ექვსგზის უსაინ ბოლტი და ბრიტანეთის სომალელი გმირი

AutoSharing Option
მძლეოსნობის ტურნირის ბოლოსწინა დღე რუსების ტრიუმფით დაიწყო. მათ ორი ოქრო აიღეს სპორტულ სიარულში - 50 კილომეტრი კაცებში და 20 კილომეტრი ქალებში.

სერგეი კირდიაპკინმა ოლიმპიური რეკორდით მოიგო დისტანცია, ქალების შორის კი მსოფლიოს რეკორდის ავტორი გახდა ელენა ლაშმანოვა, რომელმაც ზედ ფინიშზე გაუსწრო პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონს, თანამემამულე ოლგა კანისკანას.

საღამოს პროგრამაც რუსების ტრიუმფით გაგრძელდა. ქალებს შორის სიმაღლეზე ხტომაში ფავორიტი ანა ჩიჩეროვა იყო. მისი მთავარი მეტოქე - ხორვატი ბლანკა ვლასიჩი ლონდონში ტრავმის გამო არ ჩავიდა. ასე რომ, რუსს ისღა რჩებო
და, თავის ჩვეულ დონეზე გამოსულიყო და ოქროც მისი საკუთრება გახდებოდა.

საბოლოოდ, გამარჯვება იოლი არ გამოვიდა. ჩიჩეროვას გარდა, კიდევ სამმა მხტომელმა გადალახა ორმეტრიანი ზღვარი: რუსმა შკოლინამ, ამერიკელმა ბარეტმა და ესპანელმა ბეიტიამ. ჩიჩეროვამ პირველი ცდიდან აიღო 2,03 მეტრი და ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვა, მაგრამ მეტოქეები არ ნებდებოდნენ.

ესპანელისთვის ეს სიმაღლე დაუძლეველი აღმოჩნდა, სამაგიეროდ. ბარეტმა და შკოლინამ დაამყარეს პირადი რეკორდები. პირველი წარუმატებელი ნახტომი ჩიჩეროვას 2,05 მეტრზე ჰქონდა. მისმა კონკურენტებმა ამ სიმაღლეზე სამივე ცდა გააფუჭეს, ფავორიტმა კი მეორე ცდაზე იდეალური ნახტომი შეასრულა, რაც ოლიმპიურ ჩემპიონობას ნიშნავდა.

ეს გამარჯვება შეიძლება არ შემდგარიყო, რადგან ჩიჩეროვა ორი წლის წინ წავიდა დიდი სპორტიდან. შვილის გაჩენის შემდეგ ის არც აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ გაბედა და სწორედ ამის შემდეგ მოიპოვა კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვებები - მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

* * *
სამი რუსი იყო ფავორიტი 800 მეტრზე სირბილში, თუმცა მათ სახიფათო მეტოქეები ჰყავდათ - კენიელი ჯელიმო და სამხრეთაფრიკელი სემენია. ამ დისციპლინაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მარია სავინოვა იყო, რომელმაც კარგად იცის მთელ დისტანციაზე ძალების გადანაწილება.

ჯელიმოს კოზირია სწრაფი ტემპი - თუ ის ფორმაშია, მისი დაწევა შეუძლებელი ხდება. სემენია კი კარგი საფინიშო სპურტით არის ძლიერი.

მაგრამ ჯელიმომ არ გარისკა და პირველი მეტრებიდან არ გაიქცა, თუმცა ტემპი მაინც მაღალი იყო. სემენია ჯგუფის ბოლოში იმყოფებოდა, სავინოვა კი ძირითად კონკურენტებს აკონტროლებდა.

როგორც კი ჯელიმომ ბოლო წრეზე შეტევა წამოიწყო, რუსი მაშინვე კონტრშეტევაზე გადავიდა და ბოლო მოსახვევის შემდეგ ლიდერი გახდა. კენიელს ძალები გამოეცალა და მას სემენიამ და პოისტოგოვამ გაუსწრეს.

სამხრეთაფრიკელს ძალიან ძლიერი საფინიშო სპურტი გამოუვიდა, მაგრამ ის ძალიან გვიან დაიწყო და სავინოვას ვეღარ დაეწია.

* * *
დიდი სენსაცია მოხდა კაცებს შორის შუბის ტყორცნაში. ძლიერმა ქარმა კარგ გამოსვლაში შეუშალა ხელი გამარჯვებაზე ძირითად პრეტენდენტებს - ანდრეას ტორკილდსენსა და ვიტეჟსლავ ვესელის, რომლებიც საბოლოოდ საპრიზო სამეულის მიღმა აღმოჩნდნენ. სენსაციური გამარჯვება მოიპოვა ტრინიდადელმა კეშორნ უოლკოტმა.

ფინალამდე მისი საუკეთესო შედეგი 83 მეტრსაც არ აღწევდა. 19 წლის ათლეტმა ამ სეზონში მოიგო იუნიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი, ახლა კი "უფროსებში" არ ჩაიკარგა და ოლიმპიადაზე თავისი პირადი რეკორდი თითქმის ორი მეტრით გააუმჯობესა - 84,58 მეტრი!

მიუხედავად ამისა, ეს შედეგი საკმაოდ მოკრძალებულია ოლიმპიური ფინალისთვის. უოლკოტი საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა და ამ თამაშებზე მძლეოსნობაში მთავარი სენსაციის ავტორი აღმოჩნდა.

* * *
5000 მეტრზე სირბილში მთავარი ინტრიგა მოჰამედ ფარას უკავშირდებოდა. ბრიტანელს მოგებული ჰქონდა 10 ათასი მეტრი დისტანცია და დუბლს უმიზნებდა, რაც მანამდე ისეთი დონის ათლეტებს ჰქონდათ შესრულებული, როგორებიც არიან კენენისა ბეკელე ან ლასე ვირენი. ფარასთვის ხელის შეშლას კენიელი და ეთიოპიელი სტაიერები აპირებდნენ.

თავად გარბენი საკმაოდ ნელი გამოვიდა. ბოლო წრეზე დიდი ჯგუფი ლიდერობდა, რომელსაც ბრიტანელი ედგა სათავეში.

ფარამ საკმაოდ გრძელი იერიში წამოიწყო, რამაც მას მეორე ოქრო და ბრიტანეთის გმირის სტატუსი მოუტანა.

მეორეზე გავიდა ეთიოპიელი გებრემესკელი, მესამე - კენიელი ლონგოსივა. ბერნარდ ლაგატმა თავის მეოთხე ოლიმპიადაზე ვერ შეძლო მედლის მოპოვება - ის მეოთხე მივიდა ფინიშთან.

* * *
ბოლოს ორი ესტაფეტა ყველაზე საინტერესო იყო: 4X400 მეტრზე ქალებში და 4X100 მეტრზე კაცებში.

პირველ ესტაფეტაში ბრძოლა არ ყოფილა. ტროტერმა, ფელიქსმა, მაკორორიმ და რიჩარდსმა თითქმის ოთხი წამი მოუგეს მეორე ადგილზე გასულ რუსულ კვარტეტს.

ელისონ ფელიქსმა ამ ოლიმპიადაზე "გრძელ სპრინტში" მოგებულ ოქროს მეორე დაუმატა, სანია რიჩარდსმა კი ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე მოიპოვა ამ დისციპლინაში გამარჯვება. გარდა ამისა, ლონდონში 400 მეტრზეც მოიგო ოქროს მედალი. ასე რომ, ის ახლა ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონია.

და, რა თქმა უნდა, ყველა ელოდა იამაიკელი სპრინტერების გამარჯვებას 4X100 მეტრზე ესტაფეტაში, მაგრამ ფავორიტები თავიდანვე წინ არ გასულან.

პირველ ორ ეტაპზე, კიმონსისა და გეტლინის წყალობით, ამერიკა წინ იყო, მაგრამ მესამე ეტაპზე ესტაფეტა იოჰან ბლეიკმა ჩაიბარა და თავისი ნაკრები წინ გაიყვანა, უსაინ ბოლტმა კი, უბრალოდ, გაამყარა იამაიკელთა უპირატესობა.

ოთხი წლის წინ, პეკინში კუნძულელებს თითქმის იგივე შემადგენლობა ჰყავდათ - ასაფა პაუელი ბლეიკმა შეცვალა. მაშინ ბოლტი ბოლოსწინა ეტაპზე გარბოდა და ესტაფეტას პაუელი ასრულებდა. ახლა კი უსაინმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი, თანაც მსოფლიოს ახალი რეკორდით.

ამერიკის მეორე ადგილს არაფერი ემუქრებოდა, ხოლო ბრინჯაოსთვის ნამდვილი დრამა გათამაშდა. ფინიშის შემდეგ კანადელებმა ზეიმი დაიწყეს, მაგრამ ოფიციალური შედეგები ჯერ არ იყო გამოქვეყნებული.

საბოლოოდ კანადას წაართვეს ბრინჯაო, რადგან ესტაფეტის ჯოხის გადაცემისას შეცდომა დაუშვა. ამით მესამე ადგილი ტრინიდადის გუნდმა მოიპოვა.

იამაიკა პირველი გუნდია ისტორიაში, რომელმაც სპრინტერულ ესტაფეტაში 37 წამიდან გამოსვლა მოახერხა. ამ ფინალში იამაიკელები საშუალოდ 100 მეტრს 9,21 წამში გარბოდნენ და ეს იმ დროს, როცა მსოფლიოს რეკორდი 9,58 წამს უდრის.

ამ ციფრებში სხვაობა გასაგებია - მორბენალი მაშინ იღებს ესტაფეტის ჯოხს, როცა სისწრაფე უკვე აკრეფილი აქვს, მაგრამ ეს შედეგი მაინც ფანტასტიკურია, ისევე, როგორც ბოლტის ექვსი ოლიმპიური ოქრო. უსაინი გვპირდება, რომ თავისი ტიტულების დაცვას რიო-დე-ჟანეიროში ეცდება.

* * *
ტრადიციულად, მძლეოსნობის ტურნირი მარათონელებმა დაასრულეს. გუშინდელი გარბენის ერთ-ერთი უცნაურობა ის იყო, რომ მასში მონაწილეობას იღებდა სპორტსმენი, რომელიც არცერთ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს არ წარმოადგენდა.

28 წლის გუორ მარიალი სამხრეთ სუდანის წარმომადგენელია. ამ ქვეყანამ გასული წლის ივლისში მიიღო დამოუკიდებლობა და თავისი ოლიმპიური კომიტეტი არ გააჩნია. მარიალი 10 წლის წინ გაიქცა დევნილთა ბანაკიდან და ქვეყანა დატოვა. სამოქალაქო ომში მისი ოჯახის 28 (!) წევრი დაიღუპა.

მარათონის მეორე უცნაურობა ის იყო, ოქრო ვერ მოიპოვეს კენიელებმა. ამ გუნდის ლიდერი, წელს ლონდონის მარათონის გამარჯვებული უილსონ კიპროტიჩი 13 წამით დაშორდა ძირითად ჯგუფს და ლიდერი გახდა, მაგრამ შემდეგ ტემპი აერია.

ფინიშამდე 25 კილომეტრით მისი უპირატესობა შვიდ წამამდე დავიდა, კიდევ ხუთი კილომეტრის შემდეგ კი მას მხარში ამოუდგნენ თანამემამულე კიპრუი და უგანდელი მოგვარე სტივენ კიპროტიჩი, რომელსაც აქამდე მნიშვნელოვანი არაფერი ჰქონდა მოგებული.

უგანდელმა წარმატებული იერიში წამოიწყო და მე-40 კილომეტრზე 19 წამს უგებდა სახელოვან კონკურენტებს. მან დამაჯერებლად მოიგო ოქრო და ეს უგანდასთვის პირველი მედალია ბოლოს 14 წლის განმავლობაში.

კაცები

50 კმ სიარული
1. სერგეი კირდიაპკინი (რუს) 3:35:59 (ო.რ.)
2. ჯარედ ტალენტი (ავსტრა) 3:36:53
3. ტიანფენ სი (ჩინ) 3:37:16
4. რობერტ ჰეფერნანი (ირლ) 3:37:54
5. იგორ ეროხინი (რუს) 3:37:54
6. სერგეი ბაკულინი (რუს) 3:38:55

შუბის ტყორცნა

1. კეშორნ უოლკოტი (ტრი) 84.58
2. ალექსანდრ პიატნიცა (უკრ) 84.51
3. ანტი რუუსკანენი (ფინ) 84.12
4. ვიტეჟსლავ ვესელი (ჩეხ) 83.34
5. ტერო პიტკამიანი (ფინ) 82.80
6. ანდრეას ტორკილდსენი (ნორ) 82.63

5000 მ
1. მოჰამედ ფარა (ბრიტ) 13:41.66
2. დეიენ გებრემესკელი (ეთი) 13:41.98
3. ტომას ლონგოსივა (კენ) 13:42.36
4. ბერნარდ ლაგატი (აშშ) 13:42.99
5. ისაია კოეჩი (კენ) 13:43.83
6. აბდალაატი იგუიდერი (მარ) 13:44.19

4X100 მ
1. იამაიკა 36.84 (მს. რ.)
(ნ. კარტერი, მ. ფრეიტერი, ი. ბლეიკი, უ. ბოლტი)
2. აშშ 37.04
(ტ. კიმონსი, ჯ. გეტლინი, ტ. გაი, რ. ბეილი)
3. ტრინიდადი 38.12
(კ. ბლედმანი, მ. ბერნსი, ე. კალენდერი, რ. ტომპსონი)
4. საფრანგეთი 38.16
5. იაპონია 38.35
6. ჰოლანდია 38.39
7. ავსტრალია 38.43
8. კანადა დისკვ.

მარათონი
1. სტეფან კიპროტიჩი (უგა) 2:08:01
2. აბელ კირუი (კენ) 2:08:27
3. უილსონ კიპროტიჩი (კენ) 2:09:37
4. მებრატომ კეფლეზიგი (აშშ) 2:11:06
5. მარილსონ დუშ სანტუში (ბრა) 2:11:10
6. კენტარო ნაკამოტო (იაპ) 2:11:16

ქალები
20 კმ სიარული
1. ელენა ლაშმანოვა (რუს) 1:25:02 (მს. რ.)
2. ოლგა კანისკინა (რუს) 1:25:09
3. შენჯი კიეიანი (ჩინ) 1:25:16
4. ჰონ ლიუ (ჩინ) 1:26:00
5. ალისა კირდიაპკინა (რუს) 1:26:26
6. სიუჟი ლუ (ჩინ) 1:27:10

სიმაღლეზე ხტომა
1. ანა ჩიჩეროვა (რუს) 2.05
2. ბრიგეტა ბარეტი (აშშ) 2.03
3. სვეტლანა შკოლინა (რუს) 2.03
4. რუტ ბეიტია (ესპ) 2.00
5. ტია ელებო (ბელ) 1.97
6. ჩაუნტ ლოუ (აშშ) 1.97

800 მ
1. მარია სავინოვა (რუს) 1:56.19
2. კასტერ სემენია (ს. აფრ) 1:57.23
3. ეკატერინა პოისტოგოვა (რუს) 1:57.53
4. პამელა ჯელიმო (კენ) 1:57.59
5. ალისია ჯონსონი (აშშ) 1:57.93
6. ელენა არჟაკოვა (რუს) 1:59.21

4X400 მ
1. აშშ 3:16.87
(დ. ტროტერი, ე. ფელიქსი, ფ. მაკორორი, ს. რიჩარდსი)
2. რუსეთი 3:20.23
(ი. გუშჩინა, ა. კრივოშაპკა, ტ. ფიროვა, ნ. ატიუხი)
3. იამაიკა 3:20.95
(კ. დეი, რ. უაიტი, ს. უილიამსი, ნ. უილიამს-მილსი)
4. უკრაინა 3:23.57
5. ბრიტანეთი 3:24.76
6. საფრანგეთი 3:25.92

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული