ქართველი მძლეოსნები ბელარუსიდან ორი ბრინჯაოთი

AutoSharing Option
მოგილოვში დამთავრდა ბელარუსიის ზამთრის ღია ჩემპიონატი მძლეოსნობაში გაზეთ "სპორტივნაია პანორამას" პრიზზე.

ჯილდოებისთვის მასპინძლებთან ერთად საქართველოს, უკრაინის, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპორტსმენებიც იბრძოდნენ.

ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა შეჯიბრებაზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 400 მეტრზე რბენაში მესამე მიიჭრა ფინიშთან ოზურგეთელი ნიკა კარტავცევი (წინასწარ გარბენში 48,40 წამით იგი მეორე იყო), თანაც ბელარუსთა კლასიფიკაციით სპორტის ოსტატის ნორმატივიც შეასრულა.

ამავე დისტანციაზე დენის ჟვანიამ (50.34) VIII-IX ადგილები გაინაწილა და იმ შვიდ სპორტსმენს შორის მოხვდა, რომლებმაც სპორტის ოსტატობის კანდიდატის ნორმატივს გადააჭარბეს. ოქროს მედალი დმიტრი პოლუიანმა (48,11) მოიპოვა.

საქართველოს დელეგაციას
მეორე ბრინჯაო სიგრძეზე ხტომაში მაიკო გოგოლაძემ (5,76 მ) მოუტანა. პირველ-მეორე ადგილებზე მასპინძლები - ვერონიკა შუტკოვა (6,66) და ოლგა სუდარევა (6,56) გავიდნენ. 7 სანტიმეტრი დააკლდა ბრინჯაომდე ბორისლავ სხირტლაძეს, რომელიც სპორტის ოსტატობის კანდიდატის ნორმატივით - 7,39 მეტრით მე-4 ადგილზე აღმოჩნდა. ჩემპიონობა მინსკელ ალექსეი ცაპინს (7,66) ერგო.

სიმაღლეზე ხტომაში ზურაბ გოგოჭური 207 სანტიმეტრით მეშვიდე იყო.

ქალთა შორის ბირთვის კვრაში სხვსდასხვა წლების სამი მსოფლიოს ჩემპიონი მონაწილეობდა. სეზონის საუკეთესო შედეგით - 20,70 მეტრით კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე პეკინის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ნადეჟდა ოსტაპჩუკი ავიდა, 2008 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ნატალია მიხნევიჩი მოგილიოვშიც მეორე იყო (19,15), 2000 წლის ოლიმპიური ჩემპიონი იანინა პროვალინსკაია-კაროლჩიკი მე-4 ადგილს დასჯერდა. ამ სახელოვან ათლეტებთან პაექრობაში სალომე რიგიშვილმა მოკრძალებული შედეგით - 12,67 მეტრით მე-8 ადგილი დაიკავა.

საგულისხმოა, რომ ქართველი მძლეოსნები ბელარუსის ღია ჩემპიონატამდე მინსკში იმყოფებოდნენ საწვრთნელ შეკრებაზე - ისინი ევროპის ზამთრის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც 9-11 მარტს სტამბოლი უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული