კიდევ სად ცივა ასე მანეჟში

AutoSharing Option
დიდუბის მანეჟში 1994-1997 წლებში დაბადებულ მძლეოსანთა თბილისის პირველობაში მასპინძლებთან ერთად ბორჯომელებმა და გორელებმაც იასპარეზეს. სულ მედლებისთვის 200-მდე გოგო-ბიჭმა იბრძოლა. ორგანიზატორთა აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ წლეულს ეს პირველი შეჯიბრება იყო, მოზარდებს ურიგო შედეგები არ უჩვენებიათ. თანაც გაყინულ დარბაზში.

განსაკუთრებით გამოიჩინა თავი გიორგი აზარაშვილმა - სეულის ოლიმპიური თამაშების პრიზიორის მაია აზარაშვილის ძმისშვილმა, რომელმაც ერთი თვის წინათ ბაქოს საერთაშორისო ტურნირზეც იყოჩაღა სამჭიდში. თბილისის პირველობაზე კი სამი პირველი ადგილი დაიკავა. ასევე წარმატებით იასპარეზა სოფი ჩალაშვილმა, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქში მეორე იყო - მცირედით ჩამორჩა თანაგუნდელ
სალომე სირაძეს.


კვარცხლბეკი
გოგონები. 60 მ. 1. ნესტან დათუნაშვილი (8,3), 2. ნინო ზიმზიბაძე (8,6), 3. სალომე ხაჟომია (8,7); 60 მ/თ. 1. ნესტან დათუნაშვილი (10,8), 2. სალომე ჩაბაკაური (10,8), 3. თამრიკო შამოევა (11,6); 150 მ. 1. სოფი ჩალაშვილი (20,2), 2. მარიამ ბედუკაძე (21,1), 3. ნესტან დათუნაშვილი (21,3); 300 მ. 1. სოფი ჩალაშვილი (45,2), 2. მარიამ ბედუკაძე (45,7), 3 ანა ვახტანგაძე (45,8); 600 მ. 1. თინათინ პაპუაშვილი (ბორჯომი, 1.43,6), 2. ანა ვახტანგაძე (1.52,8), 3. თამრიკო შამოევი (1.54,4); 1000 მ. 1. თინათინ პაპუაშვილი (ბორჯომი, 3.12,4), 2. თამრიკო შამოევა (3.47,4), 3. მარი ჩხენკელი (4.11,2); სიგრძე. 1. ნესტან დათუნაშვილი (4.47), 2. სალომე ჩაბაკაური (4.30), 3. თამუნა კურატიშვილი (4.11); სიმაღლე. 1. მარიამ ოდოშაშვილი (105 მ), 2. გულიკო როსტიაშვილი (100).

ბიჭები. 60 მ. 1. გიორგი აზარაშვილი (7,2), 2. გიგა ქიქაძე (7,3), 3. ვაჟა უთურაშვილი (7,4); 60 მ/თ. 1. ჯიმი მურადოვი (10,4); 150 მ. 1. გიორგი აზარაშვილი (17,7), 2. თემურ აზრუმელაშვილი (18,4), 3. გიგა ბერძენიშვილი (18,8); 300 მ. 1. გიორგი აზარაშვილი (39,2), 2. თემურ აზრუმელაშვილი (40,2), 3. გიგა ბერძენიშვილი (41,3); 600 მ. 1. არმენ სტეფანიანი (ბორჯომი, 1.31,9), 2. ჯიმი მურადოვი (1.41,2), 3. ზურა ისოიანი (1.42,1); 1000 მ. 1. არმენ სტეფანიანი (ბორჯომი, 2.49,6), 2. ირაკლი მწითურიძე (3.22,6), 3. სანდრო ღამბაშიძე (3.26,6); სიგრძე. 1. თემურ აზრუმელაშვილი (5.55), 2. გივი ბერძენიშვილი (5.40), 3. ვაჟა უთიაშვილი (5.00); ბირთვი. 1. თორნიკე სვანიძე (12.25), 2. ბაჩა სამხარაძე (10.70), 3. კოტე კვესიტაძე (9.49).

ახალგაზრდა მძლეოსანთა შეჯიბრებას ესწრებოდა ფედერაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი, რომელმაც შთაბეჭდილებები გაგვიზიარა:

- გაოცებული ვარ, რომ ასეთ პირობებში ამდენი ბავშვი მოვიდა საასპარეზოდ. აქ ხომ ელემენტარული პირობებიც არ არის როგორც შეჯიბრების, ისე ვარჯიშების ჩასატარებლად.

დარწმუნებული ვარ, მოზარდებს ოდნავ მაინც რომ გავუუმჯობესოთ პირობები, მონაწილეთა რაოდენობაც და შედეგებიც საგრძნობლად გაიზრდება.

მინდა გითხრათ, რომ უკვე დავუკვეთეთ მანეჟის სარეკონსტრუქციო საპროექტო სამუშაოები. 18 თვის განმავლობაში აქ ყველაფერი მწყობრში უნდა იყოს იმის გათვალისწინებით, რომ ახლოვდება ლონდონის ოლიმპიური თამაშები და თბილისის 2015 წლის ოლიმპიურ ფესტივალამდე არც ისე შორია. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მომავალი წლის ზამთრისთვის დარბაზი გავათბოთ და სარბენი ბილიკები დავაგოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ორი დღეა ამ გოგო-ბიჭებს ვუყურებ და გული სიხარულით მევსება - არავითარი წუწუნი, ნამდვილი პროფესიონალებივით აკეთებენ თავის საქმეს და ჩვენ უფლება არ გვაქვს, მათი თავდადება და შემართება არ დავაფასოთ. უფროსები ოდნავ მეტად თუ გავირჯებით, კვლავაც გვეყოლებიან დუმბაძეები, შავლაყაძეები, აზარაშვილები...

- რეგიონებზე რას იტყვით?
- იქ უფრო რთულადაა საქმე. თუმცა ერთგვარი წინსვლა იქაც იგრძნობა. მაგალითად, ბათუმის მშენებარე სტადიონზე ჩვენი მოთხოვნით კორექტივები შეიტანეს - იქ გაკეთდება თანამედროვე სარბენი ბილიკები და მძლეოსნური სექტორები. ქუთაისის სტადიონის მესვეურებთან სულ მალე მოლაპარაკებას გავმართავთ, რათა, ეროვნული სტადიონის მსგასად, იქაც საჭიროებისამებრ შეგვეძლოს შეჯიბრების ჩატარება. დანარჩენი კი მერე ვნახოთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული