უსახელოდ დასრულებული დიდი პრიზი

AutoSharing Option
ჩვენი მშვილდოსნები ანთალიაში მიმდინარე ევროპის "დიდი პრიზის" გუნდურ გათამაშებას პირველივე შეხვედრიდან გამოეთიშნენ.

მოგეხსენებათ, თურქეთში ჩვენგან მხოლოდ ქალთა ნაკრები გამოდიოდა, რომელმაც შესარჩევ ეტაპზე საუკეთესო შედეგი - 3795 ქულა აჩვენა. ისინი პლეი ოფის პირველ წრეში ისვენებდნენ, მეორეში კი ბელარუსთა მძლეველ პოლონელებს შეხვდნენ. პოლონელთა გუნდი ევროპაში ერთ-ერთი სოლიდურია, მაგრამ ანთალიაში მათ მხოლოდ მერვე შედეგი ჰქონდათ... თუმცა პლეი ოფი ხომ ნერვების გამოცდაა და ნაღდი ბრძოლებიც აქედან იწყება - ჩვენებმა 210:213 დათმეს.

ამ ორთაბრძოლისთვის ნაკრების ხელმძღვანელობამ საკადრო ცვლილებასაც კი მიმართა - შედარებით გამოუცდელ ლანა ვერულიძეს
ისევ ძველი შემადგენლობის წევრი ასმათ დიასამიძე არჩიეს. პირად პირველობაში 19-ზე გასულმა ვერულიძემ ბევრად აჯობა 49-ადგილოსან დიასამიძეს, მაგრამ, სამაგიეროდ, ამას გუნდურში ბრძოლის შეუდარებლად მეტი გამოცდილება აქვს. თან დიასამიძე გუნდურში ყოველთვის კარგად გამოდის. ეტყობა, მწვრთნელთა არჩევანიც ამან განაპირობა, თუმცა ვერც ამით იხეირეს.

ჯერჯერობით ვერ გეტყვით, ნაკრების გამოსვლაზე რა აზრისაა კორეელი მწვრთნელი ან იონ სეუნი, მაგრამ ჩანს, ნაკრებს მართლაც აუცილებელად სჭირდება ფსიქოლოგი. ადრე ამ დარგის სპეციალისტის მოწვევაზე ინტენსიურად ლაპარაკობდნენ, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვიტეს, ისევ კორეელის მეთოდებს მინდობოდნენ და ამ ეტაპზე მოვლენათა განვითარებას დაელოდნენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ - კორეელის აზრი ჯერ არ ვიცით, მაგრამ საინტერესოა, რომ მაშინ პოლონელი ფსიქოლოგის მოწვევას აპირებდნენ.

პოლონეთის ნაკრებმა არც ჩვენების დამარცხების შემდეგ დაყარა ფარ-ხმალი და გერმანიასაც მოუგო - 212:206. შედეგად დღეს ფინალში რუსებს შეხვდებიან, ბრინჯაო კი გერმანიამ ირგუნა, რომელმაც საამისოდ ბრიტანეთის ნაკრებს 210:205 აჯობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული