ღულელაური მერვე იყო

AutoSharing Option
ფრანგულ ლილში დამთავრდა ახალგაზრდა მძლეოსანთა მსოფლიოს პირველობა, რომელშიც საქართველოს რამდენიმე წარმომადგენელიც მონაწილეობდა.

ტრავმის მიუხედავად ლაშა ღულელაურმა სამხტომში საკვალიფიკაციო შეჯიბრებისას 15,08 მეტრით ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა. იქ კი მისი მხოლოდ ერთი ცდა აღმოჩნდა შედეგიანი (15,04 მ), რითაც საბოლოოდ მე-8 ადგილი დაიკავა. საპრიზო ადგილები კი ასე განაწილდა: 1. ლატარიო კოლიმინსი (ბაჰრეინი, 16,06), 2. ალბერტ იანკი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, 15,95), 3. ლადონე კოლიმინსი (ბაჰრეინი, 15,51).

100 მეტრი სალომე სირაძემ 12,66 წამში დაფარა. ამ შედეგით იგი ნახევარფინალში ვერ მოხვდა.

გიგა ცირეკიძემ 200 მეტრზე მხოლოდ
23,69 წამი აჩვენა, რაც მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

14-17 ივლისს ჩეხეთი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. საერთაშორისო ნორმატივის შესრულების შემდეგ იქ გამოსვლის უფლება ჩვენებურთაგან მხოლოდ სალომე რიგიშვილმა (ბირთვი) და ენდრიუკ ზილბერშტეინმა (400 მ) მოიპოვეს. ტალინში ოცწლამდელთა ევროპის პირველობაზე (21-24 ივლისი) მხოლოდ ერთი წარმომადგენელი გვეყოლება - ოზურგეთელი ნიკა კარტავცევი. რაც შეეხება ტრაბზონში (თურქეთი) ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს (24-29 ივლისი), იქ საქართველოს სპორტულ ღირსებას სალომე სირაძე (100, 200 მ რბენა), თინათინ პაპუაშვილი (2000 მ წინაღობებით და 1500 მ), ლაშა ღულელაური (სიგრძეზე ხტომა და სამხტომი), გიგა ჭიკაძე და გიორგი აზარაშვილი (ორივე-100 და 200 მ რბენა) დაიცავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული