ქართველ მძლეოსანთა მედლები უფროსებთან ჭიდილში

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ბელარუსის დედაქალაქმა მძლეოსანთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა სხვადასხვა ასაკში.

საპრიზო ადგილებისთვის მასპინძლებთან ერთად საქართველოს, უკრაინის, რუსეთის, ლიტვისა და ლატვიის წარმომადგენლები იბრძოდნენ. ჩვენი ქვეყნის მოზარდები 1997 წელს და უფრო გვიან დაბადებულ სპორტსმენებს ეპაექრებოდნენ ოთხ დისციპლინაში.

განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი უროს მტყორცნელებმა. საჯარო სკოლა "გერგეტის" მეცხრეკლასელმა გურამ სამხარაძემ, რომელიც ოთხი თვეა ვარჯიშობს ზურაბ ტალიკიშვილთან, მეხუთე ცდაზე ურო 37,34-მეტრიან ნიშნულს გადააცილა, რაც სხვებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა და ნორჩმა ქართველმა სპორტსმენმა ოქროს მედალიც დაიმსახურა.

35,66 მეტრით მეორე ადგილზე გავიდა თბილისის 88-ე საჯარო სკოლის მერვეკლასელი გიორგი ონიანი. ბრინჯაოს მედალი 1997 წელს დაბადებულ ლატვიელ ანდრიას ბოგდანოვიჩს (28,10) ერგო. "უროს მტყორცნელთა შეჯიბრებები ღია ცის ქვეშ, თოვლ-ჭყაპში ჩატარდა.

სატყორცნ სექტორში წყალი იდგა. თანაც ტურნირის მთავარმა მსაჯმა დაიჟინა - ასპარეზობა ოთხის ნაცვლად, ხუთკილოიანი უროებით უნდა გაიმართოსო. ყოველივეს მიუხედავად, ჩვენმა სპორტსმენებმა იყოჩაღეს და კვარცხლბეკის პირველ-მეორე საფეხურებზე ავიდნენ", - გვითხრა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ლიკა დვალიშვილმა - სახელოვანი მძლეოსნის, ნადეჟდა დვალიშვილის შვილიშვილმა და ახლო წარსულში თავადაც წარმატებულმა სპორტსმენმა.

სტუმართა გუნდს მეორე ვერცხლის მედალი მოუტანა თბილისის 166-ე სკოლის მეშვიდეკლასელმა თეო მაჭარაშვილმა, რომელიც მძლეოსნობაში 6 თვეა ვარჯიშობს ალეკო ფიფიასთან. 60 მეტრი მან წინასწარი გარბენისას 8,09 წამში დაფარა და 22 მონაწილეს შორის პირველი მიიჭრა ფინიშთან.

აი, ფინალში კი ფეხი იტკინა და 8,22 წამით ვერცხლის მედალს დასჯერდა. 8,14-ით პირველი იყო მინსკელი ანასტასია აქსიონოვა, რომელიც თეოზე ერთი წლით უფროსია. მესამე ადგილი ბელარუს იულია ანიშჩიკს ერგო. თეო მაჭარაშვილმა წინასწარ დაუგეგმავად 200 მეტრზე რბენაშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მტკივანმა ფეხმა დისტანციის ბოლომდე გარბენის საშუალება არ მისცა. 60 მეტრზე თარჯრბენში ჩვენი გუნდის წევრებმა - ალექსანდრა ჟუკმა (11,14) და ალინა ეფიმოვამ (11,37), შესაბამისად, მეოთხე-მეხუთე ადგილები დაიკავეს.

პირველ-მესამე ადგილებზე მათზე თითო წლით უფროსი ოქსანა ილინა (მინსკი, 9,33), ვიქტორია ჟდანოვსკაია (მინსკი, 10,04) და სანია იაგუპოვსკა (ლატვია, 10,88) გავიდნენ.

წლებზე განსაკუთრებულ აქცენტს იმიტომ ვამახვილებთ, რომ ამ ასაკში, ისიც მძლეოსნობაში, ერთი წელი ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენი გუნდი კი 1998 წელს და უფრო გვიან დაბადებული სპორტსმენებით იყო დაკომპლექტებული. 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს, სწორედ 1998-99 წლებში დაბადებული მძლეოსნები მოსინჯავენ ძალებს. თანატოლთა შორის რომ ეასპარეზათ, უმედლოდ არ დაბრუნდებოდნენ ჟუკი და ეფიმოვა; არც თამარ მახარაძე, რომელმაც სიგრძეზე ხტომაში 4,66 მეტრით მე-6 ადგილი დაიკავა.

ჯილდოები კი ტურნირის მასპინძლებმა, 1997 წელს დაბადებულებმა - ვიქტორია ლუგოვსკაიამ, ეკატერინა ვორობინამ და ვალერია კროტოვიჩმა მოიხვეჭეს.

მინსკიდან დაბრუნებულ ნორჩ მძლეოსნებს 5 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში შეხვედრა მოუწყვეს.

ლადო ვარძელაშვილი, მინისტრი: ეს მოზარდები საერთაშორისო სარბიელზე პირველად გავიდნენ და სასიხარულოა, რომ წარმატებას მიაღწიეს.

ნიშანდობლივია, რომ ჩვენმა მძლეოსნებმა წარმატება ისეთი ქვეყნის წარმომადგენლებთან პაექრობაში მოიპოვეს, რომლებსაც მძლეოსნობაში დიდი ტრადიციები და გამარჯვებები აქვთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ გოგო-ბიჭებს 2015 წელს თბილისის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მოუწევთ გამოსვლა.

საერთაშორისო სარბიელზე მიღწეული შედეგები კი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ამასობაში მიმდინარეობს დიდუბის მანეჟის რეაბილიტაცია, რაც წლეულს დასრულდება. მომავალი წლიდან ჩვენს მძლეოსნებს საშუალება ექნებათ ევროსტანდარტების დონეზე აღდგენილ მანეჟში საუკეთესო პირობებში ივარჯიშონ".

ალექსი ახვლედიანი, მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი: "მინსკის ტურნირში მონაწილეობა ნორჩი სპორტსმენების პირველი გასვლა იყო უცხოეთში და სასიხარულოა, რომ ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ამ გოგო-ბიჭებს 2015 წლის თბილისის ოლიმპიური ფესტივალისთვის ვამზადებთ, რათა მათ ღირსეული მეტოქეობა გაუწიონ ევროპელ თანატოლებს.

დღეს 1998-99 წლებში დაბადებულთა კიდევ ერთი საწვრთნელი შეკრება დავიწყეთ. აპრილის ბოლოდან ცის ქვეშ შეჯიბრებებში ჩაებმებიან. მაისში მათთვის ეროვნულ სტადიონზე ღია ტურნირს ვგეგმავთ, რომელშიც საასპარეზოდ უცხოელებსაც მოვიწვევთ; კერძოდ რომელი ქვეყნებიდან, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ამის მერე კი თავად გაემგზავრებიან ორ საერთაშორისო ტურნირზე. ივნისის მიწურულს, სავარაუდოდ, თურქეთში გაივლიან ორკვირიან საწვრთნელ შეკრებას... ერთი სიტყვით, ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ 2015 წლის ოლიმპიურ ფესტივალზე ჩვენთვის მონაწილეობა კი არა, მედლების მოხვეჭა იქცეს მთავარ ამოცანად".

* * *

აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ქართველი მძლეოსანი ამჟამად მოგილიოვში (ბელარუსი) იმყოფება საწვრთნელ შეკრებაზე, სადაც გასულ უქმეებზე ამ ქვეყნის ოლიმპიური ჩემპიონის ოქსანა მენკოვას პრიზი გათამაშდა ტყორცნებში.

უკონკურსოდ იასპარეზა სალომე რიგიშვილმა, რომელმაც ბადრო 45,5-მეტრიან ნიშნულს გადააცილა და მეორე ადგილი დაიკავა. 59,9 მეტრით პირველ ადგილზე სვეტლანა სეროვა გავიდა.

ფოტო: კვარცხლბეკზე გურამ სამხარაძე და გიორგი ონიანი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული