დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
15 თებერვალს, ინდიანას შტატის სააპელაციო სასამართლომ მოისმინა ჩემს აპელაციასთან დაკავშირებული არგუმენტები.

საქმის მოსმენამდე, როგორც იქნა, გამოაქვეყნეს დეზირეს შეთანხმება სამოქალაქო საქმეების ადვოკატთან.

დერშოვიცს სამი ძირითადი საკამათო საკითხი ჰქონდა, რომელიც, მისი აზრით, განაჩენის გაუქმების საფუძველი უნდა გამხდარიყო: იმ მოწმეების უგულებელყოფა, რომლებმაც დაინახეს, როგორ ვკოცნიდით და ვეხვეოდით ერთმანეთს მე და დეზირე; პროცესიდან ჟიურისთვის განკუთვნილი "ნაგულისხმევი შეთანხმების" შესახებ ინსტრუქციის ამოღება; 911-ზე საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნება და გერშტაინთან შეთანხმება ჩემ წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელის აღძვრის შესახებ.

ბევრ იურისტს, მათ შორის, მარკ შოუს მიაჩნდა, რომ გიფორდმა საკმარისზე მეტი
შეცდომა დაუშვა იმისთვის, რომ ახალი გარჩევა მოეთხოვათ.

არგუმენტების მოსმენის შემდეგ კიდევ ერთი სენსაცია აგორდა, რომელიც გაუპატიურებასთან დაკავშირებით დეზირეს მტკიცებებს ეხებოდა. მისი სკოლის მეგობარმა უეინ უოკერმა განაცხადა, რომ თავის დროზე, დეზირემ მამამისს უთხრა, რომ უეინმა ის გააუპატიურა. შემდეგ კი თავად უეინს აუხსნა, რომ ეს საკუთარი თავის დასაცავად გააკეთა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდ უბედურებაში მოხვდებოდა. უოკერმა ESPN-ის რადიოგადაცემაში განაცხადა:

"როცა ჩემ წინააღმდეგ დეზირეს ბრალდების შესახებ მოვისმინე, პირველი, რაც თავში მომივიდა, ეს იყო: "მან ისევ დაიწყო ამის კეთება".

მოგვიანებით, იმავე თვეში, გაზეთმა New York Post-მა დაწერა, რომ 1989 წლის ოქტომბერში მერი ვაშინგტონმა მიაღწია დონალდის დაპატიმრებას და მის წინააღმდეგ საქმის აღძვრას დეზირეზე თავდასხმისა და მისი ცემის ბრალდებით. დეზირემ პოლიციას აცნობა: "მამამ დამარტყა და წყლის ნიჟარას დავეჯახე... კედელსა და იატაკზე მანარცხებდა. გავთავისუფლდი და დანისკენ გავიწიე, რომ საკუთარი თავი დამეცვა".

რამ აიძულა დონალდ ვაშინგტონს, თავს დასხმოდა დეზირეს? ჩემს საქმეზე ჩვენების მიცემისას, დედამისი ირწმუნებოდა, რომ მისმა მეუღლემ "აიწყვიტა", როცა დეზირემ ქალიშვილობის დაკარგა აუწყა. დედამისი იმდენად შეწუხებული იყო ამ ამბით, რომ დეზირესთვის ფსიქოთერაპია მოაწყო მძიმე დეპრესიისგან და თვითმკვლელობის ფიქრებისგან თავის დასაღწევად.

ასე რომ, დეზირეს დედამ დაადასტურა - მისმა შვილმა ქალიშვილობა 1989 წლის ოქტომბერში დაკარგა, სწორედ მაშინ, როცა მისმა მეგობარმა უენმა განაცხადა, რომ ისინი სექსით იყვნენ დაკავებულნი და დეზირემ ის გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ჩემი ადვოკატის კორექტირებული საკასაციო სარჩელის პასუხად, დეზირემ, რა თქმა უნდა, ფიცის ქვეშ წერილობითი განცხადება გააკეთა, რომ არასოდეს ჰქონია სექსი ამ ბიჭთან:

- კატეგორიულად და ულაპარაკოდ უარვყოფ იმას, რომ უეინსა და მე ოდესმე სქესობრივი კავშირი გვქონდა. ასევე კატეგორიულად უარვყოფ, რომ ოდესღაც დამიდანაშაულებია უეინი გაუპატიურებაში.

არსებობდა მხოლოდ ერთი პრობლემა. დერშოვიცმა იპოვა ბიჭი, სახელად მარკ კოლვინი, დეზირეს მეგობარი, რომელმაც განაცხადა, რომ ტყუილი იყო ის, რაზეც დეზირე იფიცებოდა:

- ძალიან არ მინდოდა ამ ინფორმაციით გამოსვლა, რადგან ძველებურად მიმაჩნია დეზირე ვაშინგტონი ჩემს მეგობრად. 1989 წლის ბოლოს მან ტელეფონით დამირეკა და აღიარა, რომ სქესობრივი კონტაქტი ჰქონდა უეინ უოკერთან... ასევე თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ეს მოხდა, ტუალეტში წავიდა და დიდი ხანი ტიროდა.

როგორ მარტივად შეიძლება ყველაფრის არევა! ამ მომენტიდან ორი წლით წინ გადავიდეთ. მხოლოდ და მხოლოდ გაკვირვებას იწვევს ის - რა თქვა და რა გააკეთა დეზირეს მამამ მაშინ, როცა ქალიშვილმა ჩემთან სექსის შესახებ მოუყვა. ცხადია, მოცემულ შემთხვევაში არც ისე მყარ ოჯახთან გვაქვს საქმე.

ჩემს ახალ ადვოკატთან, დერშოვიცთან თავს დამაჯერებლად ვგრძნობდი. ამიტომაც გაოგნებული დავრჩი, როცა 7 აგვისტოს აპელაცია წავაგე ინდიანას შტატის სააპელაციო სასამართლოში. ორი მომხრე და ერთი მოწინააღმდეგე - ორ მოსამართლეს მოეჩვენა, რომ გიფორდს არ გადაუმეტებია უფლება-მოვალეობები, როცა სასამართლოზე არ დაუშვა ჩემი მოწმეები. ერთმა მოსამართლემ ჩემი მხარი დაიჭირა. მოსამართლე პატრიკ სალივანი წერდა:

"მთელი საქმის ჩანაწერების გადახედვისას იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ტაისონთან მიმართებაში არ ყოფილა საკმარისი ობიექტურობა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება სისხლის სამართლის საქმეში".

სხვა სიტყვებით, ამ ზანგს აუპატიურებდნენ. საბოლოოდ დავკარგე ყოველგვარი ნდობა ჩვენი სისტემის მიმართ. როგორც ყოველთვის, ეს უბრალოდ, ბინძური ბიზნესი იყო. ამიტომაც დიდად არ გამკვირვებია, როცა ექვსი კვირის შემდეგ ინდიანას შტატის უმაღლესმა სასამართლომ ჩემი აპელაციის განხილვაზეც კი უარი განაცხადა.

დააკვირდით, როგორ მოიქცნენ ისინი. ჩემი საქმის განსახილველად აუცილებელი იყო უბრალო უმრავლესობა, თუნდაც ერთი ხმით მეტი: სამი მომხრე, ორი მოწინააღმდეგე. მე მივიღებდი ამ ხმას, რომ არა სიტუაცია რენდალ შეპარდთან დაკავშირებით. სასამართლოს ლიბერალური წევრი ამ საქმიდან გააძევეს ინტერესთა კონფლიქტის გამო. მოსამართლე იელის იურიდიული სკოლის მე-20 გამოშვებას სტუმრობდა და დერშოვიცი იქ მის ცოლს შეეჩეხა, როცა ის ქალების ტუალეტიდან გამოდიოდა. მოგვიანებით, შერაპდი წერდა:

"ჩემმა ცოლმა ასეთი რამ მომიყვა: მან დერშოვიცს უთხრა, რომ იხილა მისი კამათი ინდიანას შტატის სააპელაციო სასამართლოში გირაოს შესაძლებლობაზე. ასევე გამოთქვა აზრი, რომ საქმის განვითარებასთან ერთად, იმასაც უნდა მიეჩვიოს, როგორ უყურებენ ასეთ რამეებს ინდიანას შტატში... თანახმა ვარ, რომ უადგილო საუბარი იყო. ჩემი ცოლი იურისტი არ არის და ბოლომდე ვერ აცნობიერებს მიზეზებს, რის გამოც ასეთი საუბრები მიუღებელია... ის ძალიან წუხს, რომ მსგავსი დიალოგი წამოიწყო. ჩემი გადაწყვეტილება - არ გამომეაშკარავებინა ჩემი უფლებამოსილების გაწვევის მიზეზები, უკავშირდებოდა ჩემი ცოლი უხერხულობისგან დაცვის სურვილს. სავსებით შესაძლებელი იყო, ადგილი ჰქონოდა ინფორმაციის გასაჯაროებასა და მისი საქციელის გარშემო დისკუსიას".

როგორც ჩანს, შეპარდის ცოლმა დერშოვიცს რამდენიმე რჩევა მისცა იმასთან დაკავშირებით - როგორ მოეგო ჩემი აპელაცია. მაგრამ მოსამართლეს არ სურდა ისეთი შთაბეჭდილების შექმნა, თითქოს შეპარდის ხმა გამყარებული იყო მეუღლის აზრით. და ქალის რეპუტაციის გადასარჩენად, მან ჩემი შავი უკანალი გაწირა. შეპარდის გარეშე საბოლოო კენჭისყრის შედეგი იყო - 2:2. და ეს საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის უარის სათქმელად.

ახლა უკვე ციხიდან გამოსვლის იმედი აღარ მქონდა. 13 თვე დამჭირდა იმის გასაგებად, სწორად როგორ მომეხადა სასჯელი. მთელი პირველი წელი ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო, ჩემს საპატიმრო ვადას რამდენიმე თვე დაემატა. ყველაფერში საეჭვო ვიყავი. ჩამსვეს კამერაში ბიჭთან, რომელსაც ერლი ერქვა.

ის ტიპური პატიმარი იყო. 30 წელი ჰქონდა მისჯილი ნარკოტიკების გასაღებისთვის, რაც იმას ნიშნავდა, რომ აქ მინიმუმ 15 წელს გაატარებდა. ადმინისტრაციას მიაჩნდა, რომ ის იყო ჩემთვის ყველაზე შესაფერისი "მასწავლებელი" და მზრუნველი, რომელიც ყველა უსიამოვნებისგან დამიფარავდა.

პირველივე საღამოს, როგორც კი ერთად აღმოვჩნდით, ფანქარი ავიღე და ამ "იარაღით" მუქარის მოძრაობა გავაკეთე.

- შენი დედაც, მოგკლავ, თუ ჩემს რაიმე ნივთს შეეხები. შენთვის უკეთესი იქნება, თუ არაფერი დაიკარგება, - ვთქვი მე. - და აქ ცოდვების მოსანანიებელი ადგილი არ არის, ამიტომაც არ არის საჭირო ჩემთან ლაპარაკი.

ერლმა გაკვირვებით შემომხედა.

- რა ჯანდაბაა? ეი, მაიკ, მე ის ბიჭი არ ვარ, - თქვა მან. - მე შენთან ვარ, ძმაო. აქ შენ დასახმარებლად ვარ. ნუ ჩაეფლობი ამ ნეხვში. შეიძლება ყველაფერი ისე მოვაწყოთ, რომ უამრავი თავისუფალი დრო დაგრჩება. ვიცნობდი ბიჭებს, რომლებიც აქ ერთი ან ორი წლით მოდიოდნენ და თავიანთ ცხოვრებას აწყობდნენ. შენ უბრალოდ არ იცი, როგორ მოიქცე, ძმაო. მე შენ გჭირდები. მე გასწავლი, როგორ მოიქცე და თუ აქ ყველაფერს კარგად მოვაწყობთ, საქმე იოლად წავა.

თანდათან ერლმა საჭირო სიბრძნეებს მაზიარა. გარკვეული დრო დამჭირდა ამ ყველაფრის გასაგებად, მაგრამ ის უჩვეულო ადამიანი აღმოჩნდა. კამერაში დავაბიჯებდით და ერლი ჭკუას მარიგებდა:

- აი, იმ ნაბიჭვრებისგან თავი შორს დაიჭირე, მაიკ. და არ დაელაპარაკო იმ პოლიციელებს, არც კი მიესალმო მათ, საერთოდ არ გააღო პირი. მისმინე, არ გაგიკვირდეს, თუ ვინმეს სასქესო ასო პირში მიდევს ან რომელიმე პატიმარს უკანალში ვაუპატიურებ. ამას არასოდეს ვაკეთებ, მაგრამ თუ მოულოდნელად ასეთ რამეს დაინახავ, არ გაგიკვირდეს. უბრალოდ, არ გაოცდე არაფრით, რასაც დაინახავ, გასაგებია? და არაფერზე გააკეთო კომენტარი, უბრალოდ, ჩუმად იყავი.

თუ დაინახავ ზანგების ბრბოს, რომლებიც ვიღაცას სცემენ, გზა გააგრძელე. არ შეხედო მათ, არ უნდა შეამჩნიონ, რომ შენ ყველაფერი დაინახე. ყველაფერს, რასაც აქ ხედავ, სინამდვილეში არ ხედავ. თუ ვინმე ვინმეს ხმარობს, უბრალოდ, შენი საქმე აკეთე. არანაირი ხუმრობა და კომენტარი, რადგან ეს მისი ცოლია. თუ შენ ვინმეს ცოლის მიმართ ქუჩაში უპატივცემულობას გამოიჩენ, ცუდ დღეში ჩაგაგდებენ. ასეა აქაც.

და ის მართალი იყო. იმას, რაც ციხეში ხდებოდა, რთულია ჩვეულებრივი სტანდატები მოუძებნო. როცა ციხის გარეთ ჰომოსექსუალიზმის შესახებ ფიქრობ, თვალწინ წარმოგიდგება ვინმე დაუცველი და გაუბედურებული მამაკაცი, რომელიც შეიძლება უბრალოდ გამოიყენო. აქ ასე არ იყო. ეს ადამიანები მებრძოლები იყვნენ. მათ ერთ წამში შეეძლოთ სიცოცხლეს გამოესალმებინე.

ხედავ, ეზოში როგორ სეირნობს ხელიხელჩაკიდებული ორი ფიზიკურად ძლიერი მამაკაცი. და შენ მათ პატივს სცემ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან სერიოზული პრობლემები გექნება. ციხეში ნებისმიერია წამსვლელი მკვლელობაზე - არ აქვს მნიშვნელობა, ფიზიკურად ძლიერია თუ გამხდარი.

გარკვეული ხნის შემდეგ ვისწავლე ნებისმიერში ადამიანობის დანახვა, თუნდაც ეს ყოფილიყო რასისტული შეხედულებების ზედამხედველი.

მათი ახლოს გაცნობა დავიწყე და როცა ისინი ჰყვებოდნენ, რომ მათ ოჯახში ვიღაც გარდაიცვალა ან ცოლთან პრობლემები აქვთ, მე უკვე აღარ მანაღვლებდა - ზანგების დაჯგუფების წევრი იყო ის, ნაცისტი თუ მექსიკელი ბანდიტი.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული