დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
5 მარტს, ნიუ იორკში აშშ-ის საოლქო სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ დონ კინგის წინააღმდეგ. მინიმუმ 100 მილიონ დოლარს ვედავებოდით. იმავე დღეს, ჩემმა ადვოკატმა ჯონ ბრანკამ გამომიგზავნა მხარდასაჭერი წერილი:

"ეს ნაბიჯი საშუალებას მოგცემთ თქვენი კვალი დატოვოთ ისტორიაში - გახდეთ ლიდერი უსამართლობისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც დონ კინგმა ჩაიდინა არა მხოლოდ თქვენს, არამედ ბევრი სხვა მოკრივის წინააღმდეგ ბოლო 20 წლის განმავლობაში.

ამ სტატუსით თქვენ დატოვებთ კვალს არა მხოლოდ კრივის ისტორიაში, არამედ საზოგადოებისა და კულტურის ისტორიაში, როგორც ეს თავის დროზე გააკეთეს არტურ ეშმა და
კურტ ფლადმა (ცნობილი ბეისბოლისტი, რომელიც აშშ-ის უზენაეს სასამართლოში იცავდა ბეისბოლის მოთამაშეების უფლებებს). იმ საქმის წარმატება, რომელსაც ხელი მოკიდეთ, მთლიანად დამოკიდებულია თქვენს ძალასა და რწმენაზე საკუთარ სიმართლეში. დონ კინგი შეეცდება აღმოაჩინოს თქვენში ნებისმიერი სუსტი წერტილი, რათა ის თავის ინტერესებში გამოიყენოს. ეს მოითხოვს თქვენგან თავდადებასა და მოთმინებას. სასამართლო პროცესი, შესაძლოა, სამი წელი გაგრძელდეს, მაგრამ მედგრად უნდა დადგეთ ამ ბრძოლაში და მაშინ გაიმარჯვებთ".

ბრანკამ და ჯეფ ვალდმა ასევე დასახეს გარკვეული გეგმები ჩემი შემოსავლების გასაზრდელად: ტანსაცმლის ხაზის პროდუქციის გაყიდვით, ხმის ჩამწერი კომპანიების პროდუქციაზე ეტიკეტებით, ჩემი პოსტერების გასაღებითა და ჩემი ავტობიოგრაფიით.

ოთხი დღის შემდეგ, სასამართლოში ვუჩივლეთ ჯონ ჰორნსა და რორი ჰოლოუეის კიდევ 100 მილიონ დოლარზე. ციხეში ყოფნის დროს, მათ მაიძულეს დონთან გამეფორმებინა კონტრაქტი, რომელიც, ყველაფერთან ერთად, უკანონო იყო. თითოეულმა 22 მილიონი დოლარი გამოიმუშავა ჩემს ბრძოლებზე, რომელიც ციხიდან განთავისუფლების შემდეგ ჩავატარე. ისინი ნამდვილი მენეჯერები რომ ყოფილიყვნენ, უფლებას არ მომცემდნენ გამეფორმებინა დონთან ამგვარი კონტრაქტები, განსაკუთრებით ის ხელშეკრულება, რომლითაც კინგი 30 პროცენტს იღებდა ჩემი შემოსავლებიდან და ბონუსებიდან.

მაგრამ ეს ჩემი შეცდომა იყო - კარიერის განვითარებისთვის გავიქირავე გაკოტრებული საესტრადო არტისტი და ბიჭი, რომელსაც მხოლოდ ის შეეძლო, რომ პაემანზე დაპატიჟებული გოგონას მეგობარს გაართობდა და თავიდან მოგაცილებდა. კასმა ერთხელ მითხრა: "იცი, გვხვდებიან ცხოველები, რომლებსაც ადამიანის სახე აქვთ და შენ საკმარისად გამოცდილი არ ხარ, იმისთვის რომ ისინი სხვა ადამიანებისგან გაარჩიო".

რორისგან სხვა არაფრის მოსმენას არ ველოდი, მაგრამ გაკვირვებული დავრჩი, როცა წავიკითხე, რა თქვა ჯონ ჰორნმა მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ სასამართლოში ვიჩივლეთ:

- მაიკ ტაისონი არასოდეს აფასებდა იმას, რასაც მისთვის ვაკეთებდით. მაიკ ტაისონი - ეს არის გასამართლებული მოძალადე, საშიში დამნაშავე, ჩვენ კი მასთან კრივის ისტორიაში უმსხვილეს გარიგებებს ვდებდით. თუ მას დიდხანს სიცოცხლე უწერია, შესაძლოა, მოგვიანებით გააცნობიეროს - რა წარმატება გავუნაღდეთ. ასე რომ, მაიკ, მე შენი მეძავი არ ვარ. მე შენ მხარს გიჭერდი მხოლოდ სიყვარულიდან და ერთგულებიდან გამომდინარე.

ამის შემდეგ, მან დაამატა:

- დონ კინგი - დიადი ადამიანია. თუ გაიგებთ, რომ მასზე ვიღაც ცუდს ლაპარაკობს, მაშინ იცოდეთ, რომ ის არასოდეს მჯდარა დონთან ერთად ერთ მაგიდასთან. დონ კინგი პატივს მცემს, და მეც პატივს ვცემ მას.

მიუხედავად იმისა, რომ მრჩევლები მყავდა, რომლებიც ჩემს კარიერაზე ზრუნავდნენ, სამ ქალს - შონის, ჯეკი როუსა და მონაკას მაინც უწევდათ ბევრი ყოველდღიური სამუშაოს შესრულება. არ მინდოდა, მონიკა რაღაცით დაკავშირებული ყოფილიყო კრივის სამყაროსთან. მას თავი შორს უნდა დაეჭირა ამ სიგიჟისგან. მე უნებლიედ ვიზიდავდი ყველანაირ ნაძირლებს. შესაძლოა, ისინი თავისი საქმის პროფესიონალები იყვნენ, მაგრამ მაინც ნაძირლებად რჩებოდნენ, რადგან მათ საქმეში დიდი ფული ტრიალებდა. მონიკას, უბრალოდ, ჩემი დაცვა უნდოდა. დღეს ეს კარგად მესმის, მაგრამ მაშინ ამას ვერ ვაცნობიერებდი.

შონი და ჯეკი სხვანაირები იყვნენ - ორივენი მსხვილები, თამამები და თავხედები. ჯეკი იყო ადამიანი, რომელიც ქუჩაში გაიზარდა და ქუჩამ აღზარდა. მე და ის ერთი ცომისგან ვიყავით მოზელილი. იმის ნაცვლად, რომ ყველა ჩინოვნიკისთვის და მმართველისთვის ზრდილობიანად ეთქვა: "მაიკი არის ფიგურა, რომელიც ძალიან სასარგებლოა საქმიანი მოღვაწეობისთვის. და ამ ფაქტორის გათვალისწინებით, კორპორაცია MGM უნდა აცნობიერებდეს, რომ ის მათთვის ციდან ჩამოვარდნილი ოქროა..." ის კი პირდაპირ ლანძღვა-გინებას იწყებდა:

"თქვენ, ნაბიჭვრებო, უბრალოდ საჯდომს უნდა ულოკავდეთ ამ ადამიანს!" შონი ისეთი უხეში არ იყო, როგორიც ჯეკი, მაგრამ მასაც შეეძლო სასტიკად მოქცევა. ლატონდიასთვის შონისთან და ჯეკისთან საქმის დაჭერა მის ძალ-ღონეს აღემატებოდა. ის დაავადდა მათგან მუდმივი წნეხით და სამსახურიდან წავიდა. იმ დროს ეს საქმეები არ მაინტერესებდა. პრაქტიკულად არ ვიყავი ამით დაკავებული. ისევ ღრუბლებში დავფრინავდი, ნარკოტიკებისგან კაიფს ვიღებდი და ცხოვრება უაზროდ გამყავდა.

ფული ძალიან მჭირდებოდა, ამიტომაც გავყიდე ჩემი 62 მანქანა, მათ შორის, რამდენიმე სპორტული ავტომობილი, ექვსი მოტოციკლი "დუკატი" და ოთხი სატვირთო ავტომობილი "ჰონდა". ამ ყველაფერში 3.3 მილიონი დოლარი ავიღე.

ჩემმა ახალმა გუნდმა დაიწყო ზრუნვა "ველური ბუნების მსოფლიო ფონდთან" გარიგებაზე. ახლა, როცა დონ კინგი საქმეში აღარ იყო, გადავხედეთ ამ კონტრაქტის პირობებს. ახლა, ჩემი ანაზღაურება შეადგენდა არა 3.5 მილიონ დოლარს, არამედ, 6 მილიონს. გარდა ამისა, მეკუთვნოდა მოგებიდან 35 პროცენტი, რაც ერთ მილიონს აღემატებოდა. მოუთმენლად ველოდი ამ ფონდის ხაზით მუშაობას, რადგან ბავშვობაში ყოველთვის ვუყურებდი რესტლინგს ტელეარხებზე.

ბევრი მაკრიტიკებდა "რესტლმანიას" შოუში მონაწილეობისთვის, სინამდვილეში კი ეს იყო ერთ-ერთი ნათელი წერტილი ჩემს ცხოვრებაში. ამბობდნენ, რომ რესტინგი - ეს სრული სისულელე და ნაგავია, მაგრამ 6 მილიონი დოლარის შემოსავალი სულაც არ იყო სისულელე. ჯერ კიდევ 1990 წელს, "ველური ბუნების მსოფლიო ფონდისთვის" რეფერის რანგში უნდა გამოვსულიყავი. კერძოდ, უნდა მემსაჯა ჰალკ ჰოგანის (ნამდვილი სახელი ტერი ჯინ ბოლეა - რესტლერი, მსახიობი, შოუმენი. მსოფლიოს 12-გზის ჩემპიონი მძიმე წონაში რესტლინგის პროფესული ფედერაციის ვერსიით) ჩხუბი, მაგრამ ბასტერ დაგლასთან წაგების შემდეგ, ჩემს ნაცვლად ის მიიწვიეს. მე დიდი სიამოვნება მივიღე ამ ღონისძიებაში მონაწილეობით.

"ველური ბუნების მსოფლიო ფონდმა" შემომთავაზა მონაწილეობა კომედიურ ტელესერიალში "გიჟური ტელევიზია". ცალკეული სცენებიც კი იყო მოფიქრებული. ერთ-ერთში უნდა გაკეთებინა ტელეწამყვანის მარტა სტიუარტის პაროდია - თითქოს მიმყავდა შოუ ტელეარხ "ლაიფტაიმზე", რომელშიც, მოულოდნელად, დავიწყებდი სპორტული თემების გაშუქებას ("ლაიფტაიმი", ძირითადად, ფილმებზე, კომედიებსა და დრამებზე სპეციალიზდებოდა, სადაც მთავარ როლებს მხოლოდ ქალები თამაშობდნენ). მე ვსაუბრობდი ყვავილებზე, ერთ-ერთი რესტლერი რაღაცას შემისწორებდა და ჩხუბს ვიწყებდით.

მეორე სცენაში გაშარჟებული იყო კომერციული რეკლამა. ბიჭი წვეულებაზე ცდილობს საინტერესო ისტორიის მოყოლას, მაგრამ არ გამოსდის. ყველამ მიატოვა მარტო დარჩა. კადრს მიღმა ისმის ხმა:

- შენც შეგემთხვა მსგავსი რამ? მაგრამ ეს აღარ მოხდება! რადგან შენს სახლში მოვა მაიკ ტაისონი და პირდაპირ სახეში დაგარტყამს!

და ვურტყამ ვიღაც ბიჭს სახეში. ისევ უჩვენებენ წვეულების კადრებს, ბიჭს მთელი სახე გასიებული აქვს, თვალი ჩაშავებული, ძლივს ლაპარაკობს. მაგრამ ცდილობს რაღაცის თქვას და ის ყურადღების საყოველთაო ობიექტია.

ხმა კადრს მიღმა:
- თუ თქვენი ცხოვრება მოსაწყენია, უბრალოდ დაგვირეკეთ. მაიკ ტაისონი მოვა და სახეში დაგარტყამთ!

ჯეფმა, ირვინგმა და შელიმ გადაუსვეს ხაზი ამ გეგმებს. ვერასოდეს მივიღებდი უკან საკრივო ლიცენზიას, ეს გეგმები რომ განხორციელებულიყო.

სხვადასხვა ქალაქში დავდიოდით შოუს რეკლამირებისთვის, რომელიც 27 მარტს იყო დაგეგმილი. ბოსტონში ქალაქის საბჭოს მოედანზე მოვაწყვეთ მასშტაბური ღონისძიება. ეს მართლაც შთამბეჭდავი იყო. ხალხი გადაირია, ყვიროდა, მაგინებდა მე და რესტლერებს - შონ მაიკლზსა და სტივ ოსტინს, რომლებსაც ეჭირათ პლაკატები: "ტაისონი იკბინება" და "ყურებს ტაისონის ეშინიათ".

წინა გამოსვლისას, ოსტინმა ბინძური ფრაზები იხმარა ჩემი მისამართით და ხელი მიბიძგა, ამიტომაც ახლა, როცა მაიკლზსა და მის ორ ამხანაგს ოსტინი გაკავებული ჰყავდათ ბაგირებთან, რინგზე ავედი, რამდენჯერმე ფეხში დავარტყი, შემდეგ კი შუბლზე ვაკოცე.

მატჩზე, რომელიც სპორტდარბაზ "ფლოტის ცენტრში იმართებოდა, D-Generation X-ის მაისურით გამოვცხადდი. მატჩის დროს, პირველი რიგიდან აშკარად მაიკლზს ვგულშემატკივრობდი. როცა ოსტინი ნოკაუტში ჩააგდეს და რინგიდან მოისროლეს, მე ის უკან შევაგდე. შემდეგ ნოკაუტში ჩააგდეს რეფერი.

მე რინგზე ავედი და მსაჯი იქაურობას მოვაშორე. მაიკლზი და ოსტინი აგრძელებდნენ დარტყმების გაცვლას, მაგრამ ბოლოს, როგორც იქნა, ოსტინმა რინგზე დასცა მეტოქე. მსაჯი ჯერ ისევ უგონოდ იყო, ამიტომაც რინგზე ავედი, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ოსტინისთვის შემეტია, მაიკლზს წაგება ჩავუთვალე და ამით ოსტინი ახალ ჩემპიონად გამოვაცხადე.

ერთად გავიხარეთ და მან საკუთარი მაისურა მაჩუქა წარწერით: "ოსტინი 3:16" (242). ამასობაში, მაიკლზი გონს მოვიდა და ღალატში დამადანაშაულა. მე ის ერთი დარტყმით რინგზე დავაგდე და ტანზე ოსტინის მაისურა გადავაფარე.

პრესკონფერენციაზე მკითხეს - როგორ მომპარეს დონ კინგმა, ჯონმა და რორიმ მილიონობით დოლარი.
- მეც ცოტას ვყალთაბანდობდი, - ვუპასუხე მე. - ამიტომაც, რასაც დასთეს, იმას მოიმკი.
ვიღაცამ მკითხა, როგორ მოვახერხე რინგიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი რეფერის ჩამოყვანა.
- მე ხომ თავდებით ვარ განთავისუფლებული. მახსოვდა, რომ ყველაფერი ოქმში იქნებოდა დაფიქსრებული, ამიტომაც არ ვისროლე მსაჯი რინგიდან. ზრდილობიანად ავიყვანე ხელში და რინგი დავატოვებინე.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაგავიწყდათ შემდეგის დადება?!!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული