მეტოქედ კორეა გვერგო

AutoSharing Option
ჩვენმა მშვილდოსნებმა არც ისე წარმატებული სტარტი აიღეს ანთალიაში დაწყებულ მსოფლიოს თასზე. გუშინ შესარჩევ ეტაპში ქართველ ქალთაგან საუკეთესო ხათუნა ნარიმანიძე აღმოჩნდა, რომელმაც 1320 ქულა დააგროვა და 26-ზე გავიდა.

ნარიმანიძემ ყველაზე უკეთ 60-მეტრიან დისტანციაზე ისროლა - 342 ქულით მესამე იყო, სხვებში კი ასე ვერ იყოჩაღა. ჩვენი გუნდიდან მეორე შედეგი არა ნაკრების სტაჟიან წევრებს, არამედ ლანა ვერულიძეს აღმოაჩნდა, თუმცა ამჯერად მისი მაჩვენებელი ბევრად დაბალია, ვიდრე ანთალიაში წინა სტუმრობისას, ევროპის "დიდ პრიზზე" - 1274 ქულა და 69-ე ადგილი. დანარჩენთაგან ასმათ დიასამიძეს კიდევ არა უშავს
- 1266 ქულა და 76-ე ადგილი, აი, ქრისტინე ესებუამ კი ასე ცუდად როდის ისროლა, ვერ ვიხსენებთ - 1239 ქულა და 97-ე მაჩვენებელი 110 მონაწილეს შორის! ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (ოღონდ უკრაინის სახელით) განსაკუთრებით სუსტად მოკლე დისტანციებზე გამოვიდა - 50-იანზე 100-ე იყო, 30-იანზე - 99-ე. აქვე შევნიშნავთ, რომ მას მოკლე მანძილებზე ანთალიაში წინა შეჯიბრებაზეც გაუჭირდა, ევროპის "დიდ პრიზზე", როცა იტალიელთა მოლდოველმა ორგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ნატალია ვალეევამ 6-ქულიანი ჩამორჩენა ლამის ბოლომდე ამოუქაჩა - ჩვენებურმა საბოლოოდ მხოლოდ ქულით გაუსწრო. ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ გეტყვით, რა გახდა ესებუას ან დანარჩენების სუსტი გამოსვლის მიზეზი.

ცხადია, ასეთმა შედეგებმა გუნდურ ასპარეზობაზეც მოახდინა გავლენა - ნარიმანიძის, ვერულიძისა და დიასამიძის საერთო მაჩვენებელი 3860 ქულა აღმოჩნდა, რაც 16-ე შედეგი გამოდგა ანუ პლეი ოფში ბოლო ადგილით შევიდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველივე წრეში შესარჩევის მომგებ კორეელებს დაუპირისპირდებიან. ვერაფერს იტყვი, ძალიან ცუდი პერსპექტივაა.

იმის მიუხედავად, რომ კორეელები თურქეთში გადახალისებული გუნდით ჩავიდნენ, პირადი პირველობა მაინც მათი ტრიუმფით წარიმართა - სამეულში მხოლოდ ისინი არიან, შესარჩევის გამარჯვებული კი მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი ბო ბაე კი გახდა. 1353 ქულით მეხუთეა ჩვენი ამერიკელი თანამემამულე ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი), ხოლო თურქთა ქართველი ნატო ნასარიძე 1300-ით 45-ე ადგილზეა.

ვაჟთა შორის ერთადერთი მონაწილე გვყავდა - ტარიელ ქადიძე. მან 1202 ქულა დააგროვა, რაც 130 მონაწილეს შორის 122-ე შედეგი აღმოჩნდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული