გუშინ საქართველო საქმიანი ვიზიტით ეწვია ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, შვეიცარიელი ჰანს იორგ ვირცი, ამავე ორგანიზაციის ფინანსურ დირექტორთან, ჩეხეთის მძლეოსნობის ფედერაციის თავკაც კარელ პილნისთან ერთად. მათი ჩამოსვლა თბილისში 2015 წელს კონტინენტის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კამპანიას უკავშირდება. ისინი საქართველოს დედაქალაქში სპორტულ ბაზებს მოინახულებენ, ეწვევიან ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონს, დიდუბის მძლეოსნობის მანეჟს, საქმიანი შეხვედრები ექნებათ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში.
გუშინვე, საპატიო სტუმრების საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის ახალ ოფისს ეწვივნენ, სადაც ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, მწვრთნელებსა და მასმედიის წარმომადგენლებს ესაუბრნენ.
ჰანს
იორგ ვირცი: "მოხარული ვარ, რომ თბილისში ვიმყოფები ჩემს ქართველ კოლეგებთან, თანაც ახალ ოფისში. ასეთ გარემოში მუშაობა სასიამოვნოა. კარგად ვიცი ქართველი მძლეოსნების მიღწევები ოლიმპიურ თამაშებსა და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო შეჯიბრებებში, თუმცა მსმენია აქაური პრობლემების თაობაზეც, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. გასაკრიტიკებლად არ ჩამოვსულვარ, ჩვენი მიზანია, დაგეხმაროთ, პრობლემები ერთად მოვაგვაროთ, საინტერესო შეჯიბრებები ჩავატაროთ... მარტო ჩვენ ვერაფერს გავხდებით, სხვებიც უნდა დაგვიდგნენ გვერდით, რადგან მძლეოსნობა ყველას სჭირდება, მძლეოსნობა ყველა სახეობისთვის საფუძველთა საფუძველია".
თამაზ მდინარაძე, საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი: "ჩვენთვის დიდი პატივია ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის მესაჭის სტუმრობა. მის სიტყვაზე ბევრად იქნება დამოკიდებული, თბილისი 2015 წელს ახალგაზრდულ ფესტივალს უმასპინძლებს თუ არა. ამ ორგანიზაციაში საქართველოს პატივს სცემენ, რადგან იციან, რომ 11 ოლიმპიური მედლის მფლობელები ვართ და ოლიმპიურ მოძრაობაში დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება, დაგვეხმარებიან და 2015 წლის ფესტივალის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად თანადგომასაც აღმოგვიჩენენ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"