დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

AutoSharing Option
2001 წლის ტერორისტული აქტების შემდეგ, მერილინი რუსეთში მიიწვიეს რაღაც პროექტში მონაწილეობისთვის და 2002 წლიდან მოყოლებული, ის მოსკოვში წელიწადში ოთხ თვეს ატარებდა.

მერილინი ზედგამოჭრილი იყო რუსეთში მუშაობისთვის, რადგან იქ უამრავი ადამიანია ფსიქოლოგიური ტრავმით ან ნარკოტიკებზე დამოკიდებულებით.

ამიტომაც, 2002 წელს მითხრა, რომ ვეღარ იქნებოდა ჩემი ფსიქოთერაპევტი და ვინმე სხვა უნდა მეპოვნა, ვინც საკმარის დროს დამითმობდა. მიყვარდა მერილინი და არ მინდოდა მასთან განშორება.

- რატომ უნდა წახვიდე? დარჩი, იყავი დედაჩემი! - ვემუდარებოდი მას. - დარჩი და მომიარე! რაც არ უნდა მოხდეს, შენ მხოლოდ
ჩემთან უნდა იმუშაო და სხვასთან არავისთან!

ის მართლაც დედასავით გახდა ჩემთვის. მთელი ძალით იბრძოდა ჩემს გადასარჩენად, იყენებდა ამისთვის მთელს თავის პოლიტიკურ გავლენას. მან ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყო ჩემს შემოსაბრუნებლად. ყველაზე სასაცილო იმაში მდგომარეობდა, რომ იმ დროს, მე ეს საერთოდ არ მჭირდებოდა.

უბრალოდ, ვერ ვაცნობიერებდი, რამდენად ვიყავი ავად. მერილინი იძულებული იყო ეჩვენებინა ჩემთვის - როგორ დავღუპე საკუთარი ცხოვრება.

ამიტომაც ვუთხარი ჯეფ გრინს, რომ რუსეთში ვაპირებდი გამგზავრებას. მან მიპასუხა, რომ იახტით ბალკანებამდე მივაღწევდით, შემდეგ კი გაჩერება გვექნებოდა უკრაინაში. ხშირად ვურეკავდი მერილინს და ვახსენებდი მას, რომ გზაში ვიყავი:

"მერილინ, ამჟამად სენ ტროპეში ვარ!.. მერილინ, უკვე სარდინიაში ვიმყოფებით!.. სტამბოლში ვართ, მალე შევხვდებით!"

როცა ბალკანეთის ქვეყნებამდე მივაღწიეთ, იქ სრულ უკანონობას გადავეყარეთ. იქაური განგსტერები სრულიად დაუსჯელად მოქმედებდნენ. იმასთან, რასაც ეს ბიჭები აკეთებდნენ, "ჩვენი" განგსტერები ახლოსაც ვერ მივიდოდნენ. ისინი მშვიდად გადაადგილდებოდნენ ქუჩაში და არავინ იცოდა, ვინ იყვნენ სინამდვილეში.

და კანონი სრულად მათ მხარეს იყო. ეს ბიჭები სიამოვნებით ერთობოდნენ ჩემთან ერთად. ისინი საკმაოდ ხშირად "მიტაცებდნენ", მიმასპინძლებოდნენ ღვინით, ათასგვარი კერძით და მაძლევდნენ ყველაფერს, რასაც მოვისურვებდი.

რაღაც მომენტში რუმინეთში აღმოვჩნდი. იქ ნარკომოვაჭრეებთან და ბანდიტებთან ერთად ვსეირნობდი. და მათ ჩემი გაბედნიერება გადაწყვიტეს.

- რომელ ნარკოტიკს იყენებ? - მკითხეს მათ.
- კოკაინი გაქვთ? - დავაზუსტე მე.

ეს ბიჭები კოკაინს არ მოიხმარდნენ, მაგრამ დარეკეს და მოვიდა ვიღაც ბიჭი ნარკოტიკების დიდი პაკეტით.

- ეს გჭირდებათ? - მკითხეს მათ.

შევამოწმე და შემდეგ ვუთხარი მათ, რომ ყველას უნდა გაესინჯა კოკაინი. ორი მათგანი შემომიერთდა და შემდეგ იმდენი ილაპარაკეს, რომ თავად არ სჯეროდათ ამის. ნამდვილი ურჩხული ვიყავი. კოკაინზე შევსვი რუმინული მაფია.

იახტით უკრაინამდე მივაღწიეთ. მე, ჯეფი და ჩვენი მეგობარი მოჰამედი რესტორანში ვისხედით და ვსადილობდით, და უცებ, უამრავი ადამიანი შემოიკრიბა ჩემს სანახავად. უსიამოვნო სიტუაცია იყო, პოლიცია იძულებული გახდა სასტუმრომდე გავეცილებინეთ.

მოგვიანებით, იმავე საღამოს მე და მოჰამედი რამდენიმე ადგილობრივ "ბიზნესმენთან" შესახვედრად წავედით. მათ განიხილეს ჩემი მონაწილეობა არაყის რეკლამაში. იმ ბიჭს, რომელმაც ეს შოუ დაგეგმა, უდიდესი სახლი ჰქონდა, მარმარილოთი გაწყობილი. სამეფო სასახლეს მოგაგონებდათ. ჩვენ საქმიანი ვახშამი უნდა გვქონოდა რამდენიმე ბიჭთან. მანამდე მასპინძელი მომიახლოვდა:

- ჩემთან ერთად წამოდით. რაღაც მინდა გიჩვენოთ.

სახლის სამხრეთ ნაწილში გადავედით, დიდი აივანი გავიარეთ და დერეფანში ერთ ოთახს მივადექით. მასპინძელმა კარი გააღო - იქ საწოლზე ორი ლამაზი ქალი დამხვდა.

- ეს თქვენ დესერტი ვახშმის შემდეგ, - თქვა მან.

მოჰამედთან წავედი და ყველაფერი მოვახსენე.

- უნდა გამოვტოვო ვახშამი და პირდაპირ დესერტზე გადავიდეთ, - ვთქვი მე.

და იმ ოთახში დავრჩით. არ მგონია, უკრაინელ ბიჭებს ეს მოსწონებოდათ. ვინ გამოტოვებდა მნიშვნელოვან ვახშამს ვიღაც ქალებისთვის? მათ აზრით, ეს მეტად უცნაური გადაწყვეტილება იყო.

ამ ქვეყნებში: უკრაინაში, რუსეთში, ბულგარეთში - ყველაფერი სექსისა და ძალაუფლების გარშემო ტრიალებდა. როგორც კი თვითმფრინავიდან გამოვედით, ჩემთან მაშინვე მოვიდნენ წინადადებით: "ყველაფერი წესრიგში გაქვთ? ქალი გჭირდებათ? დაღლილი ხართ, ცხადია, ქალი გინდათ".

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ გრძნობს თავს რუსეთში ჩემნაირი მექალთანე? ურთიერთობა გაქვთ საჭირო ხალხთან და ისინი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ქუჩაში იჭერენ გოგონას, სვამენ მანქანაში შენს გვერდით და ეუბნებიან: "ამასთან ერთად წახვალ!" სწორედ ასე ხდებოდა ყველაფერი.

ბიჭებმა, რომლებიც არაყის რეკლამით იყვნენ დაკავებულნი, დამიქირავეს სასტუმრო "ჰაიატის" ლუქსი, რომლის ფართობი მინიმუმ 10 ათასი კვადრატული ფუტი იყო და დღე-ღამეში 5000 დოლარი ღირდა. როცა სტუმარი ზარს რეკავდა, სანამ კარამდე მივაღწევდი, უკვე დაგვიანებული იყო: სტუმარი წასული მხვდებოდა.

ბიჭები, რომლებსაც იქ დიდი ფული ჰქონდათ, შეძლებული ადამიანების პირველ ან მეორე თაობას მიეკუთვნებოდნენ. მათი მშობლები, ბებიები და ბაბუები, ძირითადად, გლეხები იყვნენ, ამიტომაც მათი შვილები ფულს არანორმალურებივით ხარჯავდნენ. მათ ერთი საღამოს განმავლობაში 300 ათასი დოლარი დახარჯეს მხოლოდ ჩემი გართობისთვის. თან ეს თანხა დაიხარჯა მხოლოდ სასმელებში და მსუბუქ კერძებში. 60 ათასად შეუკვეთეს შავი ხიზილალის დიდი ქილა და კონიაკი "რემი მარტინ ლუი XIII"-ის დიდი ბოთლები. მქონდა ყველაფერი, რასაც მოვისურვებდი. ფულს მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა.

დავურეკე მერილინს და ვუთხარი, რომ სანამ მთელი ქვეყანა გაიგებდა ჩემს მოსკოვში ყოფნას, რამდენიმე ღირსშესანიშნაობის დათვალიერება მინდოდა. აეროპორტში სულ რაღაც სამი პაპარაცი დამხვდა. ჩემი სასტუმრო წითელი მოედნიდან რამდენიმე კვარტალში მდებარეობდა. 2005 წელს, რუსეთი ძალიან ჰგავდა ძველ "ველურ დასავლეთს" - ყოველ ორ დღეში ადამიანების გატაცებებითა და ტერორისტული აქტებით.

როცა მე და მერილინი წითელი მოედნისკენ მივემართებოდით, მოულოდნელად, ჩვენს წინ ორმა დიდმა შავმა ჯიპმა და "მერსედესის" ორმა გრძელმა სედანმა დაამუხრუჭა. იქიდან გადმოხტა ოთხი ბიჭი "უზის" ავტომატებით, "მერსედესში" კი დაკუნთული ბიჭები ისხდნენ შავი ქურთუკებითა და პისტოლეტებით. მერილინი მათ დანახვაზე პანიკაში ჩავარდა, მაგრამ ამ ბიჭებმა გვითხრეს, რომ პირადი მცველები იყვნენ და ისინი უკრაინელმა ბიზნესმენებმა გამოგზავნეს.

- არ მგონია, რომ ოდესმე ვინმეს ასე ეზრუნა ჩემს უსაფრთხოებაზე, - ვუთხარი მერილინს.

ახლა უკვე ერთად გავაგრძელეთ გზა: მე, მერილინი, პირადი მცველები კომუფლაჟში და სამი პაპარაცი, რომლებიც სასტუმრომდე მადევნებდნენ თვალს. ყველა, ვინც ასეთ ამალას ხედავდა, მაღაზიებიდან გამორბოდა ან საკუთარი მანქანებიდან გადმოდიოდა. იმ მომენტისთვის, როცა წითელ მოედანს მივაღწიეთ, უკან მთელი ბრბო მოგვყვებოდა.

ასეთი წინააღმდეგობის მიუხედავად, შევძელით მცირე ექსკურსიის მოწყობა. ძალიან მინდოდა ტოლსტოის სახლის მონახულება და თარჯიმანი, რომელიც თან გვახლდა, განცვიფრებული დარჩა იმით, რომ ვიცოდი ტოლსტოის ყველა შვილის სახელი და ცოლთან მისი ურთიერთობის ისტორია. ასევე მოვინახულეთ პუშკინის მუზეომი. ძალიან რთული იყო კრემლის გვერდით დგომა, რადგან ყველგან ადამიანები დაგვყვებოდნენ.

მე და მერილინმა მხიარულად გავატარეთ ეს დღე. შემდეგ ის სახლში წავიდა და ნამდვილი მხიარულება დაიწყო.

(გაგრძელება იქნება)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული