"სპორტის დედოფალის" ზამთრის სეზონის ბოლო აკორდი

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ისევ ხალხმრავლობა იყო დიდუბის მანეჟში: 16 ქალაქისა და რაიონის 200-ზე მეტმა მძლეოსანმა საქართველოს ზამთრის ჩემპიონატზე მოიყარა თავი. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა უძლიერესმა მოსინჯა ძალები. მაგალითად, სამხტომსა და სიგრძეზე ხტომაში ობიექტური მიზეზებით არ უასპარეზია ახმეტელ ლაშა ღულელაურს, რომელმაც წლელს ბაქოს და მინსკის ტურნირებზე ისახელა თავი.

სპეციალისტთა ყურადღება განსაკუთრებით ორი ათლეტის შედეგებისკენ იყო მიპყრობილი. როგორც მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსი ახვლედიანმა გვითხრა, პარიზში ევროპის ზამთრის ჩემპიონატზე, რომელიც 4-6 მარტს გაიმართება, სტაიერი ენდრიკ ზილბერშტეინი და ბირთვის მკრელი ბენიკ აბრამიანი გაემგზავრებიან. გუშინ
ზილბერშტეინმა 400 მეტრზე რბენაში 49.32 წამით გაიმარჯვა. ეს არ არის მაღალი შედეგი, მაგრამ ცივ დარბაზში სპორტსმენი ტრავმას მოერიდა.

რაც შეხეება 25 წლის აბრამიანს, მან ბირთვი 18,05-მეტრიან ნიშნულს გადააცილა, სამი კვირის წინათ თბილისის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგი 4 სანტიმეტრით გააუმჯობესა. აბრამიანი 13 წელიწადია, სპორტის ამ სახეობაში ვარჯიშობს ვასილ შმაკოვისა და მისი ყოფილი შეგირდის დავით მანთიძის ხელმძღვანელობით. ბოლო ორი წლის განმავლობაში სპორტსმენი სტაბილურად ასპარეზობს, იმარჯვებს საქართველოს ჩემპიონატებში, შედეგებსაც ნელ-ნელა აუმჯობესებს. მანთიძის თქმით, მოსწავლე-მასწავლებელთა მიზანია 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის საგზურის მოპოვება. საამისოდ მონდომება და შრომისმოყვარება არ აკლიათ. მანამდე აბრამიანი საფრანგეთში ეცდება საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას.

სიმაღლეზე მხტომელი ზურაბ გოგოჭური ამას წინათ ორ ქართველ მძლეოსანთან ერთად მინსკში იმყოფებოდა მოკლევადიან საწვრთნელ შეკრებაზე. იქ ბელარუსის ზამთრის უნივერსიადაზეც იასპარეზა უკონკურსოდ, 205 სანტიმეტრი დაძლია და მესამე ადგილი დაიკავა. საქართველოს ჩემპიონატზე კი ამ შედეგით ოქროს მედალი მოიპოვა. ახლა მისი საზრუნავია, ზაფხულამდე თამასა 218 სანტიმეტრამდე აამაღლოს, რაც საშუალებას მისცემს ივლისში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე (ჩეხეთი) გამოვიდეს და, შესაძლოა, კორეაში პლანეტის უძლიერეს მძლეოსანთა პაექრობაშიც მიიღოს მონაწილეობა.

საქართველოს ამ ჩემპიონატზე სხვებისგან კიდევ ერთი შედეგი გამოირჩა _ 60 მეტრი თარჯებით ორი ოლიმპიადის მონაწილე დავით ილარიანმა 8.06 წამში დაფარა და საგრძნობლად გაუსწრო მეტოქეებს. თუმცა ეს მაჩვენებელი მისთვის სულაც არ არის სანაქებო, რადგან დარბაზში უკეთესი შედეგიც უჩვენებია. უბრალოდ, წლის დასაწყისია და ჯერ ჩვეულ ფორმაში არ არის.

დიდუბის მანეჟში გამართული შეჯიბრება ქართველი ათლეტებისთვის წლეულს დარბაზში ბოლო ასპარეზობა იყო. გამოდარებასთან ერთად ისინი ღია ცის ქვეშ გადაინაცვლებენ და მომდევნო პაექრობებისთვის მოემზადებიან. საქართველოს ნაკრების წევრთა ერთი ნაწილი თურქეთში გაემგზავრება საწვრთნელ შეკრებაზე, სხვები კი დუშეთის ოლიმპიურ ბაზას მიაშურებენ, რაც შეეხება მანეჟს, იქ სარემონტო სამუშაოები დაიწყება.

ახლა კი 2011 წლის საქართველოს ზამთრის ჩემპიონატის გამარჯვებულთა და პრიზიორთა ვინაობას გაუწყებთ:

გოგონები.
60 მ. 1. სალომე სირაძე (ქუთაისი, 8,06), 2. სოფიო მაჭავარიანი (თბილისი, 8,19), 3. ნინო გვიანიძე (აჭარა, 8,46).
60 მ/თ. 1. თეა ფაცურია (ფოთი, 9,36), 2. თამარ ხაჟალია (ქუთაისი, 10,81), 3. თამარ ჯალაღონია (ფოთი, 11,18).
200 მ. 1. თეა ფაცურია (ფოთი, 26,56), 2. სალომე სირაძე (ქუთაისი, 26,72), 3. მაია გოგოლაძე (თბილისი, 27,71).
400 მ. 1. თეა ფაცურია (ფოთი, 1.00,4), 2. მარიამ ბედუკაძე (თბილისი, 1.04,74), 3. თამარ ხაჟალია (ქუთაისი, 1.04,79).
800 მ. 1. გაიანე უსტიანი (ახალციხე, 2.28,51), 2. თამარ შამოევა (თბილისი, 2.42,49), 3. ანა მიროტაძე (ჭიათურა, 2.47,37).
1500 მ. 1. გაიანე უსტიანი (ახალციხე, 5.05,22), 2. გიული დეკანაძე (ვანი, 5.07,71), 3. ანიჩკა მურადიანი (ახალციხე, 5.29,28).
3000 მ. 1. გიული დეკანაძე (ვანი, 10.48,59), 2. თინათინ პაპუაშვილი (ბორჯომი, 11.25,94), 3. ანიჩკა მურადიანი (ახალციხე, 11.55,33).
4X200. 1. თბილისი (1.53,63), 2. ქუთაისი (1.55,67), 3. ახალციხე (2.01,30). სიმაღლე. სოფიო მაჭავარიანი (თბილისი, 140).
სიგრძე. 1. თამარ გელეიშვილი (ქუთაისი, 5,15), 2. მაია გოგოლაძე (თბილისი, 5,06), 3. თათია პაიკიძე (ვანი, 4,90).
სამმაგი. 1. თათია პაიკიძე (ვანი, 11,68), 2. თამარ გელეიშვილი (ქუთაისი, 11,58), 3. ნესტან დათუნაშვილი (თბილისი, 9,72).
ბირთვი. 1. ნათია რიგიშვილი (თიანეთი, 12,53), 2. ნათია ნაჭყებია (ფოთი, 10,30), 3. ხატია ხურცია (ხონი, 9,60).

ვაჟები.
60 მ. 1. ბაჩანა ხორავა (ზუგდიდი, 7,08), 2. სანდრო გაბუნია (თბილისი, 7,18), 3. ლუდვიგ ზილბერშტეინი (ახალციხე, 7,27).
60 მ/თ. 1. დავით ილარიანი (თბილისი, 8,06), 2. თემურ ცირამუა (ჩხოროწყუ 9,53), 3. ლაშა ნუცუბიძე (ქუთაისი, 10,03).
200 მ. 1. ნიკა კარტავცევი (ოზურგეთი, 22,53), 2. ბაჩანა ხორავა (ზუგდიდი, 22,87), 3. დენის ჟვანია (თბილისი, 23,21).
400 მ. 1. ენდრიკ ზილბერშტეინი (ახალციხე, 49,32), 2. ნიკა კარტავცევი (ოზურგეთი, 49,44), 3. დენის ჟვანია (თბილისი, 50,44).
800 მ. 1. ანდრანიკ მატინიანი (ახალციხე, 1.58,60), 2. თენგიზ ღვინჯილია (თბილისი, 1.58,76), 3. დათო ნოზაძე (ბორჯომი, 2.02,13).
1500 მ. 1. ანდრანიკ მატინიანი (ახალციხე, 4.08.33), 2. ჯეირან ხოფერია (ფოთი, 4.09,89), 3. დავით ხარაზიშვილი (თბილისი, 4.12,73).
3000 მ. 1. ჯეირან ხოფერია (ფოთი, 9.01,22), 2. დავით ხარაზიშვილი (თბილისი, 9.33,50), 3. არმენ სტეფანიანი (ბორჯომი, 9.55,88).
4X200 მ. 1. თბილისი (1.33,78), 2. ახალციხე (1.36,46), 3. ზუგდიდი (1.36,99).
სიმაღლე. 1. ზურაბ გოგოჭური (თბილისი, 205), 2. დათო ალხანიშვილი (მარტვილი, 160), 3. ავთო ღონღაძე (ქუთაისი, 160).
სიგრძე. 1. ბოლესლავ სხირტლაძე (თბილისი, 7.08), 2. ვასილ ელანიძე (ახმეტა 6,42), 3. თენგიზ ხუსკივაძე (თბილისი, 6,26).
სამმაგი. 1. ოთარ ხაჭაპურიძე (თბილისი, 14,06), 2. გიორგი რურუა (მარტვილი (13,30), 3. გოგა მაღლაკელიძე (ქუთაისი, 12,67).
ბირთვი. 1. ბენიკ აბრამიანი (18,05), 2. გიორგი ბედოშვილი (ორივე-თბილისი, 16,25), 3. ზურაბ გიგაია (ზუგდიდი, 13,90).


საერთო გუნდური:
I ჯგუფი. 1. თბილისი (329), 2. ქუთაისი (198), 3. ახალციხე (176 ქულა);
II ჯგუფი. 1. ოზურგეთი (124), 2. ჭიათურა (67), 3. აჭარა (66 ქულა).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული