ალექსი ახვლედიანი, საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი:
"ხუთივე კონტინენტის IAAF-ის წევრ 159 ქვეყნის დარად, ჩვენც ზეიმით აღვნიშნეთ მსოფლიოს მძლეოსნობის დღე. ეროვნულ სტადიონზე 200-ზე მეტმა ახალგაზრდა სპორტსმენმა მოიყარა თავი. პაექრობებს ესწრებოდნენ აზერბაიჯანელი და უკრაინელი კოლეგები, რომლებსაც ჩვენს შეჯიბრებებზე შეგირდების ჩამოყვანა სურთ.
ალბათ, ზედმეტია იმის შეხსენება, თუ რა ტრადიციები გააჩნია საქართველოს
ვისაც ერთხელ მაინც უასპარეზია დიდ სარბიელზე, დამეთანხმება, თუ რა ძნელია უმაყურებლოდ შეჯიბრებაში მონაწილეობა. ჩვენ ეს პრობლემაც გვაწუხებს მძლეოსნობის პოპულარიზაციასა და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად. ამ თვალსაზრისით, უდიდესი საქმე გაკეთდა ჩვენს სახეობაში ფანკლუბის ჩამოყალიბებით. იმედია, დამფუძნებელთა მაგალითს სხვებიც მიბაძავენ. მძლეოსნებს ქომაგებიც ეყოლებათ და ჩვენთან მომეცადინეთა რიცხვიც საგრძნობლად გაიზრდება".
- ინფრასტრუქტურა ახსენეთ. რა მდგომარეობაა რეგიონებსა და დიდუბის მანეჟში, რომელიც ერთ დროს მთელი ამიერიკავკასიელი სპორტსმენებისთვის ზამთრის პერიოდში საწვრთნელად და საასპარეზოდ შესანიშნავ ბაზას წარმოადგენდა.
- ფედერაცია პირობას ასრულებს: მანეჟში აპრილის ბოლოს სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ოქტომბრის ბოლომდე აქაურობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოეწყობა: დამონტაჟდება გათბობისა და განათების ახალი სისტემები, დაიგება სარბენი ბილიკები, განახლდება გასახდელები, საშხაპეები, სველი წერტილები, სატრენაჟორო და ძალოსნობის დარბაზები. რადგანაც ბოლო დროს შეჯიბრებებზე სპორტსმენებისა და მაყურებელთა რიცხვმა იმატა, გადავწყვიტეთ, კომპლექსში ქომაგთა დასაჯდომი ადგილების რაოდენობა 1500-მდე გავზარდოთ.
რაც შეეხება რეგიონებს, ქუთაისის ზამთრის მანეჟის ჩვენთვის გადმოცემასთან დაკავშირებული იურიდიული საბუთების მომზადება გაგვიჭიანურდა, თორემ ამ საქმესაც წინ არაფერი უდგას. საქართველოში წლეულს დაიწყება ხუთი ახალი სტადიონის მშენებლობა, რომლებიც სარბენი ბილიკებითა და მძლეოსნური სექტორებით იქნება დამშვენებული. ამით ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემა გარკვეულწილად მოგვიგვარდება.
- წლეულს ფრანგ კოლეგებთან ურთიერთთანადგომისა და დახმარების ხელშეკრულება გააფორმეთ. ამ დოკუმენტის შესაბამისად რა კეთდება?
- საქართველოს მძლეოსანთა ნაკრებმა 8 მაისს დაიწყო და 29-ში დაამთავრებს საწვრთნელ შეკრებას. ერთკვირიანი შესვენების შემდეგ სწორედ ფრანგებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე 30-კაციანი გუნდი 4 ივნისს პარიზში გაემგზავრება ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად. ეს შეჯიბრება 17-19 ივნისს რეიკიავიკში გაიმართება. თბილისიდან ისლანდიაში ჩასვლას 11-12 საათი მაინც დასჭირდება. ჩვენები კი კონტინენტის პირველობაზე პირდაპირ პარიზიდან გაემგზავრებიან და გზას 3-4 საათში დაფარავენ. თანაც აკლიმატიზაციის პრობლემაც მოგვარდება.
4 ივნისიდან თბილისში დაიწყება 1997-1998 წლებში დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა საწვრთნელი შეკრება. ეს ის თაობაა, 2015 წელს თბილისში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალში რომ უნდა იასპარეზოს. ამიტომ მათს მომზადებას აქედანვე ვაქცევთ დიდ ყურადღებას. ივლისის პირველ დეკადაში 20-30 მოზარდი პარიზში გაემგზავრება და იქაური მწვრთნელების დახმარებით განაგრძობს ერთთვიან წვრთნას.
- ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი წლეულსაც გაიმართება. ევროპელ გოგო-ბიჭებს ტრაბზონი უმასპინძლებს...
-ეროვნულ ნაკრებთან ერთად შეკრებას გადიან ის ახალგაზრდებიც, რომლებმაც წლეულს თურქეთში უნდა მოსინჯონ ძალები. ზაფხულში, ასევე, ჭაბუკთა და ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაზეც უნდა გამოვიდეთ ლილში (საფრანგეთი). აგვისტოს მიწურულს სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატია კორეაში. შეკრებების უწყვეტი რიტმი სწორედ ამ ტურნირებისთვის უკეთ მოზადებას ემსახურება.
მსოფლიოს მძლეოსნობის დღისადმი მიძღვნილ ტურნირში ბევრი პერსპექტიული, ნიჭიერი მოზარდი გამოჩნდა და ისეთი შედეგები აჩვენეს, რომ ფედერაციას, ალბათ, ტრაბზონში წამსვლელთა რაოდენობის გადახედვა მოუწევს, თუ ეს გოგო-ბიჭები მომდევნო შაბათ-კვირას ახალგაზრდების საქართველოს პირველობასა და 28-29 მაისს ეროვნულ ჩემპიონატზეც იყოჩაღებენ...
მათე ტაკიძე, მძლეოსანთა ფანკლუბის დაარსების ერთ-ერთი ორგანიზატორი: "ფედერაციის პრეზიდენტის ალექსი ახვლედიანის იდეას - შექმნილიყო მძლეოსნობის ფანკლუბი, ჩემთან ერთად აქტიურად გამოეხმაურნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებები - დავით დოიაშვილი, ნიკა მემანიშვილი, ზაალ უდუმაშვილი, ინგა გრიგოლია, ნინი ბადურაშვილი, მაია ასათიანი, ნანიკო ხაზარაძე, შორენა ბეგაშვილი, ზურაბ ჯიქია, დავით გეგენავა და სხვები. ჩვენი მიზანია მძლეოსნობის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა, ქართველ ათლეტებს ვუქომაგოთ შინ და გარეთ. მით უმეტეს, რომ ბოლო დროს ბევრი რამ კეთდება სპორტის ამ სახეობაში.
აი, მაგალითად, მძლეოსნობაში სასკოლო ჩემპიონატის პირველი ეტაპი ჩატარდა, რომელშიც 3000-მდე მოზარდი მონაწილეობდა. მალე რეგიონული და ფინალური ორთაბრძოლებიც გაიმართება. მასში უმთავრესად იმ ასაკის გოგონები და ბიჭები მონაწილეობენ, რომლებმაც 2015 წელს თბილისში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალში უნდა იასპარეზონ. სწორედ, ამ მოზარდებს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. ცხადია, უფროსებსაც. ფანკლუბის წევრები დავესწრებით საქართველოს პირველობებს, ასევე, რეიკიავიკში ევროპის ჩემპიონატსა და ტრაბზონში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს. ვეცდებით, აქტიური ქომაგობით ქართველ სპორტსმენთა წარმატებებში ჩვენი წვლილი შევიტანოთ".