წლის მიწურულისთვის საქართველოს და საფრანგეთის მძლეოსნობის ფედერაციებს შორის მომზადდა 4-წლიანი ხელშეკრულება, რომელსაც გუშინ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ხელი მოაწერეს ორივე ქვეყნის ფედერაციების პრეზიდენტებმა - ალექსი ახვლედიანმა და ბერნარდ ამსალემმა. ხელშეკრულების ძირითადი მიზანია, დაეხმაროს მძლეოსნობის განვითარებას საქართველოში ადმინისტრაციული, ტექნიკური სპორტული, ჯანმრთელობისა და მასობრივი
საფრანგეთის მძლეოსნობის ფედერაცის ექსპერტების ანალიზის საფუძველზე შემუშავდება საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის სტრუქტურის ჩამოყალიბების სანიმუშო გეგმა, შეიქმნება საგანმანათლებლო პროგრამა. ხელშეკრულების თანახმად, საფრანგეთის მძლეოსნობის ფედერაცია საკუთარი ბიუჯეტიდან ქართველ კოლეგებს ყოველწლიურად (2011 წლის იანვრიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით) ფინანსურ ან მატერიალური დახმარებას გაუწევს.
ორივე ქვეყნის ფედერაციების პრეზიდენტები და გენერალური მდივნები ხელშეკრულების გაფორმებამდე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილს შეხვდნენ, რომელმაც მოიწონა ქართველ და ფრანგ მძლეოსანთა ინიციატივა და ამასთან დაკავშირებით შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარა:
"საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციამ ახლახან ახალი პრეზიდენტი აირჩია და სპორტის ამ სახეობის განვითარების გეგმაც დასახა, რასაც, როგორც ხედავთ, მალევე მოჰყვა მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაბიჯი. საფრანგეთის მძლეოსნობის ფედერაციასთან დადებული ოთხწლიანი ხელშეკრულება ჩვენს ათლეტებსა და მათს მწვრთნელებს საშუალებას მისცემს, გამოცდილება შეიძინონ, კვალიფიკაცია აიმაღლონ, საფრანგეთში გასამართ ტურნირებში იასპარეზონ.
როგორც იცით, სპორტის სამინისტროს შექმნის დღიდანვე მიზნად დავისახეთ მძლეოსნობის აღორძინება და განვითარება, მძლეოსნობის ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტების დონეზე კეთილმოწყობა. ვთქვით, რომ ჩვენთან მძლეოსნობა პრიორიტეტი იქნება, რადგან იგი ზოგადად სპორტის აღმავლობას შეუწყობს ხელს. დასახული გეგმის ეტაპობრივი განხორციელებაც დავიწყეთ. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში გვეყოლება მაღალკვალიფიციური მწვრთნელები და ათლეტები, რომლებიც საერთაშორისო სარბიელზე გვასახელებენ. ამ საქმეში ფრანგებთან დადებული ხელშეკრულება დაგვეხმარება".
ალექსი ახვლედიანი: "ეს დოკუმენტი ისტორიულ როლს ითამაშებს ქართული მძლეოსნობის განვითარებაში. ფრანგებთან ოთხწლიანი თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს, მათი გამოცდილება და შესაძლებლობები გამოვიყენოთ. ჩვენი სპორტსმენები სამ-ოთხჯერ ჩავლენ საფრანგეთში, იქ მოემზადებიან, შეჯიბრებებში მიიღებენ მონაწილეობას. ამგვარი ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება იმ მოზარდებისთვის, რომლებმაც თბილისში 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალში უნდა იასპარეზონ. მადლობა ფრანგ კოლეგებს, რომლებმაც გულისხმიერება გამოიჩინეს და მზად არიან, დახმარების ხელი გამოგვიწოდონ".
ბერნარდ ამსალემი: "საქართველოში პირველად ვარ. სულ დღე-ნახევარია, თქვენს დედაქალაქში ვიმყოფები, მაგრამ ამ მცირე დროის განმავლობაში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დავიტვირთე. გამაოცა ქართველთა კულტურამ, არქიტექტურამ... ერთი სიტყვით, ისე მოვიხიბლეთ, რომ სურვილი გაგვიჩნდა, უფრო გრძელვადიანი ვიზიტით გეწვიოთ.
ქართველ მძლეოსანთა უწინდელ წარმატებებზე, ცხადია, მსმენია. გამიგონია რობერტ შავლაყაძის, ვიქტორ სანეევის, მაია აზარაშვილის სახელები. თუმცა ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს. ახლა, ვიცი, რომ თქვენთან, ისევე, როგორც სომხეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში მძლეოსნებს არ ულხინთ, ამიტომ გადაწყვიტა ჩვენმა ფედერაციამ მათი დახმარება. ცხადია, მეგობრულმა კონტაქტებმაც გადაგვადგმევინა ეს ნაბიჯი და ქართველ კოლეგებს ქალბატონ მაია აზარაშვილის მეშვეობით დავუკავშირდით. 4-წლიანი ხელშეკრულების თანახმად, დახმარება საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება. დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობა ფრანგი ათლეტების წინსვლასაც შეუწყობს ხელს. ჩვენი მიზანია, ევროპის მასშტაბით მძლეოსნობის დონე ავამაღლოთ და საამისოდ არაფერს დავიშურებთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"