ბიჭები ქართულ მშვილდოსნობაში

AutoSharing Option
სომხეთში, ქალაქ ეჩმიაძინში დაიწყო ევროპის ახალგაზრდული თასის გათამაშება მშვილდოსნობაში. ეს ამ რანგის პირველი შეჯიბრებაა მიმდინარე სეზონში და, სახელწოდების მიუხედავად, არა მხოლოდ ახალგაზრდების, არამედ ჭაბუკებისთვისაცაა განკუთვნილი. საქართველოდან იქ სწორედ ჭაბუკები გამოდიან, ახალგაზრდების გაგზავნა კი უფულობის გამო ვერ მოხერხდა.

ცხადია, ფინანსური პრობლემა ძალიან ცუდია, მაგრამ სასიამოვნოა, რომ ბოლო წლებში პირველად, ქართულ მშვილდოსნობაში აქცენტი არა მანდილოსანთა, არამედ მამაკაცთა გუნდზე გაკეთდა - ეს იმის ნიშნად გვესახება, რომ მათაც მოუმატეს შედეგებს და უახლოეს წლებში მათგანაც უნდა ველოდოთ რიგიან საერთაშორისო გამოსვლებს.

სომხეთში ბიჭების ტურნირში ოთხი ქართველი
ჩაება, რომლებმაც გუშინ საკვალიფიკაციო ეტაპში იასპარეზეს და 34-კაციან ცხრილში ქვედა ნაწილში განლაგდნენ. ჩვენებურთაგან ყველაზე უკეთ თორნიკე რიჟამაძე გამოვიდა, რომელმაც 1232 ქულა დააგროვა და 25-ე ადგილზე გავიდა. მას სულ ცოტათი ჩამორჩა ირაკლი ქვლივიძე - 1230 ქულა და 26-ე ადგილი. ასევე ერთმანეთის მეზობლად - 29-30-ე საფეხურებზე განლაგდნენ ლაშა ფხაკაძე და თორნიკე ელოშვილი - პირველმა 1195 ქულა დააგროვა, მეორემ - 1190.

გოგოებში მხოლოდ ერთი მონაწილე გვყავს, თეონა კუტალაძე, თუმცა ბევრი არც ამ შეჯიბრებაშია - 22 მონაწილე გამოდის, ჩვენებური კი 1318 ქულით მეშვიდეა.

დღეს ეჩმიაძინში პლეი ოფები გაიმართება. კუტალაძე პირველ წრეში ისვენებს, როგორც მისი მომავალი მეტოქე, ფრანგი მადისონ შეპერსი. პირველ წრეში ჩვენი ბიჭებიც ისვენებენ, მეორეში კი რიჟამაძე უკრაინელ ვალენტინ კუცის ხვდება, ფხაკაძე - სლოვენიელ კლემენ სტრაჰარს, ელოშვილი - პოლონელ პაველ მარზეჩს, ქვლივიძე - გერმანელ მაქსიმილიან ვეკმიულერს.

გუნდურ ჩათვლაში ჩვენს ბიჭებს მერვე შედეგი აღმოაჩნდათ და პლეი ოფში ხვალ სომხებს გაეჯიბრებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული