სალიცენზიო გაზაფხული დგება

AutoSharing Option
წლეულს მოგილიოვში მძლეოსანთა ბელარუსის ღია ჩემპიონატში ოზურგეთელმა ნიკა კარტავცევმა 400 მეტრზე რბენაში სპორტის ოსტატის შედეგითა და თბილისელმა მაიკო გოგოლაძემ სიგრძეზე ხტომაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ამგვარი წარმატება, როგორც ვწერდით, იმანაც განაპირობა, რომ ორივე სპორტსმენი ოთხ თანაგუნდელთან ერთად სამკვირიან შეკრებაზე იმყოფებოდა ბელარუსში. ნიკამ და მაიკომ გასულ უქმეებზე წარმატებით იასპარეზეს ეროვნულ ზამთრის ჩემპიონატშიც და ორ-ორი ოქროს მედალი დაიმსახურეს.

კარტავცევი 19 წლისაა, მეხუთე წელიწადია, მძლეოსნობაში ვარჯიშობს, კავკასიის უნივერსიტეტის მეორეკურსელია. 9-11 მარტს ახალციხელ გაიანე უსტიანთან ერთად სტამბოლში მძლეოსანთა ზამთრის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსინჯავს ძალებს.

- თურქეთში
400 მეტრზე ვიასპარეზებ, - გვითხრა ნიკამ. - მართლია, მოგილიოვსა და თბილისის მანეჟში ურიგო შედეგები არ მიჩვენებია, მაგრამ ჩემპიონატის კვარცხლბეკთან მიახლოება, ალბათ, გამიჭირდება. 2010 წლის აგვისტოში მენისკის ოპერაცია გავიკეთე და ნელ-ნელა ვიღდგენ ძალებს.

ჩემი მიზანია, ზაფხულის სალიცენზიო ტურნირებისთვის საფუძვლიანად მოვემზადო და ოლიმპიური ნორმატივი შევასრულო. 200 მეტრზე რბენაში ჩემი პირადი რეკორდია 21,70 წამი, ოლიმპიური ნორმატივი კი 20,65 წამია. ვფიქრობ, ოცნების ასრულება არ უნდა გამიჭირდეს.

ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებს უმიზნებს 21 წლის მომავალი მედიკოსი, თბილისის სასწავლო-სამედიცინო უნივერსიტეტ "ჰიპოკრატეს" მეორეკურსელი მაიკო გოგოლაძეც. იგი 9 წელიწადია, მძლეოსნობაში ცდის ძალებს. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია თარჯრბენსა და სიგრძეზე ხტომაში. სწორედ ამ ბოლო სახეობაში 5,76 მეტრით დაიკავა მოგილიოვში მე-3 ადგილი, საქართველოს ჩემპიონატი კი პირადი რეკორდით - 6,12 მეტრით მოიგო.

ოლიმპიურ ნორმატივამდე ნახევარი მეტრი არ ჰყოფნის. ზოგიერთ ქართველ მძლეოსანთან ერთად გოგოლაძეც ისევ მოგილიოვს მიაშურებს და აპრილამდე იქ მოემზადება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული