რა მდგომარეობაშია ჩვენთან "სპორტის დედოფალი"?

AutoSharing Option
მსოფლიოში, ალბათ, იშვიათად მოიძებნება მოსახლეობით საქართველოს მსგავსი მცირერიცხოვანი ქვეყანა, რომელსაც ოლიმპიურ თამაშებზე მძლეოსნობის სხვადასხვა პროგრამაში 11 მედალი ჰქონდეს მოხვეჭილი, თავად განსაჯეთ: ვიქტორ სანეევის სამი ოქრო და ერთი ვერცხლი სამხტომში, რობერტ შავლაყაძის ოქრო სიმაღლეზე ხტომაში, ნადეჟდა ხნიკინა-დვალიშვილის ორი ბრინჯაო სიგრძეზე ხტომასა და 200 მეტრზე რბენაში, ნინო დუმბაძის ბრინჯაო ბადროს ტყორცნაში, საიდა გუმბას ვერცხლი შუბის ტყორცნაში. ლევან სანაძის ვერცხლი და მაია აზარაშვილის ბრინჯაო 4X100 მეტრზე ამანათრბენში.

ცხადია, ამგვარი წარმატებები საამაყოც არის და პასუხსაგებიც. წარსულის ფონზე დღეს რა მდგომარეობაშია ჩვენთან "სპორტის დედოფალი"?

სუბიექტური
თუ ობიექტური მიზეზებით, საერთაშორისო სარბიელზე მონაგარმა საგრძნობლად იკლო, თუმცა ბოლო დროს ისევ იგრძნობა გამოცოცხლება. მაგალითად, წლეულს საქართველოში შვიდი დიდი ღონისძიება მოეწყო, თითოეულში საშუალოდ 250-300 გოგონა და ვაჟი ასპარეზობდა. ზოგიერთ სახეობაში შედეგები შესამჩნევად ამაღლდა. ორი ოლიმპიადის მონაწილე მარიამ ქევხიშვილმა ოკეანის გაღმა ბირთვის კვრაში 9 ტურნირი მოიგო, მათ შორის - ამერიკის უნივერსიადა, დახურული დარბაზებისთვის საქართველოს რეკორდი ორჯერ გააუმჯობესა. ევროპის მე-3 ლიგის გუნდურ ჩემპიონატზე ჩვენმა მძლეოსნებმა შარშან მხოლოდ ერთი ოქროს მედალი მოიპოვეს, 2010 წელს კი მალტაში მსგავსი შეჯიბრების კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მარიამ ქევხიშვილი (ბირთვის კვრა), დავით ილარიანი (110 მ. თარჯრბენი) და ენდრიკ ზილბერშტეინი (400 მ) ავიდნენ. ილარიანმა უკრაინის ჩემპიონობასაც გამოჰკრა ხელი. ქევხიშვილმა ევროპის პირად ჩემპიონატში (ბარსელონა) მე-10 ადგილი დაიკავა. წლევანდელი მონაცემებით იგი მსოფლიო რეიტინგშიც მეათეა. ახალგაზრდა მძლეოსანმა ბაჩანა ხორავამ მოსკოვის საერთაშორისო ტურნირში, სადაც 17 ქვეყნის წარმომადგენლები გამოდიოდნენ, 400 მეტრზე რბენაში ყველას აჯობა.

განვლილ სეზონში მძლეოსნებს წარმატებებთან ერთად ნაკლი და ხარვეზებიც საკმაოდ ჰქონდათ. კერძოდ, ზოგიერთ სახეობაში მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და შედეგებიც გაუარესდა. განსაკუთრებით ეს სპრინტერულ დისტანციებზე რბენასა და ტყორცნებს ეხება, რაც ინფრასტრუქტურის გაღარიბებამ გამოიწვია. არის სხვა პრობლემებიც, სამომავლო მიზნებიც, რის შესახებაც საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ მდინარაძე და გენერალური მდივანი, ოლიმპიური პრიზიორი მაია აზარაშვილი გვესაუბრებიან.

თამაზ მდინარაძე: "დიდად გავიხარეთ, 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის უფლება თბილისს რომ ერგო. ეს პატივი მძლეოსნობის ფედერაციის პასუხისმგებლობასაც ერთ ორად ამაღლებს, რადგან იმ შეჯიბრებაში ყველაზე მეტი მონაწილე სწორედ ჩვენს სახეობას ეყოლება. ამიტომ ფესტივალს განსაკუთრებულად მომზადებული უნდა შევხვდეთ. საამისოდ სახელმწიფოს დახმარებით უამრავი პრობლემის მოგვარება მოგვიწევს, რომლებიც დღესაც ხელს უშლის ჩვენს ორგანიზაციას. უპირველესად ბაზების მდგომარეობა გვაწუხებს როგორც დედაქალაქში, ისე პერიფერიებში.

აქედანვე უნდა დავიწყოთ იმ მოზარდების მომზადება, რომლებიც 2015 წელს ოლიმპიურ ფესტივალზე სათანადო წინააღმდეგობას გაუწევენ უცხოელ თანატოლებს. მსგავს შეჯიბრებებში ასპარეზობის კარგი გამოცდილება გვაქვს. 21-ე საუკუნის დასაწყისში ორი მედალიც მოვიპოვეთ. 2001 წელს ლისაბონში ზურაბ გიგაიას ბირთვის კვრაში ბრინჯაო ერგო, 2003 წელს კი პარიზში მამუკა ტუღუშმა ამავე სახეობაში ოქრო დაიმსახურა. სამწუხაროდ, ბაზებისა და სათანადო პირობების უქონლობამ ისეთი ნიჭიერი ათლეტი, როგორიც ტუღუშია, სპორტს საერთოდ ჩამოაშორა. რა ქნას, ოჯახი ჰყავს სარჩენი. არადა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებები მას აწი უნდა მოეტანა".

მაია აზარაშვილი: "მსგავსი ფაქტები რომ არ განმეორდეს, მეტი უნდა ვიზრუნოთ დამატებითი სახსრების მოსაძიებლად, საერთაშორისო კონტაქტების გასაღრმავებლად. ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადავდგით. 2009 წელს ევროპის მძლეოსნობის ფედერაციის წარმომადგენლობითი კომისიის წევრად ამირჩიეს, რომელსაც თვით ფედერაციის პრეზიდენტი ჰანსიორგ ვირცი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში არიან საყოველთაოდ ცნობილი ადამიანები: უკრაინელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვალერი ბორზოვი, რუმინელი ოლიმპიური ჩემპიონი გაბრიელა საბო, პოლონელი შვიდგზის ოლიმპიური ჩემპიონი ირინა შევინსკა, საფრანგეთის მძლეოსნობის ფედერაციის გენერალური დირექტორი ჯონ გარსია და სხვები. მე ამ კომისიაში ამიერკავკასიის წარმომადგენელი ვარ. ვსწავლობთ პრობლემურ საკითხებს და ფედერაციას წარვუდგენთ ყრილობებზე განსახილველად, რათა მათი მოგვარების გზები დაისახოს.

შარშან კომისიის სხდომაზე საქართველოს მძლეოსნობის პრობლემებზე რომ ვილაპარაკე, ფრანგმა კოლეგებმა დახმარება აღგვითქვეს. შევიმუშავეთ ხელშეკრულების პროექტი და კომისიის წლევანდელ სხდომაზე შევაჯერეთ. ხელმოწერის ცერემონიალი გაისად 25 იანვარს თბილისში გაიმართება. საფრანგეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ბერნარდ ამსალენი და ჯონ გარსია გვეწვევიან ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად. ეს ოთხწლიანი უანგარო თანადგომის პროგრამა 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალისთვის მოსამზადებლადაც დაგვეხმარება. იმ შეჯიბრებაზე 1999-2000 წლებში დაბადებული გოგო-ბიჭები იასპარეზებენ. ამ ასაკის მოზარდთა უმრავლესობა, შესაძლოა, დღეს სპორტში არც იყოს ჩაბმული, ამიტომ გადავწყვიტეთ, გაისად მაისში მსოფლიო მძლეოსნობის დღე ფართო მასშტაბით ჩავატაროთ და იქ შევარჩიოთ პერსპექტიული მოზარდები, რომლებსაც სხვადასხვა სახეობაში მოსამზადებლად ცნობილ სპეციალისტებს მივამაგრებთ. კონკურენტუნარიანი მძლეოსნები უნდა გავზარდოთ, რომ გულშემატივრებს სტადიონზე მოსვლის და ქომაგობის მოტივაცია ჰქონდეთ".

- სტადიონი ახსენეთ. ჩვენი ეროვნული სარბიელი რამდენად აკმაყოფილებს მნიშვნელოვანი შეჯიბრების ჩასატარებლად აუცილებელ ნორმებს?
თ.მ: "შესანიშნავი სტადიონი გვაქვს, ევროპაში ერთ-ერთი ულამაზესი. ფეხბურთისთვის ზედგამოჭრილია, მაგრამ მძლეოსნებისთვის აქ მინიმალური პირობების შესაქმნელად ბევრი რამის დამატება მოგვიწევს. დავიწყოთ, თუნდაც გასახდელებით. შეჯიბრებისას ისინი ერთდროულად 1000-მდე სპორტსმენს მაინც უნდა მოემსახუროს. დღევანდელი მდგომარეობით ამგვარი გამტარუნარიანობა შეუძლებელია. ახლა არენაზე გადავინაცვლოთ: თითქოს ურიგო სარბენი ბილიკები და მძლეოსნური სექტორები არ გვაქვს, მაგრამ ხუთი წლის შემდეგ ისინი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაფერისი?"

მ.ა: "პირდაპირ გეტყვით, რომ - არა. აუცილებლად მოგვიწევს ახალი სარბენი ბილიკების დაგება, სექტორების კეთილმოწყობა, ელექტროტაბლოებისა და ფოტოფინიშის დამონტაჟება. მართალია, შარშან 154 ათასი დოლარის ღირებულების უახლესი ინვენტარი შევიძინეთ, მაგრამ ხუთ წელიწადში ისინი მოძველდება. რასაც ვამბობთ, წუწუნში ნურავინ ჩამოგვართმევს. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. თუმცა, დღევანდელ სიტუაციას თუ გავითვალისწინებთ, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფოს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანადგომით ყველა პრობლემას მოვაგვარებთ. აკი, სპორტის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოში მძლეოსნობა პრიორიტეტული უნდა გახდესო. თბილისმა კონკურენციას გაუძლო და ფესტივალის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. ეს დიდი გამარჯვებაა. ჩვენ ვიცით მისი ფასი და ეს გრანდიოზული ღონისძიება მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთ, რადგან მასზე ბევრადაა დამოკიდებული ქართული სპორტის მომავალი - მოტივაციაც და პრეტენზიაც გვექნება, უფრო მასშტაბურ შეჯიბრებებს ვუმასპინძლოთ."

- მოდით, ისევ ლოკალურ პრობლემებს შევეხოთ: ზამთარში ჩვენს სპორტსმენებს, ფაქტობრივად, სავარჯიშო არსად აქვთ.
თ.მ: "უბედურება ის არის, რომ მძლეოსნებს პერიფერიებში ზაფხულობითაც არ გვაქვს ელემენტარული სავარჯიშო პირობები. თქვენს გაზეთში ამის თაობაზე არაერთხელ დაიწერა, ამიტომ ამ თემაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ".

მ.ა: "მწვავე პრობლემად რჩება დიდუბის მანეჟის გათბობა, განათება და იქ ელემენტარული სანიტარული პირობების შექმნა. ყოველივეს მიუხედავად, ჩვენი სპორტსმენები იმ გაყინულ დარბაზში ემზადებიან, თუ ამას მომზადება ჰქვია. იქ შეჯიბრებებს ვერ ჩავატარებთ, რადგან მოსახვევები, ანუ ეგრეთ წოდებული ვირაჟები თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება. სამაგიეროდ, ხშირად ეწყობა ძაღლების გამოფენა. ეს კი იმავე სარბიელზე მოვარჯიშე ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

მიხარია, როცა ვიგებ, რომ ამა თუ იმ ქალაქში, სოფელში ახალი ფეხბურთის მოედანი ან ჭიდაობის დარბაზი გაიხსნაო. გულდასაწყვეტია, რომ მძლეოსნობისთვის არსად არაფერი კეთდება. არადა, "სპორტის დედოფალი" ყველა სახეობის საფუძველთა საფუძველია".

- მახსოვს ერთხელ მძლეოსნური კლუბების შექმნაზეც ილაპარაკეთ.
მ.ა: "დიახ, დიდი სურვილი გვაქვს, მძლეოსნური კლუბები ჩამოვაყალიბოთ. მსოფლიოში ვერ გეტყვით, მაგრამ ევროპაში ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ამგვარი კლუბები არ არსებობს. კლუბური სისტემის დანერგვა ერთი-ორად გაზრდიდა ქართველ მძლეოსანთა წარმატებებს საერთაშორისო სარბიელზე. ვფიქრობთ, გამოჩნდებიან სპონსორი ორგანიზაციები, რომელთა მიერ გაღებული სახსრები, უპირველესად, მომავალი თაობის აღზრდასა და გაჯანსაღებას მოხმარდება. ამ საქმეში ევროპისა და საფრანგეთის მძლეოსნობის ფედერაციების დახმარებისა და თანადგომის იმედიც გვაქვს".

- სამომავლო გეგმებზე რას იტყვით?
თ.მ: "დეკემბრის მიწურულს ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა გვაქვს, სადაც განვლილ ოთხწლიან პერიოდს შევაჯამებთ და სამომავლო გეგმებზეც უფრო კონკრეტულად იქ ვიმსჯელებთ. მანამდე კი ის შემიძლია გითხრათ, რომ ორი სპორტსმენი - გიგლა ზილბერტშეინი და გაიანე უსტიანი - პორტუგალიაში გაემგზავრა 12 დეკემბერს კროსში ევროპის ჩემპიონატში საასპარეზოდ. 18-19 დეკემბერს კი ბაქოს საერთაშორისო ტურნირზე ახალგაზრდა მძლეოსნები - სალომე სირაძე, სოფი ჩალაშვილი, გიორგი აზარაშვილი და გიგა ჭიკაძე სამჭიდში (60 მ, 400 მ. სიგრძეზე ხტომა) იბრძოლებენ საპრიზო ადგილებისთვის.

ასე რომ, სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს: კონტაქტები - გასაღრმავებელი, გეგმები - დასახვეწი და, იმედია, მომავალში ჩანაფიქრის განხორციელებაც არ გაგვიჭირდება".


ინფორმაცია თემაში
საქართველოს და საფრანგეთის მძლეოსნობის ფედერაციებს შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მძლეოსნობის განვითარებას ადმინისტრაციული, ტექნიკური, სპორტული, ჯანმრთელობისა და მასობრივი ღონისძიებების კონკრეტული პროექტების განხორციელების გზით 2011 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე.

ორივე ფედერაცია ყოველწლიურად განახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამას მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის. შეიმუშავებს ორივე ქვეყნის სპორტსმენების საქართველოს ან საფრანგეთის ძირითად შეჯიბრებებში მონაწილეობის წლიურ პროგრამას, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საქართველო საფრანგეთის საწვრთნელ ბაზებზე ყოველწლიურად მიავლენს რამდენიმე მწვრთნელსა და სპორტსმენს, ცალკე შემუშავდება ჯანმრთელობისა და მასობრივი ღონისძიებების პროგრამა.

საფრანგეთის მძლეოსნობის ფედერაცია თავის ბიუჯეტიდან, შესაძლებლობის ფარგლებში, საქართველოსთვის ყოველწლიურად ფინანსურ ან მატერიალურ დახმარებას გამოყოფს.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული