"სპორტის დედოფალს" შესაფერისი ზამთრის სასახლე ექნება

AutoSharing Option
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მძლეოსნობა საქართველოში პრიორიტეტული სახეობა უნდა გახდეს, რადგან ის იყო და რჩება ზოგადად სპორტის საფუძველთა საფუძვლად.

კეთილი ნება მინისტრმა კიდევ ერთხელ გუშინაც დაადასტურა, როცა მოადგილე დავით ნამგალაურთან და მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ ალექსი ახვლედიანთან ერთად დიდუბის დახურულ მანეჟს ეწვია და ამ უნიკალური შენობის სარეაბილიტაციო გეგმებზე ისაუბრა.

"იყო დრო, დიდუბის მანეჟი არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელ კავკასიაში უდიდეს როლს თამაშობდა მძლეოსნობის განვითარებაში, ამიტომაც დავისახეთ მიზნად 18-თვიან ვადაში მისი სრული რეაბილიტაცია, რაც ხელს შეუწყობს
საქართველოში მძლეოსნობის აღორძინება-პოპულარიზაციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მერმა მანეჟი მძლეოსნობის ფედერაციას გადასცა. აქ უკვე დაიწყო აღგენითი სამუშაოები. მომავალი წლის შემოდგომამადე "სპორტის დედოფალს" თანამედროვე სტანდარტების დონეზე აღჭურვილი სასახლე ექნება", - აღნიშნა ლადო ვარძელაშვილმა.

"ჩვენი უპირველესი საზრუნავია ინფრასტრუქტურის მოგვარება. უმისოდ დიდ სპორტსმენებს ვერ გავზრდით. უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებს დიდუბის მანეჟის კეთილმოწყობას, რომ მძლეოსნები ზამთრის პერიოდში სარბიელს მოწყვეტილი არ დარჩნენ. უპირველესად, ცხადია, უშუალოდ სპორტულ დარბაზს გავარემონტებთ, კერძოდ, დამონტაჟდება გათბობის სისტემა, შეიცვლება ვირაჟები, დაიგება ახალი სარბენი ბილიკები, კეთილმოეწყობა სხვა მძლეოსნური სექტორები. სპორტსმენების სამსახურში ჩადგება მანეჟის სასტუმრო, რაც საწვრთნელი შეკრებების ჩატარებასა და სტუმრების მიღება-დაბინავებაში დაგვეხმარება. გარემონტებული დარბაზი მწვრთნელებსა და მათს შეგირდებს საქმეს გაუიოლებს, ვარჯიშის პროცესს საგრძნობლად გააუმჯობესებს, რაც, დარწმუნებული ვარ, შედეგებშიც აისახება", - დასძინა ალექსი ახვლედიანმა.

როგორც ვხედავთ, საქმეს კარგი პირი უჩანს. გვჯერა, რომ იმედიან სტარტს ფინიშიც სასურველი მოჰყვება.



ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილის





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული