ცნობილმა მძიმეწონოსანმა დევიდ ტუამ (51-3-2, 43 KO) გასულ უიქ ენდზე ვერ დაადასტურა თავისი საჩემპიონო ამბიციები. ზელანდიელმა ვეტერანმა ვერაფერი მოუხერხა ამერიკელ მონტე ბარეტს (34-9-1, 20 KO) - 12 რაუნდის შემდეგ მსაჯებმა ფრე დააფიქსირეს.
ბარეტი ამ ბრძოლაში აუთსაიდერად მიიჩნეოდა, თუმცა ამერიკელს კარგად ეჭირა დისტანცია და ახლოს არ უშვებდა სახიფათო მოწინააღმდეგეს. შესაბამისად, ტუამ ვერცერთხელ ვერ განახორციელა ხეირიანად თავისი საფირმო დარტყმა. ბრძოლის ბოლოს დევიდი ძალიან დაიღალა და ძლივს გადაადგილდებოდა რინგზე. ამის გამო მისი დარტყმების უმრავლესობა მიზანს ვერ აღწევდა.
ბრძოლის შემდეგ ორმა მსაჯმა ფრე გამოაცხადა
სხვათა შორის, ეს იყო ბოლო ბრძოლა მონტე ბარეტის კარიერაში.
გასული უიქ ენდის კიდევ ერთი საინტერესო ბრძოლა გაიმართა პირველ ნახევრადსაშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონ ტიმოტი ბრედლისა (26-0, 11 KO) და აქამდე მასსავით დაუმარცხებელ კარლოს აბრეგუს (29-1, 23 KO) შორის.
ჩხუბი ბრედლისთვის ახალ წონით კატეგორიაში (66,7 კგ) გაიმართა და მან წარმატებით გაიარა ეს გამოცდა. მართალია, მსოფლიოს ჩემპიონს თორმეტივე რაუნდის გამართვა დასჭირდა, მაგრამ ტიმოტის უპირატესობაში ეჭვი არავის შეუტანია, რაც ბრძოლის შემდეგ მსაჯებმაც დააფიქსირეს - 118:110, 116:112 და 117:111 ამერიკელის სასარგებლოდ.
გამარჯვების შემდეგ WBO-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა თვით ფილიპინელი მენი პაკიაო გამოიწვია ბრძოლაში.
"მე ჩემი ძალა დავამტკიცე. ახლა მოვიდეს პაკიაო და მეჩხუბოს. მას ნახევრად საშუალო წონაში შევხვდები", - განაცხადა ბრედლიმ.
წარმატებით დაიცვა უმჩატეს წონაში მსოფლიოს ჩემპიონის ორი ტიტული (WBC, WBO) ფერნანდო მონტიელმა (43-2-2, 33 KO).
ჩემპიონს არანაირი პრობლემა არ შექმნია რაფაელ კონსეპსიონთან (14-5-2, 8 KO) ბრძოლაში. ორ რაუნდი მონტიელი უმოწყალოდ ურტყამდე მეტოქეს, მესამე სამწუთეულში კი ბოლო მოუღო პანამელის წვალებას და ნოკაუტში გაგზავნა კონსეპსიონი.
პაკმენი მეივეზერს ვერ ეღირსა
ფილიპინელი მენი პაკიაო მომავალი ბრძოლისთვის ახალ მეტოქეს ეძებს. როგორც იცით, მსოფლიოს საუკეთესო მოკრივის პრომოუტერმა ბობ არუმმა შაბათამდე მისცა ვადა ამერიკელ ფლოიდ მეივეზერს, რომელსაც საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა - უნდოდა თუ არა ფილიპინელ მოკრივესთან ჩხუბი. დათქმულ ვადაში არუმი მეივეზერის პრომოუტერების პასუხს ვერ ეღირსა და შესაბამისად ეს ბრძოლა არ ჩატარდება.
არადა, მენისა და ფლოიდის ბრძოლა კრივის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი იქნებოდა - თითოეული მოკრივე 40 მილიონ დოლარს მიიღებდა, მაგრამ სამწუხაროდ, თითქმის ერთწლიანი მოლაკარაკება უშედეგოდ დასრულდა. მართალია, არუმი არ მალავს, რომ ძალიან უნდა ამ ბრძოლის ორგანიზება, მაგრამ იქვე ამატებს, რომ უშედეგო მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის დროის დახარჯვა აღარ სურს.
ახლა პრომოუტერი ანტონიო მარგარიტოსა და მიგელ კოტოზე გადაერთვება. სწორედ ამ ორი მოკრივედან ერთ-ერთი იქნება პაკიაოს მეტოქე ამა წლის ნოემბერში.