჩნია არა მოკრძალებული შემოსავალი, არამედ უილიამსბერგში (ბრუკლინის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური და კრიმინოგენური რაიონი) და ბრაუნსვილში დაბრუნება. ეს ფრაზა პირდაპირ გულში მომხვდა.
ტიტულის წაგების შემდეგ ბრაუნსვილში ჩემი მეგობრები უნდა მომენახულებინა. არ მინდოდა იქ დამარცხებული დაბრუნება, მაგრამ ისინი შესანიშნავი მეგობრები იყვნენ და ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ადრე ბევრ დროს ვატარებდი ჩემს მეგობარ გოგონასთან, ჯეკი როუსთან. ბავშვობაში ერთად ხშირად ვერთობოდით. ყოველი მორიგი ქურდობის შემდეგ მეგობრებთან ერთად ჯეკისთან სახლში მივდიოდით ფულის გასაყოფად. ჯეკი მსხვილი იყო, თავხედი, უყვარდა პუბლიკაზე მუშაობა, როგორც ჩემს დას. მისი გარდაცვალების შემდეგ საკუთარი თავი ჩემს დად გამოაცხადა.
მართალია, დარწმუნებული ვიყავი, რომ ღმერთებს ჩემთვის საჩემპიონო ქამრის დაბრუნება სურდათ, მაინც მოწყენილად და უხერხულად ვგრძნობდი თავს. წაგების შემდეგ საკუთარი თავის მიმართ არადამაჯერებლობას ვგრძნობდი. ჯეკი კი, როგორც ყოველთვის, სიცოცხლით სავსე და ოპტიმისტი იყო.
- შეიშალე, იდიოტო? - პირდაპირ მომახალა მან. - იცი, ვინ ხარ ამის შემდეგ? ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ბრძოლა იყო, მაიკ. შენ წააგე. მერე რა? წინ იარე! საუკეთესო ხარ!
- შენ ასე ფიქრობ? - ვიკითხე მე.
- ვიცი, რომ ეს ასეა. უბრალოდ, მიღებული წესები არ დაიცავი. უბრალოდ, არ აკეთებდი იმას, რაც უნდა გაკეთებინა.
- ხო, მართალი ხარ, - ვთქვი მე. - შენ სრულიად მართალი ხარ.
დაველაპარაკე ჯეკის, დავტკბი პარკით მის სახლთან ახლოს, რომელიც მუნიციპალური საცხოვრებელი იყო.
ჯეკი სახლიდან გავიდა, რომ ჩემთვის საყვარელი საკვები ეყიდა, მე კი ფანჯრიდან გავიხედე და სახლთან ახლოს მდგომ გოგონებს გავძახე. მათ თავი ასწიეს და გაკვირვებულებმა გადახედეს ერთმანეთს:
- შეუძლებელია! მაიკ ტაისონი! ეს ის არის? მაიკ! მაიკ!
როცა მათ ეს წამოიყვირეს, იმდენი ადამიანი შეიკრიბა, რომ იძულებულნი გახდნენ, ჩემი "ფერარის" გარშემო პოლიციის ლენტი შემოევლოთ. მთელ კვარტალს ალყა შემოარტყეს.
ხანდახან ჯეკის ჰარლემში მივყავდი და იქ ადამიანები ჭკუიდან გადადიოდნენ. ისინი ყვიროდნენ:
- შენ მაინც უდიადესი ხარ, ჩემპიონი ხარ! შენ ამას ისევ გააკეთებ!
რა თქმა უნდა, როცა ამ ადამიანებს შორის ვიყავი და ვხედავდი, რომ მათ ძველებურად ვუყვარდი, ისევ მოვიპოვე საკუთარ თავში დამაჯერებლობა.
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"