პირველი დღის წარმატება და დანაკლისი

AutoSharing Option
ესპანურ კამბრილსში დაწყებულ მშვილდოსანთა ევროპის ზამთრის პირველობაზე ჩვენებურთაგან ყველაზე უკეთ ხათუნა ნარიმანიძე გაისარჯა. გუშინ გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპზე მას მეხუთე შედეგი აღმოაჩნდა - 577 ქულა. ამდენივე დააგროვა რუსმა ნატალია ერდენიევამაც, მაგრამ ჩვენებურმა გადასროლაში აჯობა.

563 ქულა მოაგროვა ქრისტინე ესებუამ, რაც მე-18 მაჩვენებელი გამოდგა. მას ორი ქულით და ერთი საფეხურით ჩამორჩა ასმათ დიასამიძე. გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები 1701 ქულით მეოთხეზე გავიდა.

ტურნირში 24 მონაწილეა, რის გამოც პირად პირველობაში პლეი ოფი მეთექვსმეტედფინალიდან დაიწყო, ოღონდ რვა საუკეთესო მსროლელი პირველი ეტაპისგან თავისუფალი იყო. მათ შორის
- ნარიმანიძეც, ესებუამ და დიასამიძემ კი, დანარჩენების მსგავსად, პირველ წრეში გუშინვე ისროლეს. სამწუხაროდ, ეს ბარიერი მხოლოდ ესებუამ გადალახა - იტალიელ ელენა ტონეტას სეტებში 6:2 მოუგო. დიასამიძე იმავე ანგარიშით პოლონელ ნატალია ლესნიაკთან დამარცხდა.

პლე ოფის დანარჩენი შეხვედრები დღეს გაიმართება. ნარიმანიძე დანიელ ლოუის ლაურსენს გაეჯიბრება, ესებუას კი კიდევ ერთი იტალიელი ხვდება, ოღონდ პირველზე ბევრად მრისხანე - ბელარუსიდან გათხოვილი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ნატალია ვალეევა. გუნდურ პირველობაში პლეი ოფები ხვალ ჩატარდება, ჩვენები კი პირველ წრეში მეხუთეადგილოსან პოლონელებს ხვდებიან.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული