დილით ქალ მშვილდოსანთა ნაკრები ბანგლადეშში გაემგზავრება, სადაც აზიის თასის რიგით მესამე გათამაშებაში გამოვა. ნაკრების კორეელ თავკაც ან იონ სეუნის გადაწყვეტილებით, აზიაში კვლავაც ძველი სამეული წავიდა - ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა, ასმათ დიასამიძე. თავდაპირველი გეგმით, ჩვენები ამ დღეებში არა ბანგლადეშში, არამედ საფრანგეთში უნდა წასულიყვნენ, სადაც ქალაქ ბოეში უკვე დაიწყო ევროპის თასის გათამაშება. გეგმების შეცვლა აზიელთა უფრო სარფიანმა წინადადებამ გამოიწვია - ადგილზე ცხოვრების ხარჯებს საკუთარ თავზე იღებენ, ჩვენებს კი მხოლოდ გზის ფული დარჩათ გადასახდელი.
ჯერ არ ვიცით, როგორი შემადგენლობა შეიკრიბება ბანგლადეშის დედაქალაქ
დაკაში, მაგრამ, წესით, ფრანგულ ტურნირზე უფრო ძლიერი უნდა გამოვიდეს - მშვილდოსნობაში სწორედ აზიური სკოლა ლიდერობს, იქაურები კი საკუთარ შეჯიბრებაზე, ალბათ, უკლებლად გამოვლენ.
ამ შეჯიბრების შემდეგ ჩვენებს მალევე ელოდებათ კიდევ უფრო პრესტიჟული ტურნირი - 6-12 ივნისს ანთალიაში ამჯერად უკვე მსოფლიოს თასი ტარდება, რაც სეზონში ამ რანგის რიგით მეორე ასპარეზობაა. სავარაუდოდ, იქ ქალთა ტურნირში ზემოდასახელებული ტრიო გამოვა, თუმცა კორეელი, სავარაუდოდ, ბევრად უფრო დიდ გუნდსაც წაიყვანს თურქეთში - ამათ ქალებსაც დაამატებს და ვაჟებსაც, რომლებსაც აშკარად მოწყალე თვალით უყურებს.