მშვილდოსნები წესებს ცვლიან

AutoSharing Option
ამ დილით მშვილდოსან ქალთა ნაკრები ამერიკაში გაემგზავრა, სადაც 3-7 აგვისტოს მსოფლიოს თასის მორიგ ეტაპში იასპარეზებს. გუნდის შემადგენლობა უცვლელია: ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა, ასმათ დიასამიძე, მწვრთნელი - თამაზ ფუტკარაძე.

3 აგვიტოს ოგდენში ოფიციალური ვარჯიშია, მეორე დღეს კი 70-მეტრიან დისტანციაზე საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება. 5-ში პლეი ოფები ჩატარდება პირად პირველობაში ნახევარფინალის ჩათვლით და გაირკვა მედლებისთვის მებრძოლი წყვილები. 6 აგვისტოს პლეი ოფები უკვე გუნდურ ტურნირშია და იქაც მედლებისთვის გადამწყვეტი შეხვედრის მონაწილენი გამოვლინდებიან, ფინალური ბრძოლები კი 7-ში გაიმართება და შეჯიბრებაც დასრულდება.

ამასობაში მშვილდოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ
- (FIთA) ოლიმპიური ლიცენზიების განაწილების ახალი დებულება გამოაქვეყნა, რომელიც ძირეულად განსხვავდება ადრინდელისგან. აქამდე საგზურებს მსოფლიოს ჩემპიონატზე პირად პირველობაში ჯერ 64 ადგილი იძლეოდა, მერე - 44, ახლა კი მთავარი გუნდურ ტურნირში საუკეთესო რვაში მოხვედრაა. მოგეხსენებათ, გუნდში სამი მსროლელია, ანუ ამ გზით გაისად, 2-10 ივლისს ტურინში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატში ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიას 24 მშვილდოსანი მიიღებს. ამას პირად პირველობაში საუკეთესო რვა სპორტსმენიც დაემატება. ოღონდ ამ ოქტეტში არ ჩაითვლებიან გუნდურიდან უკვე ლიცენზირებულები - მოწინავეთა შორის მათი მოხვედრის შემთხვევაში (სავარაუდოდ, ასეთი ბევრი იქნება) ადგილმონაცვლეოების პრინციპი იმოქმედებს, ანუ ისინი საგზურს სხვას დაუთმობენ.

მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ გუნდურ პირველობასთან დაკავშირებითაც ერთი აუცილებელი ნიუანსია. მოგეხსენებათ, ოლიმპიადის მასპინძლებს ავტომატურად ეძლევათ თამაშებში გამოსვლის უფლება და საგზურები არ სჭირდებათ. ამიტომ, თუ იმ რვა მოწინავე გუნდს შორის ბრიტანეთიც მოხვდება (არადა, მათ საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავთ და ეს სავსებით დასაშვებია), მაშინ მე-9 - მე16 ადგილებზე გასული გუნდებისთვის პირად პირველობამდე ჩატარდება საგანგებო ტურნირი, რომლის გამარჯვებულიც გახდება ის მერვე გუნდი, რომლის წევრებიც მიიღებენ ლიცენზიებს.

მოკლედ, მსოფლიოს ჩემპიონატიდან 32-32 მონაწილე უეჭველად შეირჩევა როგორც ქალებში, ასევე - ვაჟებში. საგზურები გაიცემა 2012 წელს გასამართ კონტინენტურ ჩემპიონატებშიც და აქაც ძირითადი გუნდური ტურნირია. ოღონდ უფრო ძლიერი რეგიონული კონფედერაციების - ევროპის, აზიისა და ამერიკის ჩემპიონატებში სამი საუკეთესო ნაკრები მიიღებს, თუმცა გარკვეული რაოდენობა პირად პირველობაშიც გაიცემა, აფრიკისა და ოკეანეთის კონფედერაციებს კი მხოლოდ ორ-ორი კვოტა ეძლევათ. თან მკაცრად ევალებათ გენდერული ბალანსის დაცვა - ერთი ვაჟი და ერთი ქალი! კიდევ ერთი სალიცენზიო შეჯიბრება რომელიმე მსოფლიოს თასი იქნება (ამას საერთაშორისო ფედერაცია მოგვიანებით დაადგენს), სადაც ერთი საუკეთესო გუნდი გაინაღდებს ლონდონში გამოსვლას, თავის წილად კი FIთA სამ `ველურ ბარათს~ იტოვებს. მთლიანობაში ოლიმპიადაზე როგორც ქალთა, ასევე ვაჟთა შორის 64-64 მონაწილე იქნება.
თუმცა FIთA-მ უკვე ლიცენზიამოპოვებულთათვის კიდევ ერთი ბარიერი დააწესა - მათ შემდგომ ტურნირებში რეგულარულად უნდა აჩვენონ 70-მეტრიან დისტანციაზე ქალებმა 600, ვაჟეებმა კი 625 ქულა, ხოლო FIთA-ს რაუნდში ორივემ 1230 ქულა. ამდენად, ლიცენზიის მოპოვება არ ნიშნავს ოლიმპიადაზე მონაწილეობის განაღდებას, მაგრამ საინტერესოა, რა მოხდება, თუ მშვილდოსანმა შეჯიბრებების მხოლოდ ნაწილში აჩვენა ასეთი შედეგი, სხვებში კი - ვერა? შესაძლოა, ეს იმ გუნდებზეა გათვლილი, რომლებსაც ბევრი სპორტსმენი ჰყავთ - სამხრეთ კორეა, ჩინეთი, რუსეთი... საყურადღებოა, რომ საგზური ეძლევა ფედერაციას და არა სპორტსმენს, ანუ შეიძლება ლიცენზიანტის შეცვლა. ამ შემთხვევაში დიდ გუნდებს თამამად შეუძლიათ საკადრო გადაადგილებები, მაგრამ ჩვენნაირ პატარებს ეს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენები ამ ნორმატივებს ასრულებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული